Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 მაისი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”კვირის პალიტრით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ყოფილი მოკავშირის, სოზარ სუბარის ბრალდებებს პასუხობს. დაფინანსებაზე კი არა, ლავროვთან შიდაქართულ პოლიტიკაზეც არ მისაუბრია, რადგან არ მიმაჩნია სწორად მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთან შენი ქვეყნის შინაურ საქმეზე ლაპარაკი. ჩვენ საუბარი გვქონდა ქართულ-რუსული ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანაზე, იმაზე, რომ რუსეთს აუცილებლად მოუწევს ვალდებულებების შესრულება და ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ბუნებრივია, გვქონდა საუბარი კეთილმეზობლობის აღდგენაზეც. მე ამ შეხვედრაზე საქართველოს წარმოვადგენდი და არა ოპოზიციას", - თქვა ალასანიამ და დაამატა: "არ დაგიმალავთ, გული მწყდება, რომ სოზარი ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, ასეთი ტყუილის თქმა დასჭირდაო”.

”მთელი კვირა” კი ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს ესაუბრა დღევანდელ და მომავალ აქციებთან დაკავშირებით. "საქართველოში რომ უაღრესად დაძაბული მდგომარეობაა და ხელისუფლების ზიზღის კოეფიციენტი 99,9%-ს უდრის, ამას ვერავინ დამალავს და ერთი პატარა ექსცესიც რომ მოხდეს, მე მგონი, მთელი საქართველო გარეთ გამოვარდება. ეს როდის და როგორ იქნება, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ რომ იქნება, ეს ნამდვილად ვიცი. ამ ხელისუფლების შეცვლის ყველაზე ადეკვატური გზა არის აქციების გამართვაო”, - უთხრა ლევან გაჩეჩილაძემ ”მთელ კვირას”.

"მე პირადად მაქვს განწყობა, რომ ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენი პარტია, "თავისუფალი საქართველო", არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ ვართ დაბლოკებული და ამ მოსაზრებაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით”, - უთხრა კახა კუკავამ ”ახალ თაობას”. "ყველა ძალა, „რვიანი“ იქნება, „სახალხო კრება“ თუ „ქართული პარტია“, ერთი და იმავე პრინციპის მიხედვით უნდა შეფასდეს. შეიძლება ამ წუთს ზოგს მეტი ნდობა ჰქონდეს, ზოგს ნაკლები, მაგრამ მთავარია, მაისის ბოლოს ყველას გამოცხადებული აქვს, რაღაც შედეგები უნდა ჰქონდეს... პირადად მე არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები და ვფიქრობ, აუცილებელია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომლის ამოცანა იქნება ხელისუფლების შეცვლა და არა პარლამენტში ერთი მანდატის მიღება და ფულის გათეთრება, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე", - უთხრა ”ახალ თაობას“ კახა კუკავამ.

ოპოზიციური პარტიების ფინანსებზე ლაპარაკობს ”კვირის ქრონიკასთან“ საუბარში ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელი ელისო კილაძე. ”იმდენი სიბინძურე ვნახე წლების განმავლობაში, იმდენი გარიგება, გადავწყვიტეთ მონიტორინგი გავუწიოთ პარტიების ქმედებებს და ფინანსურ საკითხებს. თუ არ ჩაგვახედებენ, ნუ ჩაგვახედებენ - იმ ინფორმაციებს გავხდი საჯაროს, რაც მექნება. თუ მექნება ინფორმაცია, რომ „ქართული პარტია“ იარაღის შემოტანას აპირებს და მისი ადგილსამყოფელი მეცოდინება, უნდა დავმალო?” - უთხრა ელისო კილაძემ გაზეთს, თუმცა იქვე დასძინა, სიტყვის მასალად გეუბნები ჯერ და როცა კონკრეტული ინფორმაცია მექნება, ამის შესახებ ექსკლუზივი ექნება "ქრონიკასო”.
XS
SM
MD
LG