Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან ათი პალესტინელი დახოცა


ლიბანის არმიის თანახმად, ისრაელის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა პალესტინელ დემონსტრანტებს, რომლებიც ლიბანთან ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ და ათი ადამიანი დახოცა. დაჭრილია ასზე მეტი პალესტინელი. ძალადობის აქტი მოხდა სასაზღვრო ქალაქ მარუნ ალ რასთან. ლიბანის ოფიციალური პირების თანახმად, არმიაში განგაშია გამოცხადებული და ის თანამშრომლობს გაეროს სამშვიდობო ძალებთან არეალში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ძალადობა.
პალესტინელთა ტერიტორიებზე ღაზასა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 15 მაისს იმართება საპროტესტო გამოსვლები ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 63-ე წელთან დაკავშირებით. პალესტინელები ამ დღეს "კატასტროფის" დღეს უწოდებენ, რადგან ისრაელის მიერ საკუთარი სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ, ასეულათასობით პალესტინელი ლტოლვილად იქცა.
დღესვე, ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელსა და სირიას შორის სადავო ტერიტორიაზე, გოლანის მაღლობებზე შეტაკების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიხოცა და ათეულობით დაშავდა. ისრაელის რადიოს ცნობით, პალესტინელი ლტოლვილები შეიჭრენ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელმა დაიკავა 1967 წელს. პროპალესტინული დემონსტრაცია დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გაიმართა იორდანიაშიც, სადაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG