Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა ავიცილოთ რევოლუცია


”ქართული აკადემიის” წარმომადგენლები თემურ ნანეიშვილი და ნუკრი ქანთარია
”ქართული აკადემიის” წარმომადგენლები თემურ ნანეიშვილი და ნუკრი ქანთარია
იმისათვის, რომ მოვლენები ქვეყნისთვის მეტად საზიანო გზით, რევოლუციური გზით არ განვითარდეს, აუცილებელია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ამ მიზნით მოლაპარაკებების განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, - ასეთია ძირითადი შეფასება, რომელზე დაყრდნობითაც 16 მაისს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და დამოუკიდებელმა ხელმომწერებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. პროცესი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”ქართული აკადემიის” ეგიდით დაიწყო. მიმართვის ხელმომწერები საპროტესტო აქციების საჭიროებას მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კონტექსტში ხედავენ.
თუ არ განახლდა მოლაპარაკებები, საზოგადოების დიდი ნაწილი გადავა რადიკალური მოძრაობის მხარეზე და, ვფიქრობ, საქართველოსთვის, ქვეყნისთვის ძალიან არასასურველ მოვლენებსა და პროცესებს ექნება ადგილი...

მიმართვის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს ცვლილება დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს და მას წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო გარემოს შესაბამისი გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები კონკრეტული მოწოდებებით მიმართავენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში - ამჟამად ჩიხში შესულ პროცესში - ჩართულ ყველა პოლიტიკურ ძალას. ორპუნქტიანი მოწოდების ტექსტი მედიის წარმომადგენლებს 16 მაისს ”ქართული აკადემიის” თავმჯდომარემ ნუკრი ქანთარიამ გააცნო:

”1. გადაუდებლად განაახლონ საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები, რათა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში - მაისის ბოლომდე - მოხდეს შეთანხმება ყველა პრინციპულ საკითხზე, ხოლო პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უზრუნველყოფილ იქნეს მათი დამტკიცება. 2. მხარეებმა უზრუნველყონ მოლაპარაკებების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.”

ნუკრი ქანთარია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ მათი მოწოდებები, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების გასაგონად ისმის, რადგანაც ”სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, პირველ რიგში, ხელისუფლების ვალდებულებაა”.

მიმართვაზე დამოუკიდებელ ხელმომწერებს შორის არის პოლიტოლოგი გია ვოლსკი, რომელის აზრითაც, თუკი ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების განახლებაზე არ იზრუნებს, გზა უკვე ”რადიკალურ მოთხოვნებს გაეხსნება”:
პოლიტოლოგი გია ვოლსკი

”საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უჭერს მხარს, ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია დადგეს აბსოლუტურად რადიკალურ მოთხოვნებზე. თუ არ განახლდა მოლაპარაკებები, საზოგადოების დიდი ნაწილი გადავა რადიკალური მოძრაობის მხარეზე და, ვფიქრობ, საქართველოსთვის, ქვეყნისთვის ძალიან არასასურველ მოვლენებსა და პროცესებს ექნება ადგილი.”

გია ვოლსკის მსგავსად, მოვლენების რევოლუციური განვითარების წინააღმდეგია 16 მაისს გავრცელებული მიმართვის უკლებლივ ყველა ხელმომწერი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით დაგეგმილი აქციები ამ ეტაპზე გაუმართლებელია და რომ, თუკი ხალხი ქუჩაში გამოვა, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას უნდა უკავშირდებოდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებაზე არ იზრუნა, ხალხის ქუჩაში გასვლა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია 16 მაისის მიმართვის კიდევ ერთ დამოუკიდებელ ხელმომწერს, ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს:

”ამისთვის პირადად მე მაქვს მზაობა... ვერ გეტყვით საზოგადოების მზაობა როგორია, მაგრამ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ამ შემთხვევაში უკვე სხვა გზა არ იქნება. ჩვენ ვალდებულებიც კი ვიქნებით, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველის ძალიან მძიმე რამ და ეს არის 2-3-ათწლეულიანი მემკვიდრეობითი ავტორიტარიზმი. ”
უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში, მიგვაჩნია, რომ მხარი უნდა დაუჭიროს სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მოთხოვნას...

ქუჩის საპროტესტო აქციები ასევე მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით წარმოუდგენია „ქართული აკედემიის“ თავმჯდომარეს ნუკრი ქანთარიას. მისთვის ეს არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა. ქანთარიას მნიშვნელოვნად მიაჩნია საერთაშორისო მხარდაჭერის ფონიც:

”აშკარად გამოკვეთილი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში, მიგვაჩნია, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა ძალამ, საქართველოს საზოგადოებამ, კონსტიტუციით მონიჭებული ყველა უფლების გამოყენებით, მხარი უნდა დაუჭიროს სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მოთხოვნას. და კარგი იქნება, თუ ეს მათი პროტესტი დაიწყება სწორედ, აი, ამ მოთხოვნით...”

”ქართული აკადემიის” ეგიდით მომზადებული მიმართვის ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის, მაგალითად: ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევის ცენტრი”, ”ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი”, ”მრავალეროვანი საქართველო” და სამოქალაქო მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”. დამოუკიდებელ ხელმომწერთა შორის კი ასევე ვხვდებით მწერალ ნაირა გელაშვილს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილსა და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს.
ხელისუფლებამ მაისის ბოლომდე, როგორც ეს პროცესის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განისაზღვრა, გაგვცეს კონკრეტული წერილობითი პასუხები ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე...

რაც შეეხება მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მარტში შეწყვეტილ პროცესს, როგორც იტყვიან, ჯერჯერობით განახლების პირი არ უჩანს. პროცესის ჩიხში შესვლას კი მხარეები ერთმანეთს აბრალებენ. 12 მაისს ოპოზიციურმა ”რვიანმა” საზოგადოებას პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე მომზადებული საგანგებო მიმართვა გააცნო.

”ხელისუფლებამ მაისის ბოლომდე, როგორც ეს პროცესის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განისაზღვრა, გაგვცეს კონკრეტული წერილობითი პასუხები ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე”, - ნათქვამია ”რვიანის” მიმართვაში. თუმცა ხელისუფლება ოპოზიციონერების ამგვარ მიმართვას კვლავაც ულტიმატუმად აღიქვამს და ეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმაც აღნიშნა.

მმართველი პარტიისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური ”რვიანი”აპირებს, რომ, ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით, ყველა კონსტიტუციურ საშუალებას მიმართოს. მათ შორის არც საპროტესტო აქციები გამოირიცხება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG