Accessibility links

logo-print
”ქართული პარტიის” მიერ გასულ კვირას დაანონსებული აქცია აშშ-ის საელჩოსთან, დაგეგმილი 2 საათის ნაცვლად, ერთი საათით გვიან - 3 საათისთვის - დაიწყო. აქციის მოთხოვნა, ქართული პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, იყო: შეწყდეს შეერთებული შტატების მხრიდან სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის მხარდაჭერა, ამერიკამ საქართველოს დაუჭიროს მხარი.

აქციის დასასრულს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, საელჩოს დაცვის სამსახურს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასთვის გადასაცემი წერილი დაუტოვა. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილი „ქართული პარტიის“ აქციას ემიჯნება.
საქართველო ქართველი ხალხია და არა სააკაშვილი. დაუბრუნეთ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება...

შეერთებული შტატების საელჩოსთან „ქართული პარტიის“ ლიდერების მოსვლას აქციის მხარდამჭერზე მეტი ჟურნალისტი ელოდა. მოულოდნელად აქციაზე ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა. მათ სახე შეერთებული შტატების დროშის ფერებში ჰქონდათ შეღებილი და უმეტესობას სახეზე წარწერა ჰქონდა ინგლისურად: „wake up, America“, ანუ „გაიღვიძე, ამერიკა“.

ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც სწორედ ასე სახეშეღებილი მივიდა აქციაზე, 21 წლის ჯაბა ადამია იყო. მან თქვა:

”ვაპროტესტებთ სააკაშვილს რომ უჭერს მხარს ამერიკა, ანუ პროტესტს გამოვხატავ და ამერიკამ როგორც მოიყვანა ეს ხელისუფლება, ეგრევე წაიყვანოს და მოვიდეს ნორმალური ხელისუფლება.”

შემდეგ გამოჩნდა მიკროავტობუსი ტრანსპარანტებითა და ხმის გამაძლიერებლებით:

”შეწყვიტეთ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა! საქართველო ქართველი ხალხია და არა სააკაშვილი. დაუბრუნეთ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება, არ გვინდა ფსევდოდემოკრატია!”

მოგვიანებით აქციაზე მისულმა დაახლოებით 500-მდე ადამიანმა მოისმინა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის, მიმართვა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს ვითარება საქართველოში, ვითარება, როცა იზღუდება სიტყვის თავისუფლება, ვითარება, რომლის გამოც ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან:
სოზარ სუბარი

”შეწყდეს ავტოკრატიის დაფინანსება და ავტოკრატიის მხარდაჭერა! მოვითხოვთ შეერთებული შტატებისგან, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან, ნუ გაცვლიან დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ადამიანის ღირსებას ავღანეთში გაგზავნილ რამდენიმე ასეულ თუ რამდენიმე ათას ჯარისკაცზე, ნუ დახუჭავენ თვალს საქართველოში დემოკრატიის არარსებობაზე, ნუ გაცვლიან ქართველ ერთან, ქართველ ხალხთან, საქართველოს სახელმწიფოსთან მეგობრობას ერთი მუჭა ლაქიების მხარდაჭერაზე.”

ეს გახლდათ ამონარიდი წერილიდან, რომელიც „ქართული პარტიის“ ლიდერებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასთვის გასაგზავნად საელჩოში დატოვეს.

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქციის მიზანია, ყველას დაანახვოს, რომ საქართველოს სჭირდება მრავალვექტორული პოლიტიკა, ერთვექტორულმა პოლიტიკამ ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა:
ჩვენ გვჭირდება საერთო ენის გამონახვა რუსეთთან, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სოლიდარობის გამოხატვა შეერთებული შტატების მხრიდან...

”ეს არ არის ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართვა. თქვენ გახსოვთ, ბუშის ადმინისტრაციამ დახუჭა თვალი თავისუფალი არჩევნების შედეგებზე, რომელმაც მოიტანა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ გვჭირდება საერთო ენის გამონახვა რუსეთთან, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სოლიდარობის გამოხატვა შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომელიმე ქვეყანამ გაუძლოს ისეთი ადამიანის მმართველობას, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი.”

„ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი კი იმას აპროტესტებდა, რომ, მისი თქმით, მთელი კვირის განმავლობაში ქართულ მედიაში ისტერიაა ატეხილი იმის გამო, რომ მისი პარტია ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა, რაც, მისი სიტყვით, სიცრუეა. აქციის მიზანია ამერიკამ მეტად გააკონტროლოს რას ხმარდება ის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს უწევს:

”შეწყვიტეთ სააკაშვილის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერა, მხარი დაუჭირეთ ხალხს და არა რეჟიმს. გამოფხიზლდი, მერიკა! საქართველო არ არის ტერიტორია, საქართველო არის ქართველი ხალხი, სუვერენული ქვეყანა და მას აქვს სურვილი იყოს მეგობრულ ურთიერთობაში ყველა ქვეყანასთან, მაგრამ არა აქვს სურვილი იყოს რეჟიმი. ეს არის ქართველი ხალხის პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაში ქართველი ხალხი არის ძალიან ერთსულოვანი.”
წინა ადმინისტრაციის ცოდვებს ნუ გადავაბრალებთ ამ ადმინისტრაციას, რომელსაც, ფაქტობრივად, რადიკალურად აქვს შეცვლილი პოზიცია და რეჟიმს მხარს არ უჭერს და მხარს უჭერს ქვეყანას...

შეერთებული შტატების საელჩოს წინ „ქართული პარტიის“ მიერ ორგანიზებულ აქციას დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი და „ქართული აკადემიის“ წარმომადგენლებიც გაემიჯნენ. „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ იმ მხარდაჭერის ფონზე, რასაც შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ იჩენს, აქციის ამ ფორმით ჩატარება არასწორია:

”ეს თუ იქნებოდა აქცია, რომ უფრო მკვეთრად დაუჭიროს მხარი დემოკრატიული პროცესების განვითარებას, და კარგია რომ უჭერენ, სხვაა, მაგრამ ახლა წინა ადმინისტრაციის ცოდვებს ნუ გადავაბრალებთ ამ ადმინისტრაციას, რომელსაც, ფაქტობრივად, რადიკალურად აქვს შეცვლილი პოზიცია და რეჟიმს მხარს არ უჭერს და მხარს უჭერს ქვეყანას.”

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე, აქციას რუსულ დაკვეთას უწოდებს და ანტიდასავლური კურსის დამკვიდრების მცდელობად აფასებს:

”სწორედ რუსული დაკვეთაა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის განწყობების დამკვირდება და ყველა ეს სიბინძურე კეთდება ქართველი რევოლუციონერების ხელით.”

„ქართული პარტიის“ მიერ ორგანიზებული აქცია შეერთებული შტატების საელჩოს წინ დაახლოებით საათ-ნახევარში მშვიდად დასრულდა სიმღერით - ”სამშობლოვ, სამშობლოვ, ჩემო ლამაზო”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG