Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი-ლებედევის ადვოკატებმა სააპელაციო სარჩელი მოამზადეს


17 მაისს მოსკოვის სასამართლოს უნდა განეხილა ნავთობმაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის პლატონ ლებედევის სააპელაციო სარჩელი, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ თავად დაცვის მხარის თხოვნით სარჩელის განხილვა ერთი კვირით გადაიდო. თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ ფლობს უამრავ ფაქტს, რითაც თვალნათლივ დაამტკიცებენ, რომ ხოდორკოვსკი-ლებედევის მიმართ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი გამოიტანა.

გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსთვის სააპელაციო სარჩელის განხილვის გადადება ეთხოვათ, ხოდორკოვსკისა და ლებედევის ადვოკატებმა რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის 18 მაისის პრესკონფერენციას დაუკავშირეს. ადვოკატების აზრით, სასამართლოს სხდომის გადატანის წყალობით, სახელმწიფოს მეთაური ხოდორკოვსკისა და ლებედევის ბედის გამო „უხერხული“ შეკითხვების დასმას „გადაურჩება“. თუმცა ეს პოლიტიკური მომენტი დაცვის მხარეს ხელს არ უშლის ამტკიცოს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონო და გაყალბებულია. აი, რა განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვადიმ კლიუვგანტმა დაცვის მხარის მოტივაციაზე:

„ჩვენ ამ დღეებში საჯაროს გავხდით ბევრ ისეთ ფაქტს, რომლებიც უცილობლად დაამტკიცებენ, რომ ადამიანს, რომელიც 20 თვის განმავლობაში უძღვებოდა სასამართლოს და რომელიც დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი იურისტი და მოსამართლეა, არ შეეძლო შეექმნა განაჩენად წოდებული ისეთი ქმნილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მანამდე კი სასამართლოს დარბაზში მოვისმინეთ.“

სასამართლოს განაჩენი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც პროცესის თავმჯდომარე მოსამართლის ვიქტორ დანილკინის თანაშემწემ, ნატალია ვასილევამ, საქვეყნოდ განაცხადა, რომ ზემოხსენებული ვერდიქტი მოსამართლემ მასზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიღო. ვასილევამ, რამდენიმე რუსულ მედიასაშუალებას უთხრა, რომ მოსამართლეს განაჩენი არ დაუწერია და რომ მან ის მხოლოდ პროცესზე წაიკითხა. თუმცა მოსამართლე დანილკინმა უარყო ეს ბრალდებები, ხოლო ვასილევამ მარტში გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. შესაბამისად, დაცვის მხარის ადვოკატი ვადიმ კლიუვგანტი აცხადებს, რომ განაჩენი გამოტანილია ყალბი ბრალდებების საფუძველზე, თითქოს ხოდორკოვსკიმ და ლებედევმა დაიტაცეს დიდი რაოდენობით ნავთობი, რასაც ადგილი არ ჰქონია:

„გაუგებარია, დატაცებული ნავთობის რა რაოდენობა გაითვალისწინა სასამართლომ ამ განაჩენში, თუკი ამ ე.წ. განაჩენში წერია, რომ დატაცებულია უფრო მეტი, ვიდრე მოპოვებულია.“

გასული წლის 30 დეკემბერს მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ, ნავთობის დატაცების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კომპანია „იუკოსის“ ყოფილ მფლობელებს მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია. მსჯავრდებულების ადვოკატი ვადიმ კლიუვგანტი ამის დასტურად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას: „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“, რაც პუტინმა სასამართლოს ვერდიქტამდე 2 კვირით ადრე გააკეთა. 2011 წლის „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშში, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა, ხოდორკოვსკისა და ლებედევის სასამართლო მოხსენებულია როგორც „მიკერძოებული“, რომელსაც თან ახლდა „პროცედურული დარღვევები, ძალადობა მოწმეებზე და სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე უარის თქმა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშს „პოლიტიკურად მიკერძოებული“ უწოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG