Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას პორტუგალიაც მიიღებს


ევროს მოქმედების ზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პორტუგალიას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფენ. ახლა ჯერი საბერძნეთის პრობლემების განხილვაზეა - პრობლემების, რომლებიც სულ უფრო მეტად ღრმავდება. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს, რომელიც, როგორც ალბათ უკვე იცით, ნიუ-იორკში დააპატიმრეს, სექსუალური ძალადობის ბრალდებით.

ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ორშაბათ საღამოს შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური პრობლემების მქონე პორტუგალიას 78 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფენ. საბერძნეთის და ირლანდიის შემდეგ პორტუგალია ევროს მოქმედების ზონის მესამე ქვეყანაა, რომელიც ასეთ დახმარებას მიიღებს. პარალელურად, არ წყდება ხმები, რომ დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დასჭირდება საბერძნეთს.

პორტუგალიისთვის გამოყოფილ დახმარების პაკეტს თანაბარი წილით - ერთი მესამედით - შეავსებენ ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები, ევროკავშირის ბიუჯეტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

თავის მხრივ, პორტუგალიამ უნდა გაატაროს ის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მისმა მთავრობამ წარმოადგინა, მაგრამ პარლამენტმა უარყო, რაც ვადამდელი არჩევნების გამართვას იწვევს, რომელიც 5 ივნისისთვის დაინიშნა.

რეფორმები მოიცავს ბიუჯეტის საგრძნობ შემცირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პენსიები. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია გათვალისწინებული ჯანდაცვის და საზოგადოებრივი მომსახურების სფეროებში. საბოლოო მიზანია პორტუგალიის საბიუჯეტო დეფიციტის ამჟამინდელი მთლიანი შიდა პროდუქტის 9.1 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაყვანა 2013 წლისთვის, როგორც ეს პორტუგალიას ევროკავშირმა განუსაზღვრა.

ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლი რენი კმაყოფილი იყო პორტუგალიასთან მიმართებით მიღწეული შეთანხმებით: „ეს ამბიციური, მაგრამ რეალისტური პროგრამაა, რომელიც პორტუგალიას ფინანსური პრობლემების გადალახვას შეაძლებინებს და საფუძველს დაუდებს კონკურენტულ ეკონომიკას, რომელიც სამუშაო ადგილებსა და მდგრად ზრდას მოიტანს.“

დახმარების გამოყოფის გამო სიხარული გამოხატა პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა ფერნანდუ ტეშეირა დუშ სანტუშმა: „ეს ძლიერი, ამბიციური და ყოვლისმომცველი პროგრამა ყველა იმ გამოწვევას პასუხობს, რომელთა წინაშეც ახლა ვდგავართ.“

პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ცალკე გამოყო ფინეთი და ხაზგასმით აღნიშნა, ეს პროგრამა ყველა იმ პირობას თუ შეშფოთებას უპასუხებს, ფინეთის მთავრობას რომელიც ჰქონდაო. დუშ სანტუშის ამ სიტყვების მიზეზი ის იყო, რომ სწორედ ფინეთის გამო პორტუგალიისთვის დახმარების გამოყოფის საკითხი ბოლო კვირების განმავლობაში ბუნდოვან პერსპექტივად რჩებოდა.

ფინეთში გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში წარმატება და მესამე ადგილი მოიპოვა ევროსკეპტიკური შეხედულებებით ცნობილმა „ჭეშმარიტი ფინელების“ პარტიამ. ამავე დროს, ფინეთი ევროს მოქმედების ზონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ვალების მქონე სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გამოსაყოფად პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება - „ჭეშმარიტი ფინელების“ წარმატება კი ბევრმა დიდწილად იმის შედეგად აღიქვა, რომ ეს პარტია სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფის გაგრძელებას მწვავედ უპირისპირდებოდა და ამომრჩეველს ეს მოეწონა.

ფინეთის მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული კოალიციის პარტიის ლიდერმა და, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ირკი კატაინენმა, მოახერხა პორტუგალიის დახმარების გეგმისთვის მხარდაჭერის მოპოვება ფინეთის ყველა სხვა ძირითადი პარტიის მხრიდან. მაგრამ ფინეთმა პირობა მაინც წამოაყენა - კერძო კრედიტორებს მოსთხოვა შეთანხმებულიყვნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ვალის გასასტუმრებლად ლისაბონი სახელმწიფო საკუთრებას გაყიდის. ამასთან, მომავალში ფინეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას სხვა ქვეყნების დახმარებაში, თუკი სესხის მიმღები ქვეყანა ამ სესხს გარანტიით არ გაამყარებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს, საბერძნეთს, ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ათენისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე.

შარშან ათენმა უკვე მიიღო 110 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარება, რომელიც მას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს. მაგრამ არ წყდება ხმები, რომ ქვეყანას მალე დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დასჭირდება.

ევროკავშირმაც და საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც ეჭვები გამოთქვეს საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო გეგმის შესახებ. მათ სურთ საბერძნეთის მთავრობამ უფრო სწრაფად იმოქმედოს პრივატიზაციასთან დაკავშირებული გეგმების სისრულეში მოყვანის მიზნით.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს, რომლის სახელიც ორშაბათის შემდეგ სკანდალს დაუკავშირდა. ის ნიუ-იორკში, თვითმფრინავში დააკავეს და სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურების მცდელობაში დასდეს ბრალი.

17 ქვეყნის გამაერთიანებელი ევროს ჯგუფის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, უარი თქვა ვარაუდი გამოეთქვა იმის თაობაზე, თუ რა გავლენას იქონიებს სტროს-კანის დაკავება ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების დახმარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე. საკუთრივ ამ სკანდალზე კი მან შემდეგი განაცხადა: „შეხვედრაზე ბატონ სტროს-კანთან დაკავშირებულ ვითარებაზე არ გვისაუბრია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძალიან დაღონებული და შეწუხებული ვარ. ის ჩემი მეგობარია და მე ნამდვილად არ მომეწონა ის კადრები, რომლებიც ტელევიზიით ვიხილე ამ დილით. ეს უაღრესად სევდიანი და დრამატული იყო. მაგრამ ბატონი სტროს-კანი ამერიკული მართლმსაჯულების წინაშეა.“

ევროს ჯგუფი ამავე შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორი გახდება იტალიის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი. როგორც ვარაუდობენ, ამ კანდიდატურას იოლად დაამტკიცებს ევროპის პარლამენტიც და ცალკეული მთავრობებიც.
XS
SM
MD
LG