Accessibility links

logo-print
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა. სახელისუფლებო შტოების ე.წ. დეცენტრალიზაციის იდეის განხორციელება დაიწყო - საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც სწორედ საკანონმდებლო ორგანოს დასავლეთ საქართველოში გადატანას გულისხმობს, პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს. ხელისუფლება პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს.

რატომ არის პარლამენტის გადატანა ქუთაისში პოლიტიკური ნაბიჯი და რას შეცვლის ქვეყნისათვის დედაქალაქიდან რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრის გადანაცვლება? ხელისუფლება თავის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

”ჩვენ ვცვლით ქვეყნის გეოგრაფიას. ადრე ყველაფერი თბილისში იყო კონცენტრირებული. ეს გასაგებიცაა, მაგრამ 80%, განვითარების თვალსაზრისით, მთელ მსოფლიოში ზღვის მიმართულებით მიდის. ამიტომ დასავლეთ საქართველოში ცენტრის არგაჩენა არ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ორ ცენტრს ვქმნით - ბათუმს, როგორც ეკონომიკურ,ფინანსურ ცენტრს, და ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, და მთავრობის ბევრი უწყებაც უკვე არის კონცენტრირებული ქუთაისში.”

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრს აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილიც, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ პარლამენტის გადატანით ქუთაისში ქვეყნის დასავლეთ ნაწილსაც მიექცევა ყურადღება და ”არ იქნება მიტოვებული ქვეყნის პოლიტიკური ცენტრისგან”. უმრავლესობის ლიდერს ვკითხეთ, ხომ არ არის გრძელვადიან პერპექტივაში გამიზნული არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის, არამედ მთლიანად დედაქალაქის გადატანა ქუთაისში და ყაზახეთის მაგალითიც გავიხსენეთ, სადაც დედაქალაქი ალმა-ათა ასტანამ შეცვალა:

”სხვათა შორის, ასტანის მაგალითი არ არის ცუდი მაგალითი, რადგან მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ანიჭებს დიდ მნიშვნელობას გეოგრაფიულად სად იქნება ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და ალმა-ათა იყო სწორედ ასეთი შემთხვევა - როგორც დედაქალაქი, იყო ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში და სჭირდებოდათ, რომ უფრო ცენტრისკენ ყოფილიყო დედაქალაქი გადმოტანილი და ასეც მოხდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ქუთაისის დედაქალაქად გადაქცევაზე ლაპარაკი არ არის. თუმც კი არსებობს კონცეპტი - ”ქუთაისი, როგორც მეორე დედაქალაქი” და სწორედ ამიტომ იქნება ის საპარლამენტო ცენტრი. თბილისი კი დარჩება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური დედაქალაქი.”

გადაწყვეტილების სისწორეს ხელისუფლება ამყარებს ეკონომიკური არგუმენტებითაც. ჩვენ დავინტერესდით რა კონკრეტული მოლოდინები არსებობს მთავრობაში:

”პარლამენტის გადატანა ქუთაისში ავტომატურად ნიშნავს, რომ ამას დასჭირდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზები, აეროპორტი, ამას მოჰყვება ტურისტების ჩამოსვლა, რომლებიც პოტენციური ინვესტორები არიან, რომლებიც შეისწავლიან ადგილზე გარემოს, ნახავენ, რომ საინტერესო საინვესტიციო გარემოა, ჩადებენ ფულს, ხალხი დასაქმდება. ეს, ცხადია, ორ წელში არ მოხდება, მაგრამ ნელ-ნელა საქართველოს ამ რეგიონის ეკონომიკა განვითარდება.”

თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია ასე არ ფიქობს. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ რეალურად იცვლება ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი:

”ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დღის წესრიგში დგება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქის სტატუსის განსაზღვრის საკითხიც. ყველაზე სწორი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის გვეკითხა, სურს თუ არა მას საქართველოს დედაქალაქი კვლავ იყოს თბილისი, თუ გვქონდეს ახალი დედაქალაქი ქუთაისის სახით.”

თარგამაძის პროგნოზით, მალე ობიექტურად შეიქმნება გარემო, როცა ქუთაისში პარლამენტში მიმდინარე პროცესები აღმოჩნდება ყურადღების მიღმა და ეს არ იქნება შემთხვევითი:

”პოლიტიკოსისთვის საკუთარ ხალხთან შეხვედრის შემდეგ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მედიასთან კომუნიკაცია ( და ძირითადი მაუწყებლების ოფისები სწორედ თბილისშია), ასევე დიპლომატებთან ურთიერთობა. საელჩოები და საკონსულოები ქუთაისში ნამდვილად არ გადავა, ხომ? ლოგიკურად ჩნდება აზრი, რატომაც კეთდება ეს - რომ მოხდეს პარლამენტის როლის და პოლიტიკური გავლენის ნიველირება.”

პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებამ შეაფასებინა ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძესაც, რომელიც ამ ნაბიჯს უწოდებს არა დეცენტრალიზაციას, არამედ დეკონცენტრაციას, რაც ძირეულად განსხვავდება პირველისგან და ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი განყოფილებების შექმნას ნიშნავს. ხელისუფლების დედაქალაქიდან გასვლის მცდელობა, ლოსაბერიძის თქმით,ზოგ ქვეყნაში წარმატებით განხორციელდა, ზოგანაც კრახით დასრულდა - მაგალითად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

ქუთაისში ელიან, რომ პარლამენტის გადატანას ადგილზე ხალხის დასაქმება მოჰყვება, ქალაქი გამოცოცხლდება. თბილისში კი ფიქრობენ:
”პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.. თბილისი დედაქალაქია და აქაა პარლამენტის ადგილი. ხალხის აზრის გარეშე ასეთ რამეს არ უნდა წყვეტდეს ხელისუფლება, მაგრამ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება...”
”დედაქაალქი არის დედაქალაქი! და იქ უნდა იყოს ყველაფერი - მთავრობაც და პარლამენტიც.”

ოპოზიციამ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ სიტყვა „რეფერენდუმიც“ ახსენა - რატომ არ ჩათვალა ხელისუფლებამ საჭიროდ ხალხისთვის ეკითხა აზრი? პეტრე ცისკარიშვილი ხელისუფლების სახელით ამბობს:

”ეს არ არის იმ დონის და იმ მნიშვნელობის საკითხი, რომ რეფერენდუმი ჩაგვეტარებინა, თან რეგიონებს შორის გარკვეული დაძაბულობის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით. პარლამენტი სწორედ ის ორგანოა, რომელსაც შეუძლია გარკვეული პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.”

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელიც ახლა ყალიბდება, საკონსტიტუციო ცვლილებაზე ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს და დასკვნას პარლამენტს წარუდგენს. თავად პარლამენტის შენობის ბედი, რომელსაც მალე წინ ”ყოფილი” დაემატება, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ისინი მოხარულები იქნებიან, თუ ინვესტორები ამ შენობით დაინტერესდებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG