Accessibility links

logo-print

მუსლიმანთა რეგისტრაციას მოლდავეთში კამათი მოჰყვა


მოდავეთის ისლამური ლიგის პრეზიდენტი სერჯიუ სოკირკა

მოდავეთის ისლამური ლიგის პრეზიდენტი სერჯიუ სოკირკა

მოლდავეთში, სადაც სულ მალე ადგილობრივი არჩევნების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს, წინა პლანზე მოულოდნელად იჩინა თავი ახალმა დაპირისპირებამ. ქვეყნის მართლმადიდებელი ქრისტიანები და კონსერვატორი კომუნისტები თავს დაესხნენ მმართველ ლიბერალურ კოალიციას, ქვეყანაში პირველი მუსლიმანური არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების გამო. პრობლემა ცხადყოფს, თუ როგორ იზღუდება ტოლერანტობა ქვეყანაში, სადაც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებაა.

მოლდაველი მუსლიმანები სიხარულს ვერ მალავენ. ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ისლამურმა ლიგამ („ლიგა ისლამიკა“) გასულ თვეში, ბოლოს და ბოლოს, ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია და, როგორც ამ ლიგის წევრი, ირლანდიაში დაბადებული ისმაილ აბდელ ვაჰაბი აღნიშნავს, ლეგალური საქმიანობის უფლება მოიპოვა:

„ჩვენ ისლამს რეგისტრაციამდეც ვქადაგებდით, მაგრამ ძალიან უცნაური გრძნობაა, როცა ლოცულობ ოფიციალური აღიარების გარეშე. ახლა ჩვენ რეგისტრირებულნი ვართ და შეგვიძლია ერთად შევიკრიბოთ და აღვავლინოთ ჩვენი ლოცვები. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიდღესასწაულოთ თავისუფლად. ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს ჩვენ ყველა ის უფლება გვქონდეს, რაც თითოეულ მოლდაველს აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.“

მას შემდეგ, რაც მოლდავეთის პროდასავლურმა მთავრობამ აღიარა „ლიგა ისლამიკა“, მოლდავეთში მცხოვრებ მუსლიმანებს იმედი მიეცათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ მეჩეთსაც ააშენებენ. მოლდავეთში, სადაც ოფიციალურად 2000, ხოლო არაოფიციალურად 17 ათასი მუსლიმანი უნდა ცხოვრობდეს, მუსლიმანთა ორგანიზაციას მხოლოდ დროებითი სალოცავი აქვს.

თუმცა მოლდაველი მუსლიმანების სიხარული მაინც ნაადრევია. ამ ქვეყანაში მათ ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, პირველ ყოვლისა, მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახით, რომლის მწყემსმთავარმა, მიტროპოლიტმა ვლადიმირმა, ხელისუფლების ამ ნაბიჯს უწოდა ქვეყნის უმრავლესობაში მყოფი ქრისტიანების „დამცირების“ მცდელობა. სხვა საეკლესიო პირებმა კი განაცხადეს, მუსლიმთა ასოციაციის რეგისტრაცია, შესაძლოა, დაძაბულობის მიზეზი გახდესო. მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას მხარს უბამს მოლდავეთის კონსერვატიული, კომუნისტური პარტია. მოლდაველი კომუნისტების ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურთან საუბარში „მკრეხელობა“ უწოდა მუსლიმანთა ლიგის რეგისტრაციაში გატარებას:

„ორი კვირით ადრე აღდგომამდე, რომელიც ჩვენი უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაულია, რეგისტრაციაში გატარება იმ კულტისა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს მართლმადიდებლურ რელიგიას - ეს მკრეხელეობაზე უფრო მეტია. ბოლომდე არც კი ვიცი, თუ სხვანაირად როგორ შეიძლება ამის შეფასება.“

მოლდავეთის მუსლიმანთა ლიგის - „ლიგა ისლამიკას“ - ლიდერი სერჯიუ სოკირკა ამბობს, რომ იმედგაცრუებულია ასეთი რეაქციის გამო და იქვე შენიშნავს, რომ ის თავად ყოფილა მსხვერპლი ასეთი მიდგომისა:

„ყოველთვის, როდესაც პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ვიკრიბებოდით, ჩვენი კულტურული ცენტრის შესასვლელთან იდგნენ პოლიციელები. მათ სურდათ გაეგოთ, თუ ვინ შედიოდა და გამოდიოდა შენობიდან. ისინი ადგენდნენ რაღაც გაუგებარ სიას და მას უშიშროების სამსახურს გადასცემდნენ. პირადად მეც დავუკითხივარ პროკურორებს იმის გამო, რომ ვიცავდი ისლამის რჯულს, რომელიც აკრძალული იყო მოლდავეთში.“

ისლამის მიმდევართა საკითხში მოლდაველი კომუნისტებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციათა თანხვედრა სწორედ ძალაუფლებისათვის ბრძოლის კონტექსტში განიხილება. ივნისში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, სადაც ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან მოლდავეთის კონსრევატიული და პროდასავლური ძალები, მმართველი ალიანსის სახით. კომუნისტები შეეცდებიან მიაღწიონ რევანშს, რისთვისაც მათ სჭირდებათ ელექტორატის კეთილგანწყობის მოპოვება. სწორედ ამავე მიზეზით, მოლდაველმა კომუნისტებმა, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა აქვთ საკანონმდებლო ორგანოში, შეძლეს ჩაეგდოთ დასავლური ყაიდის კანონპროექტი, რომელიც სექსუალურ დისკრიმინაციას კრძალავს.

ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა თითქმის თანაბრად იყოფს პოლიტიკურ ლანდშაფტს მოლდავეთში. 2009 წლის შემდეგ, არჩევნებს მოსდევს არჩევნები, თუმცა პარლამენტში არც კომუნისტებს აქვთ საკმარისი წარმომადგენლობა და არც პროდასავლურ-ლიბერალურ კოალიციას იმისათვის, რომ აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი და უზრუნველყონ დასავლური რეფორმების გატარება.
XS
SM
MD
LG