Accessibility links

logo-print

სექსუალური იდენტურობა და სექსუალური კულტურა


”ცხელი შოკოლადის” მიერ მოწყობილი დისკუსია

”ცხელი შოკოლადის” მიერ მოწყობილი დისკუსია

ის, რომ ეგრეთ წოდებული ”სექსუალური კულტურა” საქართველოში დაბალ დონეზეა და რომ სექსუალური იდენტურობა, დიახაც, სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში... ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მიერ მოწყობილ დისკუსიაზეც გამოჩნდა - დისკუსიაზე, რომელიც აპრილში გაიმართა რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. თუმცა რატომ მხოლოდ სცენაზე - კი, ძირითადი მომხსენებლები, მწერლები ლაშა ბუღაძე და ანა სამადაშვილი-კორძაია, ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე და მოდერატორი, პოეტი რატი ამაღლობელი სცენაზე ისხდნენ, მაგრამ იმ დღეს დარბაზიც საკმაოდ აქტიური იყო. ჩემი აზრით, უფრო საინტერესოდ თუ არა, უფრო თამამად მსჯელობდნენ სექსუალობაზე აქ შეკრებილი ახალგაზრდები. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები დისკუსიას არ დასწრებიან... არც ეგრეთ წოდებული ”ქალიშვილობის ინსტიტუტის” დამცველები. დარბაზში არავინ იყო, ვინც იტყოდა, ”არ გრცხვენიათ, რაებზე ლაპარაკობთო” (არადა, ამ თემაზე გამართული დისკუსიები ასეთი ხალხის ნაკლებობას არ უჩივის ხოლმე)... უფრო მეტიც, დარბაზთან შედარებით ძირითადი მომხსენებლები გაცილებით უფრო აკადემიურად გამოიყურებდნენ - მიუხედავად იმისა, რომ მოდერატორმა ერთგვარი პროვოკაციით დაიწყო - რატი ამაღლობელის თქმით, აგრესია, რომლითაც მოცულია ჩვენი საზოგადოება, სექსუალური კულტურის დაბალი დონითაც არის განპირობებული, ანუ დათრგუნული სექსუალობა იწვევს სიძულვილს და აგრესიას - აგერ ქუჩაში რომ დგანან, ის ბიჭები რომ იგინებიან და იმუქრებიანო, - გვითხრა რატი ამაღლობელმა.

დიახ, რატი ამაღლობელის თქმით, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა შეიძლება გახდეს აგრესიის წყარო... დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობენ და ბანალურიც კი გახდა ამის მტკიცება. მაგრამ ფაქტია, კაცობრიობის პირველი და, შესაძლებელია, უკანასკნელი სიუჟეტის, ასე ვთქვათ, მთავარი თემა სექსუალობაა.

კიდევ უფრო აკადემიურად - შეიძლება ითქვას, მეცნიერულად - მიუდგა საკითხს ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე, რომელმაც გაგვახსენა, რომ აქამდე სექსუალური იდენტურობის ანალიზი პატრიარქალური კულტურის სივრცეში ხდებოდა, ამიტომ დროთა განმავლობაში, ბუნებრივია, სექსუალური იდენტურობის კვლევისას გარკვეული კლიშეები დაგროვდა:

”მამაკაცის უპირატესობის აღიარება, დაწყებული ბერძნებით, დამთავრებული ფროიდით... ყველაფერი ცენტრირებულია მამაკაცზე - მამაკაცი არის ბუნების სრულყოფილი ქმნილება, ქალი კი უფრო ნაკლული და დამახინჯებული”, - აღნიშნა რუსუდან ფხაკაძემ.

სექსუალურობის გაგებას ბერძნებთან ლაშა ბუღაძეც შეეხო. გაიხსენა მითი, რომელსაც გარკვეული ადგილი კი აქვს რუსუდან ფხაკაძის მიერ დასახელებულ პატრიარქალურ კულტურაში, მაგრამ ამ მითის ინტერპრეტაცია ხშირად ”ანტიპატრიარქალური რაკურსიდან” ხდება ხოლმე - მედეას მითი... მაგრამ დარბაზმა აკადემიური მსჯელობა არ მიიღო. ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, იმაზე უნდოდათ დისკუსია, რაც თავად აწუხებდათ - საზოგადოების, მშობლების, თანატოლების, ეკლესიის დამოკიდებულებაზე სექსუალურობის მიმართ.

ანა კორძაია-სამადაშვილის თქმით, სექსუალურობა შემოქმედებითი ენერგიის წყაროა. როცა იგი კვდება, კვდება შემოქმედებაც, ე.ი. კვდება სიცოცხლეც:

”ძალიან ხშირად მიკითხავს უფროსი ქალბატონებისთვის, რა ხდება მათ თავს, როცა ეს ლტოლვა უქრებათ, როგორი ხდება სამყარო, რა ამოძრავებთ; ვერავინ ვერასდროს ვერ გამცა პასუხი... უფრო ხშირი პასუხი იყო: ვინ გითხრა, რომ ოდესმე ეს ამბავი მორჩება. არ ვიცი, მაგ ასაკისთვის ჯერ არ მიმიღწევია”, - თქვა ანა კორძაია-სამადაშვილმა.

დისკუსიის მონაწილეებმა - უფრო სწორად, სცენაზე მსხდარმა მონაწილეებმა - ქართული კულტურაც გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ მთაში გვაქვს სექსუალური იდენტურობის გამომხატველი ძალზე საინტერესო მაგალითები, მაგალითად, წაწლობა... თუმცა დარბაზმა ეს მოსაზრებაც არ მიიღო. კინომცოდნე თეო ხატიაშვილის თქმით:

”რასაკვირველია, მთაში უფრო მეტი თავისუფლებაა, მაგრამ ესეც მამაკაცის, პატრიარქალური კულტურის მიერ არის დაშვებული. ქალზე ეს კულტურა არ ზრუნავს, ის არის მოხმარების საგანი. მან უნდა იზრუნოს სტუმარ მამაკაცზე, რომელსაც ისევე კარგად უნდა მოემსახუროს სუფრაზე, როგორც საწოლში, მაგრამ იმის იქით, რაც დაშვებული არაა პატრიარქალური კულტურის მიერ, ეკრძალება.”

ეს მოსაზრება შეიძლებოდა გამხდარიყო იმპულსი ახალი დისკუსიის დასაწყებად და იმის გასახსენებლად, რომ სექსუალური იდენტურობა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს. თუმცა, ლაშა ბუღაძის თქმით, საქართველოში ჭირს ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსია იმიტომაც, რომ ფასეულობები ჩვენში მკვეთრადაა აღრეული:

”მკვეთრი დიფერენციაციის შესაძლებლობას საქართველო არ გვაძლევს. ესაა რადიკალური დისონანსების ადგილი, სადაც პარადოქსული ლიბერალიზმი შეიძლება შეეჯახოს რეაქციულობას... სულხან-საბა, რომელმაც გარკვეული თავისუფლება დაამკვიდრა, თავის ლექსიკონში სექსუალურ აქტს ასე ხსნის: ”კაცთაგან ქალთა დამცირება”, - თქვა ლაშა ბუღაძემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG