Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხაში დევნილების საცხოვრებელი ხელახალ რემონტს საჭიროებს


წალენჯიხაში, "ჰიგიენის“ ყოფილ სახლში, აფხაზეთიდან დევნილი 15 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსი ერთი წლის წინ სამშენებლო კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ გაარემონტა. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ახალ დასახლებაში გადასვლაზე დევნილები გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების გამო დათანხმდნენ.

თეთრად შეღებილი, გარემონტებული კორპუსის შესასვლელს არა აქვს კარი. დერეფანში იატაკია აყრილი, კედლიდან ბათქაშია ჩამოშლილი, შენობის სარდაფში კი სარემონტო სამუშაოების დროს დარჩენილი ნაგავი ყრია. ოთახების კედლები დანესტიანდა და ობი მოიკიდა.

ოჩამჩირიდან დევნილი ფიქრია ლემონჯავა ამბობს, რომ ნესტიან და დაობებულ პატარა ფართში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უწევს ცხოვრება.

„კორპუსში ჩვენი შემოსვლიდან ორ თვეში გაფუჭდა კედლები. საძინებელში ოთხივე კედელია დაობებული, რის გამოც ზამთარში ხშირად და ხანგრძლივად მიწევდა ოთახის განიავება. ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მეშინია არ დაავადდნენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ობი იმიტომ გაჩნდა, რომ ოთახში სუნთქავთო. ვერ გავიგე, აღარ ვისუნთქოთ?“ – კითხულობს ოჩამჩირიდან დევნილი.

კორპუსში არსებულ სხვა პრობლემებზე გვიამბობს ფიქრიას მეზობელი, სოხუმელი ნუნუ ჩიქოვანი. მისი თქმით, ოთახში ფანჯრები ისეა ჩასმული, რომ ზოგიერთის გაღება ვერც ხერხდება. გაუმართავია ასევე წყალგაყვანილობის სისტემა:

„ჩემთან წყლის მილებია არასწორად დამონტაჟებული და საპირფარეშოში ჩარეცხილი წყალი აბანოში ამოდის. რეზინის ჩექმებით მიწევს ტანსაცმლის რეცხვა. მეუღლემ რამდენჯერმე სცადა მილების გასწორება, თუმცა უშედეგოდ. აუცილებელია კაფელის აყრა და მილების სწორად დამონტაჟება, რასაც უსახსრობის გამო ვერ ვაკეთებთ.“

„სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ვთხოვეთ შენობის რეკონსტრუქციის გეგმა ჩვენთვისაც გაეცნოთ. – უარი გვითხრეს, დაპროექტება ჩვენ არ გვეკუთვნის, ხოლო კორიდორის გარემონტება პროექტით არ არის გათვალისწინებულიო. გვაინტერესებს, რატომ აყარეს ძველი კაფელი, თუ ახლის გაკეთება არ იგეგმებოდა?!“ - ამბობს სოხუმიდან დევნილი ქალი.

სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენელი შახი ლატარია ამბობს, რომ კედლებზე გაჩენილი ობის მიზეზი წალენჯიხაში ჰაერის მაღალი ტენიანობა და კორპუსის სიახლოვეს გამდინარე ცხენისწყალია. მისივე თქმით, ამჟამად საცხოვრებელი 18 წლის წინ აბანო იყო და შესაძლოა კედლები ბოლომდე გამომშრალი არ იყოს. ამიტომ ის დევნილებს ურჩევს, ოთახები ხშირად გაანიავონ.

„ძალიან სწრაფ ტემპში გვიწევდა მუშაობა. პატარ-პატარა ხარვეზები ადამიანებმა საკუთარ სახლებში თვითონაც უნდა გამოასწორონ. ჩვენი მშენებლები უკვე მუშაობენ ამ დასახლებაში და კედლებს ხელახლა ღებავენ. ზაფხული მოდის და ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ოთახებს უფრო ხშირად გაანიავებს და კედლებიც გამოშრება. რაც შეეხება შენობის კორიდორს და შესასვლელ კარს, ჩვენ მხოლოდ ის გავარემონტეთ, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული“, გვითხრა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ზუგდიდში.

იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზები უახლოეს ხანში თუ არ გამოსწორდა, კორპუსში ცხოვრება შეუძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG