Accessibility links

სოფლის პროგრამის მონიტორინგს ლაგოდეხში მოსახლეობაც განახორციელებს


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა ლაგოდეხში უკვე დასრულდა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად დაიწყო მზადება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ლოლაძის განმარტებით, გამარტივებული შესყიდვის წესით, ძირითადად ადგილობრივი კომპანიების შერჩევა მოხდება. განსახორციელებელი პროექტები კი, როგორც გამგეობაში აღნიშნავენ, ხალხის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმა. აზრის გამოკითხვა ლაგოდეხში “კარდაკარის” პრინციპით მიმდინარეობდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პრიორიტეტს წელსაც სასმელ წყალსა და გზებს ანიჭებს.

ზოგიერთ პროექტზე, რომელზეც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა საკმარისი არაა, თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.

”მაგალითად, სოფელ თელაზე დაიგეგმა სარწყავი არხის მოწყობა, რისთვისაც დაახლოებით 2 500 ლარის გამოძებნა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოგვიწევს, რადგან სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხა პროექტის დასასრულებლად საკმარისი არაა”, - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი პროექტებიც გვხვდება, რომელთა სრულყოფილად განსახორციელებლად და შედეგის მისაღებად თანხები სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია იხარჯება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ირწმუნებიან, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი ყოველ წელს უმჯობესდება. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილი იმედოვნებს, რომ სოფლის დახმარების პროგრამასთან მიმართებით, გასული წლების გამოცდილების შემდეგ, თითოეულ სოფელში შედეგი წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა წელს 883 574 ლარი მიიღო. თანხა მუნიციპალიტეტის 66 სოფელზე განაწილდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს თავადაც განახორცილებენ.
XS
SM
MD
LG