Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გოდოგნელები კვლავ გზების შეკეთებას ითხოვენ


იმერეთის რეგიონი
იმერეთის რეგიონი
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სოფლებს შორის და სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე დასაკავშირებელი გზები შეკეთდა, თუმცა იმერეთის სოფლების მოსახლეობა ყველაზე ხშირად კვლავ ავარიულ გზებს უჩივის.

როგორც იმერელი გლეხები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, სოფლებისთვის გზების შეკეთება შარშანაც და წელსაც პრიორიტეტულია, რაზეც მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება თანხმდება კიდეც, თუმცა რესპონდენტები შესრულებული სამუშაოების რაოდენობითა და ხარისხით უკმაყოფილონი არიან.

სოფლის დახმარების პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გზების შეკეთება შარშან გადაწყდა. სოფელ გოდოგნის მცხოვრებნი ამბობენ, რომ გზა მათთანაც მოიხრეშა, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და პრაქტიკულად კვლავ გზის გარეშე დარჩნენ. გოდოგნელების თქმით, უგზოობა ტრანსპორტის მუშაობაზეც აისახება, რადგან დაზიანებულ გზაზე მიმოსვლა ჭირს და მიკროავტობუსის მფლობელები მუშაობაზე უარს ამბობენ.

გოდოგნის მკვიდრის ნათელა არაბიძის თქმით, ტრანსპორტის გარეშე გადაადგილება განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს უჭირთ, რადგან ფეხით 6 კილომეტრის გავლა უწევთ. რთული სოციალური პირობების გამო ახალგაზრდები სოფელს სულ უფრო ხშირად ტოვებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი გზის საფარის დაზიანებას ზამთრის უხვი ნალექით ხსნის. მიხეილ კვატაიას განმარტებით, წყლის სადინარების გაყვანა სოფლის რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხერხდება, რაც გზას აზიანებს.

„სოფელი გოდოგანი მთაგორიან ადგილზეა განფენილი, მოსახლეობა კი მრავალრიცხოვანი არ არის - სხვა სოფლებთან შედარებით, სოფლის დახმარების პროგრამით, მცირე თანხა მოუწიათ, თუმცა დავამატეთ რაიონული ბიუჯეტიდან და ისე შევაკეთეთ შარშან გზები. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ღვარსადენების გაკეთება და წვიმის დროს წყალი სავალ გზაზე მოედინება, რაც აზიანებს კიდეც მას. ჩვენ ვცდილობთ წელსაც შევაკეთოთ გზები გოდოგნის ყველა უბანში - სადაც ასფალტია დაზიანებული, დაიკერება, ნაწილი კი ისევ მოიხრეშება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიხეილ კვატაიამ.

თავის მხრივ, სოფელ გოდოგნის მოსახლეობა ხელისუფლებისგან სოფლის დახმარების პროგრამის მეორე ეტაპზე კვლავ გზის შეკეთებას ითხოვს, ამჯერად - ხარისხიანად და მოკლე დროში.
XS
SM
MD
LG