Accessibility links

logo-print

საქართველოს ”გრძელვადიანი ქორწინება” ევროკავშირთან


გუნარ ვიგანდი (ცენტრში), ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი პირი ევროკავშირის მხრიდან

გუნარ ვიგანდი (ცენტრში), ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი პირი ევროკავშირის მხრიდან

17-18 მაისს თბილისი მასპინძლობდა ევროკავშირ-საქართველოს ასოციირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს. საუბარია პროცესზე, რომლის დაწყებაც გასული წლის 15 ივლისს ბათუმში გამოაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა.
უკვე დახურულია, მაგალითად, გარემოს დაცვის, სამრეწველო პოლიტიკის, საბანკო სექტორისა თუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხები...


იმ დღის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს ევროკავშირის მხარე, თუმცა იქვე იმასაც ესმება ხაზი, რომ ევროკავშირთან ახლებურ ურთიერთობებში სარგებელს დამსახურებების მიხედვით მიიღებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ყველა ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც. რა მოლოდინი უკავშირდება ამ პროცესს თბილისის მხრიდან?

ასოციირების შესახებ შეთანხმებას მხარეები განიხილავენ ერთმანეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებისა და ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების უმთავრეს დოკუმენტად. ამ აქცენტს 18 მაისს, მედიასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა გუნარ ვიგანდმაც, ხსენებული შეთანხმების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელმა პირმა ევროკავშირის მხრიდან. აქვე ვთქვათ, რომ ვიგანდი აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორია ევროკავშირის საგარეო სამსახურში.

ჯერ ისევ ვმუშაობთ მთელ რიგ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ენერგეტიკა თუ კლიმატის ცვლილებები...

ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როდის დასრულდება მუშაობა ასოციირების შესახებ შეთანხმებაზე და როდის შევა ის ძალაში, თუმცა, როგორც გუნარ ვიგანდი ამბობს, მოლაპარაკებათა პროცესში მიღწეულია ”კარგი პროგრესი”, მაგალითად, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სექტორალური თანამშრომლობის ნაწილში 27 თავიდან უკვე დახურულია 15 თავი, ხოლო დანარჩენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი ჯერ კიდევ წინ არის:

”უკვე დახურულია, მაგალითად, გარემოს დაცვის, სამრეწველო პოლიტიკის, საბანკო სექტორისა თუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხები; ჯერ ისევ ვმუშაობთ მთელ რიგ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ენერგეტიკა თუ კლიმატის ცვლილებები... ხოლო იმ სფეროებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ ამიერიდან უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები, არის, მაგალითად, ტრანსპორტი, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სასაზღვრო თანამშრომლობა, სახელმწიფო ფინანსების მართვა და გადასახადები.”

გუნარ ვიგანდი ამბობს იმასაც, რომ ასოციირების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა ერთ დღეში გადასაწყვეტი საკითხი არ არის, რომ ეს მეტად რთული პროცესია და ის ჰგავს ”გრძელვადიან ქორწინებას”, რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს მრავალი ვალდებულების განხილვა უწევთ.

მეტი სიცხადისთვის განვმარტოთ, რომ ევროკავშირ-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმების პროექტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან და იწყება პრეამბულით, რომელშიც ზოგადად არის ასახული მნიშვნელოვანი პრინციპები და თემები; შემდეგ მოდის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სეგმენტი, რომელსაც მოსდევს იუსტიციის, სამართლისა და თავისუფლებების ნაწილი. მეოთხეა სექტორალური თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც მოიცავს 27 სხვადასხვა სფეროს, ხოლო მეხუთე ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ამ უკანასკნელ მიმართულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
ვისაც მაღალი დემოკრატიული სტანდარტი ექნება, ვინც მიაღწევს არსებით პროგრესს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა თუ რეფორმების სხვა ბევრი მიმართულებით, შეუძლია მეტი მოლოდინი ჰქონდეს...


25 მაისს ვაჭრობისა და ინვესტიციების ქვეკომიტეტი თბილისში გამართავს შეხვედრას, რომელზეც შეფასდება საქართველოს მიერ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები. თუკი ამ შეხვედრაზე დასტური მიღებული იქნება, შემდეგ უკვე ევროკავშირის ქვეყნების გადასაწყვეტია, თუ როდის აენთება მწვანე შუქი თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკავშირის წარმომადგენელი გუნარ ვიგანდი გამოთქვამს იმედს, რომ მოლაპარაკებების დაწყება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ შორეული მომავლის პერსპექტივა არ არის, რადგანაც პროგრესი შეინიშნება მთელი რიგი მიმართულებებით, იქნება ეს სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტები, ინდუსტრიული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრება თუ სახელმწიფო შესყიდვები.

საქართველოს მსგავსად, ევროკავშირი ახლებური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სხვა ქვეყნებთანაც, თუმცა მთელ ამ პროცესში, როგორც გუნარ ვიგანდი ამბობს, ევროკავშირის მხარდაჭერა დამსახურების მიხედვით განაწილდება:

”ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი მათთვის, ვინც მეტს აკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მაღალი დემოკრატიული სტანდარტი ექნება, ვინც მიაღწევს არსებით პროგრესს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა თუ რეფორმების სხვა ბევრი მიმართულებით, შეუძლია მეტი მოლოდინი ჰქონდეს... აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ამა თუ იმ ქვეყნის ნება - აითვისოს ევროპული ნორმები და სტანდარტები.”
ეს არის ჩვენი პროდუქციის, ჩვენი კაპიტალის, ჩვენი სერვისების თავისუფლება ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ევროკავშირის შემოსვლა ჩვენს ბაზარზე...


ვიგანდის განმარტებით, ევროკავშირში არ არის მოლოდინი, რომ ”საქართველო, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მთლიანად გადაიღებს ევროკავშირის 20 000-გვერდიან კანონმდებლობას” და, საერთოდ, თითოეულმა ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს, რამდენად გაიზიარებს ევროპულ ოჯახში მოქმედ წესებს. თუმცა არსებობს ერთი აუცილებელი ვალდებულებაც: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირმა ყველა ქვეყანას მოსთხოვა იმ სტანდარტების სრული დაკმაყოფილება, რომლებიც ევროპული ბაზრების ხელმისაწვდომობის საკითხს უკავშირდება. იმისათვის, რომ ამა თუ იმ პროდუქტმა ევროპულ ბაზარზე შეაღწიოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ტექნიკურ ნორმას. ვიგანდი დარწმუნებულია, რომ ამ ვალდებულების შესრულება ხელს შეუწყობს პოტენციური ინვესტორების მოზიდვას ამა თუ იმ ქვეყანაში.

საქართველომ დიდი ხანია გამოხატა სურვილი იმისა, რომ მზად არის მაქსიმალურად გაიზიაროს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც საქართველოს მთავარი წარმომადგენელია ასოციირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენთან საუბარში იმ 4 თავისუფლებაზე ლაპარაკობს, რის მიღებასაც ამ შეთანხმების ამოქმედების შედეგად მოელის საქართველო:
ჩვენ პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ვიზების გამარტივებაზე და ამ ჭრილში საბოლოო მიზანს წარმოადგენს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან...


”ეს არის ჩვენი პროდუქციის, ჩვენი კაპიტალის, ჩვენი სერვისების თავისუფლება ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ევროკავშირის შემოსვლა ჩვენს ბაზარზე... პლუს ამას, ჩვენ პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ვიზების გამარტივებაზე და ამ ჭრილში საბოლოო მიზანს წარმოადგენს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. და სწორედ ეს არის მეოთხე თავისუფლება - ადამიანების გადაადგილების თავისუფლება. ამ 4 თავისუფლების მიღწევა წარმოადგენს საშუალოვადიან მიზანს და ამის შემდეგ ერთადერთი, რაც დაგვრჩება, ეს არის საუბარი ევროკავშირის წევრობაზე.”

დაბოლოს, გავიხსენოთ, რომ, 2008 წელს ამოქმედებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ხელი უკვე მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ესაა შეთანხმებები სავიზო რეჟიმის გამარტივების, რეადმისიის, სამოქალაქო ავიაციისა და გეოგრაფიული ინდიკატორების შესახებ.
XS
SM
MD
LG