Accessibility links

გადაუღებელი წვიმებისა და მდინარე არაგვის ადიდების გამო ბოლო დღეებში პრობლემები შეექმნა კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას.

წყლის გარეშეა დარჩენილი ქალაქის დაახლოებით 40%. კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის მასშტაბით 400 000-მდე აბონენტს ემსახურება. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანიის ტექნიკური დირექტორი ომარ გოცირიძე აცხადებს, სათავო ნაგებობებთან 24-საათიანი მუშაობა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილური ხდება. მისი თქმით, პრობლემის დროულ გამოსწორებას მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაც შეუწყობს ხელს. თუმცა მეტეოროლოგები უახლოესი 4 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ცვალებად მოღრუბლულობასა და წვიმას ვარაუდობენ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი გრამი უხარისხო წყლისა ქალაქში არ მოხვედრილა და არც მოხვდება...

წყალი დაწყდა. ვინც წყლის დაგროვება მოასწრო, იმათ კიდევ რა უჭირთ. ვინც წყალი ვერ მოიმარაგა, მოუწევთ ახლა უკეთესი ამინდის იმედად ყოფნა. ეს ბოლო წინადადება, რა თქმა უნდა, უტრირებულია, თუმცა, მოდი, ვთქვათ რამდენიმე სიტყვა თბილისსა და მის შემოგარენში დაწყვეტილი წყლისა და ამინდის ურთიერთკავშირის შესახებ: უკანასკნელი დღეების განმავლობაში უხვმა ნალექმა მდინარე არაგვის ადიდება გამოიწვია, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სათავო ნაგებობებს. შედეგად, წყლის გარეშე დარჩა ქალაქის 30-40 პროცენტი. კიდევ უფრო უკეთესად სიტუაციაში კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორი ომარ გოცირიძე გაგვარკვევს:
ომარ გოცირიძე

”ადიდდა მდინარე არაგვი და ის ხევები, რომლებიც მდინარე არაგვს კვებავს. გამჭვირვალობა ნულს უტოლდებოდა. არაგვმა გადალახა საზღვრები და გადმოვიდა ჩვენს სათავო ნაგებობებზე. იძულებულნი გავხდით, სათავო ნაგებობები გამოგვერთო, რათა წყალი არ ამღვრეულიყო და ქალაქში უხარისხო წყალი არ შემოსულიყო. დედაქალაქის დაახლოებით 30-დან 40 პროცენტამდე უწყლოდ დაგვრჩა, რადგან გავთიშეთ სათავო ნაგებობები და არ შემოვუშვით ქალაქში ტალახიანი წყალი. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი გრამი უხარისხო წყლისა ქალაქში არ მოხვედრილა და არც მოხვდება”, - ამბობს ომარ გოცირიძე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ აქვს წყალმომარაგების რამდენიმე ობიექტი და წყარო, საიდანაც დედაქალაქის 60 პროცენტი მარაგდება - მათ შორის არის საგურამოს, ჭოპორტ-მისაქციელის, ბულაჩაურის წყალსადენები. პრობლემები, მეტეოროლოგიური პირობების გამო, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიებზე მდებარე სათავო ნაგებობებს შეექმნა.

როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, მდგომარეობა განსაკუთრებით 15 მაისს დღის მეორე ნახევარში გართულდა, რამაც თბილისში ფორსმაჟორული სიტუაცია გამოიწვია და წყლის მიწოდების რეჟიმების მკვეთრად დარღვევის მიზეზი გახდა. თუმცა კომპანიის ტექნიკური დირექტორი ომარ გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა და ამბობს, რომ 16 მაისის საღამოს საათებიდან დედაქალაქში სიტუაცია გამოსწორდება:
სამუშაოები კარგად მიმდინარეობს, ამინდიც ნორმალურია და თუკი ასე გაგრძელდა და არ იქნება გახშირებული ნალექი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დედაქალაქის ყველა რაიონს მივაწვდით წყალს...

”სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილური ხდება. ამინდი კარგია, არაგვი მშვიდდება. კალაპოტს ვუცვლით არაგვს, რომ არ წამოვიდეს ჩვენი ნაგებობებისაკენ; წყალს აკუმულირებას ვუკეთებთ იქ, სადაც შესაძლებელია - ეს გახლავთ ჟინვალის წყალსაცავი. სამუშაოები კარგად მიმდინარეობს, ამინდიც ნორმალურია და თუკი ასე გაგრძელდა და არ იქნება გახშირებული ნალექი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დედაქალაქის ყველა რაიონს მივაწვდით წყალს, მაგრამ არა იმ რაოდენობით და იმ სართულებზე, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე”, - ამბობს ომარ გოცირიძე.

მოდით, ახლა ვნახოთ, როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ იქ, სადაც არაგვი მოედინება და იქ, სადაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ნაგებობებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოესი დღეების პროგნოზს აღმოსავლეთ საქართველოსთვის ჯემალ დოლიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე წარმოგვიდგენს:

”ღამით მოიწმინდება და დღის პირველ ნახევარში კარგი ამინდი იქნება. შემდეგ, ეს ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ეხება, ვითარდება ე.წ. კონვექციური პროცესები, რომელსაც დღის მეორე ნახევარსა და საღამოს საათებში წვიმა მოჰყვება ხოლმე. 4-5 დღის განმავლობაში ყოველდღე წვიმაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და უფრო მთიან ზოლში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მთიულეთში ყოველდღე იწვიმებს”, - ამბობს ჯემალ დოლიძე.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ომარ გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ამ ეტაპზე მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია გლდანის მასივში, გლდანულაში, კონიაკის დასახლებაში, თემქის დასახლებასა და გლდანი-ნაძალადევის ზედა ზონებში. მისივე თქმით, სიტუაცია გამოსწორებულია ვაკე-საბურთალოს ზედა ზონებში.
ძალიან ცუდად მოგვეწოდება წყალი.ნაკადი დაბალია, რის გამოც ვერ ვრთავთ გამაცხელებელს...

და აქვე კვანძის შესაკრავად დავამატოთ: თუკი, მაგალითად, ესოდენ მოდური სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი იმას ჩივის, რომ წვიმამ სარეცხი დაუსველა, მეორე ნაწილი იმაზე წუხს, რომ უწყლობის გამო სახლი სარეცხმა წაიღო. ეს, რაც შეეხება ვირტუალურ სივრცეს, რეალურ გარემოში კი თბილისელები უწყლობით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ:

- ძალიან ცუდად მოგვეწოდება წყალი.ნაკადი დაბალია, რის გამოც ვერ ვრთავთ გამაცხელებელს.
- ჩემთან იყო წყალი. მე რუსთაველზე ვცხოვრობ და წყალი არასდროს არ წყდება.
- ახლა დიდი დიღმიდან მოვდივარ და ბიცოლაჩემმა თქვა, წყალი უნდა მოვიმარაგო, ხვალ დილამდე არ იქნებაო.
- წუხელ 6-ის ნახევარზე დაწყდა წყალი და მთელი ღამე აღარ ყოფილა.
- გუშინ საღამოს დაწყდა წყალი და დღეს დილასაც არ მოსულა. რა ხდება?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG