Accessibility links

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა


საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ქუთაისი იქნება, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესსნიუუსი.“ ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი პარლამენტში დღეს შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღმა არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი. კერძოდ, ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქია, რაც პირველ რიგში გულისხმობს, შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას, გაზიფიკაციის პროექტების დასრულებას და საბოლოოდ რეგიონის ეკონომიკური აქტივობის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ადგილი უნდა იყოს ქუთაისი და თბილისი. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად კი, კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად დასახელებული თბილისი ამოღებული იქნება და მხოლოდ ქუთაისი დარჩება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ ქუთაისი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი მოელის საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტის შენობას.
XS
SM
MD
LG