Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობის აქცია


პარლამენტის წინ შეკრებილმა 30-მდე ადვოკატმა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატები ასევე მოითხოვენ „უკანონო პატიმრების“ საქმეების გადასინჯვასა და რამდენიმე ეგრეთ წოდებული რეზონანსული საქმის ხელახლა გამოძიებას.
არიან ადამიანები, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და არიან ადამიანები, რომლებიც ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული უფლებებით...

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ ადვოკატების ერთმა ნაწილმა თბილისის მერიას ჯერ კიდევ 11 მაისს აცნობა, მერიის შენობაშივე დასახელდა აქციის გამართვის რამდენიმე მიზეზი, რომელთა შორის ადვოკატმა ლალი აფციაურმა უმთავრესი გამოყო: სასამართლოს დამოკიდებულება ხელისუფლებაზე.

17 მაისს საპროტესტო აქციაზე პარლამენტის წინ მართლაც შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადვოკატი, თუმცა მათ გარდა საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობა სხვა პროფესიის ადამიანებმაც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა შორის იყო ცნობილი ტელედიქტორი დავით სოკოლოვი, რომლის თქმითაც, საქართველოში კანონი არ კანონობს.
ვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას! გათავისუფლდნენ გირგვლიანის საქმის მოსამართლეები! გამოძიებულ იქნეს ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების საქმეები!..

„არიან ადამიანები, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და არიან ადამიანები, რომლებიც ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული უფლებებით. მათ შორის არიან ადვოკატები“, - უთხრა დავით სოკოლოვნმა რადიო თავისუფლებას.

სწორედ „განუკითხაობის დაგმობისა და ვითარების შეცვლის“ მოთხოვნით მიმართეს პარლამენტის წინ შეკრებილმა ადვოკატებმა ხელისუფლების სამივე შტოს. ვრცელი, შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველი მიმართვა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ წაიკითხა:

„ვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას! გათავისუფლდნენ გირგვლიანის საქმის მოსამართლეები! გამოძიებულ იქნეს ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების საქმეები! გამოძიებულ იქნეს ზურაბ ჟვანიას, გიორგი სანაიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები...“

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატები ასევე ითხოვენ: კორუფციაში ჩართული მოხელეების გამოსავლენად გამოძიების დაწყებას, ადვოკატების დევნა-დაპატიმრების შეწყვეტას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით სისხლის სამართლის კოდექსში 50-ე და 55-ე მუხლების აღდგენას, კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, სასჯელთა შეკრების პრინციპის გაუქმებას, სასამართლო და ფსიქიატრიული ექსპერტიზების პროკურატურის ზეწოლისაგან გათავისუფლებას და ასე შემდეგ.
სისტემა ახლა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ. მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი არის 60 პროცენტზე მეტი...

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შიმშილობის აქცია ხუთი დღე გაგრძელდება. თუმცა ადვოკატთა გეგმები მხოლოდ უახლოესი ხუთი დღით როდი შემოიფარგლება. ლალი აფციაურის თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს, ადვოკატები უფრო მასშტაბურ გამოსვლებს მოაწყობენ და პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან.

უნდა ითქვას, რომ მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ ადვოკატთა ნაწილის კრიტიკას არ იზიარებს არც ხელისუფლება და არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. აი რა განუცხადა დაახლოებით ერთი თვის წინ რადიო თავისუფლებას კოტე კუბლაშვილმა:
კოტე კუბლაშვილი

„სისტემა ახლა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ. მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი არის 60 პროცენტზე მეტი. ეს დასტურდება გამოკითხვით, რომელიც ჩატარდა 2011 წელს სამ დიდ საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ოზურგეთი და ხელვაჩაური), სადაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ 65 პროცენტი ენდობა სასამართლოს.“

უზენაეს სასამართლოს ასევე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია ადვოკატების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. სასამართლომ ადვოკატებს პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თითოეული ადვოკატის მიერ პროცესზე მაღალპროფესიული დაცვით მიიღწევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG