Accessibility links

ადამიანის უფლებები გორის რაიონში


შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისში

შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისში

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იმსჯელეს. დისკუსია ადამიანის უფლებათა სახლის, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსლის პროექტის ფარგლებში გაიმართა და მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველები მონიტორინგს ახორციელებენ საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. მაგალითად, ბოლო პერიოდში გორში ორი საპროტესტო აქცია მოეწყო. პირველი აქცია მოძრაობა „არამ“ ადგილობრივი ტელეკომპანიის მხარდასაჭერად გამართა. აქციის დროს საპატრულო პოლიციამ იმ მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმა, რომლითაც აქციის მონაწილეები თბილისიდან გორში ჩამოვიდნენ. გორელი უფლებადამცველების თქმით, მაშინ „არას“ წევრებმა აღიარეს, რომ მოძრაობის წესები დაარღვიეს. მეორე აქცია სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივი მცხოვრებლებისა და პოლიციელების შეტაკებით დასრულდა, აქციის დროს დააკავეს ორი ადამიანი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და სასამართლოზე ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის კოორდინატორის საბა წიწიკაშვილის თქმით, გორის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებებში ხშირად მიჰყავთ ახალგაზრდები, რომლებზეც ზეწოლას ახორციელებენ.

გორის რაიონში დაფიქსირებულია 65 შემთხვევა, როცა კერძო მესაკუთრემ სახელმწიფოს უჩივლა. საქმეთა დიდი ნაწილი საგადასახადო დავალიანებას ეხება, მაგრამ არის ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევებიც. პოლიტოლოგ შალვა ტლაშაძის თქმით, ხშირად უფლებაშელახული ადამიანები საკუთარი უფლებებისთვის არ იბრძვიან, ასეთ შემთხვევებში კი უფლებადამცველთა მიერ ადამიანების დაცვის ყველა მცდელობა უშედეგო იქნება.

გორში ადამიანის უფლებების შესახებ დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება და ნებისმიერ უფლებადარღვევის ფაქტზე იმსჯელებენ, ასევე გაგრძელდება მონიტორინგი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას პოლიციელთა ქმედებებზე, რაც მოგვიანებით სპეციალურ ანგარიშებში აისახება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG