Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კადაფის და მისი ვაჟის დაპატიმრება სურს


ლიბიელი მეამბოხე მუამარ კადაფის კარიკატურის წინ

ლიბიელი მეამბოხე მუამარ კადაფის კარიკატურის წინ

გავრცელებული ვარაუდი გამართლდა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფიზე დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით. ლუის მორენო-ოკამპოს თქმით, ორდერების გაცემა ასევე მოთხოვნილია კადაფის ვაჟის, საიფ ალ-ისლამის და ლიბიის დაზვერვის შეფის, აბდულა ალ-სენუსის დაპატიმრებაზე. საქმე ეხება ეჭვს ომის დანაშაულების თობაზე, რომლებიც, ვარაუდით, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე ამბოხებისას იქნა ჩადენილი.

მორენო-ოკამპოს თქმით, კადაფიმ - თავის ვაჟთან, საიფ ალ-ისლამსა და დაზვერვის შეფ აბდულა ალ-სენუსისთან ერთად - შექმნა ჯგუფი, რომელიც უიარაღო დემონსტრანტების დახოცვას გეგმავდა, რაც, მისი თქმით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უტოლდება.

ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შტაბბინის ადგილას გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მორენო-ოკამპომ თქვა, კადაფი „პირადად“ გასცემდა სამოქალაქო პირების დახოცვის ბრძანებებსო: „მტკიცებულებები მოწმობს, რომ მუამარ კადაფიმ პირადად დაუკვეთა თავდასხმები ლიბიელ შეუიარაღებელ სამოქალაქო პირებზე. მისმა ძალებმა იერიშები მიიტანეს სამოქალაქო პირებზე მათ სახლებში და საზოგადოებრივ ადგილებში, დემონსტრანტები ტყვიებით დახოცეს, დაკრძალვის ცერემონიებში მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე შეიარაღება გამოიყენეს და ლოცვების შემდეგ მეჩეთებიდან გასული ხალხის დასახოცად სნაიპერები განათავსეს.“

მისი თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ ამგვარი ქმედებები დღესაც გრძელდება ლიბიის იმ რეგიონებში, რომლებსაც კადაფის მომხრე ძალები აკონტროლებენ, მიუხედავად ნატოს მიერ წარმოებული საჰაერო კამპანიისა, რომელიც სამოქალაქო პირების დაცვას ისახავს მიზნად.

მორენო-ოკამპოს თქმით, დედაქალაქ ტრიპოლიში და სხვა ადგილებში დისიდენტებს ციხეებში ერეკებიან და აწამებენ.

ვაჟსა და დაზვერვის შეფთან კადაფის თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელმა ასე აღწერა: „[კადაფის] რიგით მეორე ვაჟი, საიფ ალ-ისლამი, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრია და ალ-სენუსი, კადაფის სიძე, მისი მარჯვენა ხელია, ჯალათი, სამხედრო დაზვერვის შეფი. ზოგიერთი თავდასხმა მან პირადად დაუკვეთა. ოფისმა აღრიცხა, ეს სამი ადამიანი შეხვედრებს როგორ მართავდა და როგორ გეგმავდა ოპერაციებს.“

მორენო-ოკამპო მის განკარგულებაში არსებულ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენს, რათა მოსამართლეებმა გადაწყვიტონ, იძლევა თუ არა საქმე ორდერის გაცემის საფუძველს. თუმცა მაშინაც კი, თუკი ისინი მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მოთხოვნის აღსრულება მაინც ბუნდოვან პერსპექტივად დარჩება. დაპატიმრების ორდერების რეალიზების თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული - ლიბია კი ასეთს არ წარმოადგენს.

ლიბიის ოფიციალურმა პირებმა დაპატიმრების ორდერზე მოთხოვნა მწვავედ გააკრიტიკეს - მათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაგმეს და მას აფრიკის ლიდერების დასჯის მიზნით დასავლეთის მიერ შექმნილი სტრუქტურა უწოდეს.

თუმცა სიახლეს მიესალმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგი. მისი თქმით, ორდერების გაცემის მოთხოვნა კადაფის რეჟიმის წევრებისთვის გაგზავნილი მორიგი შეხსენებაა, რომ დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება და საერთაშორისო სამართალი ფართო მასშტაბით იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG