Accessibility links

საინტერესო კუთხით ხედავს „ვედომოსტიში“ ანალიტიკოსი პიტერ ვესტინი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს. ვესტინი ახსენებს საქართველოს, თუმცა მხოლოდ როგორც ერთ-ერთ ფაქტორს და ოფიციალურად დეკლარირებულ მიზეზს ვმოში რუსეთის გაწევრიანების წინაღობისა. თუმცა, როგორც ჩანს, ავტორის აზრით, ეს არაა მთავარი ფაქტორი. მთავარი ფაქტორი თავად რუსული ეკონომიკის თავისებურებაა. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავად რუსი მომხმარებლისთვის ეს დადებითი იქნებაო, წერს ავტორი, თვითონ რუსულ ბიზნესებს, როგორიცაა მანქანათწარმოება, ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა და მანქანათმშენებლობა, ეს პირველ ეტაპზე სერიოზულად დააზიანებსო. საუბარია საზღვრების გახსნაზე საზღვარგარეთული კომპანიებისთვის, რომლებთანაც, როგორც ჩანს, რუსულ ბიზნესებს კონკურენცია გაუჭირდებათ. მაგალითად, ავტორი ამბობს: ”მაღალი ინფლაციის და იმპორტის მოცულობის ზრდის ფონზე სულ უფრო მეტად გვესმის მოწოდებები, რომ დავიცვათ შიდა ბაზრის მწარმოებლები, რაც შესაძლოა მოვიდეს წინააღმდეგობაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებასთან.”

ავტორის მიხედვით, რუსეთის ვმოში გაწევრიანება დიდ სარგებელს მოუტანს ამერიკულ კომპანიებს, რადგან, მისი თქმით, მათი ექსპორტი რუსეთში, სულ მცირე, გაორმაგდება. ასევე ხელს აძლევსო ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. საქართველოს ფაქტორზე ავტორი არ საუბრობს, გარდა იმისა, რომ ახსენებს მას, როგორც ერთ-ერთ დეკლარირებულ წინაღობას ვმოში რუსეთის გაწევრიანების გზაზე.

„ნოვაია გაზეტაში“ ავტორი ნიკოლაი ვარდული ასევე სვამს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხს, ოღონდ ამ შემთხვევაში როგორც ერთ-ერთ განხეთქილების თემას პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის. თუ მხედველობაში მივიღებთ ვარდულის საკმაოდ ღია მიდგომას, რომ მედვედევი ქვეყნის ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის კურსის გატარებას ცდილობს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვლადიმირ პუტინი მათ რიგებშია, ვისაც რუსეთის მხრიდან ვაჭრობის მსოფლიო სივრცეში ღიაობა ნაკლებად სურს. ავტორს მოჰყავს პუტინის ციტატები, სადაც პრემიერი საუბრობს ’ნაციონალურ სუვერენიტეტზე’, როგორც მთავარ ფაქტორზე ქვეყნის მომავალი განვითარებისა, რაც, სავარაუდოდ,შეიძლება გამოიხატებოდეს ვმოს საკითხის კუთხით პროტექციონიზმის ლობირებაში. თუმცა თავად ავტორი ამ ფაქტორს ღიად ხაზს არ უსვამს. პროტექციონიზმი კი ნიშნავს მიდგომას, როცა ქვეყანა საზღვრების დაცვის გზით შიდა მწარმოებელთა დაცვას ცდილობს. თუმცა ეს მხოლოდ მცირე დეტალია რუსეთის განვითარების კურსის ვარდულის მიერ წარმოდგენილი ფართო სურათისა. მაგალითად, მეორე მხრივ, ვარდული საუბრობს მედვედევზე და მის კურსს ადარებს პეტრე პირველის მცდელობას, თუნდაც ხელოვნურ დონეზე, ქვეყანა გაეევროპელებინა:

”მედვედევი დგას იმ ისტორიულ ტრადიციაზე, რომელიც მოდერნიზაციაში ხედავს ევროპეიზაციის შანსს, რაც არის გადამწყვეტი ფაქტორი რუსეთის ჩამორჩენილობის დაძლევისა, ამასთან, არა მხოლოდ საწარმო-ეკონომიკურის, არამედ სოციალურის და პოლიტიკურისა.”

მეორე მხრივ, პუტინი, ავტორის თქმით, დგას ტრადიციაზე, რომელიც მმართველობის ფუნდამენტურ ცვლილებას მხარს არ უჭერს. როგორც ჩანს, მედვედევის პოზიცია თავისი შინაარსით სწორედ მმართველობის არსებული სისტემის დეცენტრალიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს. მედვედევი, ავტორის თქმით, ამას ხელოვნურად აკეთებს, მაგალითად, მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარებაზე აქცენტებით, თუმცა თავად ეს მიდგომა, როგორც ავტორი ასკვნის, გამოიწვევს იმ რადიკალურ ცვლილებებს, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ.
XS
SM
MD
LG