Accessibility links

logo-print
8 მაისი, კვირა
გუშინწინ გიორგობა იყო (ძველი სტილით - 23 აპრილი) – „დღე დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედისა გიორგისი“. წელს ეს დღე პარასკევს დაემთხვა და დღესასწაულობა არ ეგებოდა. სამაგიეროდ, ჩვენმა კათალიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა დღეისათვის დანიშნა სვეტიცხოვლის ტაძარში. წირვის შემდეგ აქვე გაიმართება გვარების კურთხევის ცერემონია.

აქამდე ყველა გვარი სამების დიდ ტაძარში დაილოცა, მაგრამ დღეს, რაკი გიორგობის სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, გვარების კურთხევაც აქვეა დანიშნული. ამჯერად ეს პატივი წილად ხვდა ოთხ გვარს: კახიანებს, კახაბერიძეებს, ნაკაიძეებს და ჭუმბურიძეებს.

ამ გვარებს შორის ჭუმბურიძე ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია. მის წარმომადგენელთა საერთო რიცხვი 4000-ს აღემატება. ისტორიულ საბუთებსა და ჩანაწერებში ჭუმბურიძეების გვარი გვხვდება მე-16 საუკუნიდან. უმეტესწილად ისინი საეკლესიო გლეხები არიან, მაგრამ არაიშვიათად გვხვდებიან აზნაურებიც. იმერეთის თავადთა და აზნაურთა საოჯახო სიაში, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებშია შედგენილი და დამტკიცებულია რუსეთის იმპერატორის მიერ 1850 წელს, შეტანილია აზნაურ ჭუმბურიძეთა 18 ოჯახი 107 სულის რაოდენობით.

დღეს მე მღელვარებით ველოდები ამ ჩემს თანამოგვარეებთან შეხვედრას სვეტიცხოვლის ტაძარში. გვარების კურთხევის დროს ამ გვარის გერბი და დროშაც იქნება წარმოდგენილი. ჩვენი გვარის დროშა, გერბი და ჭუმბურიძეების სახელზე შექმნილი ხატიც - ყველაფერი ჩვენი თანამოგვარეების მიერვე არის გაკეთებული და ესეც მეამაყება.

ამინდი თითქოს ხელს არ გვიწყობს და მოღუშულია, მაგრამ მე მაინც ისეთი განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩვენი ოჯახიდან ჩემი მეუღლე ვერ მოდის, მე და ჩემი ქალიშვილები კი ჩემი შვილიშვილის მანქანით მცხეთისაკენ გავემართეთ. სვეტიცხოველში ყოველთვის ხალხმრავლობაა, ახლა კი - განსაკუთრებით. გამახარა ახალგაზრდებისა და ბავშვების სიმრავლემ. მათ შორის არიან ჩემი ძმის, მერაბის, პატარა შვილიშვილები: კახა, ილია და ნიკოლოზი.



პატრიარქის მიერ გვარის დალოცვის შემდეგ გამოვიშალეთ სვეტიცხოვლის ეზოში, გამოვაბრძანეთ ჩვენი ახლად ნაკურთხი, ძალიან ლამაზი წმინდა გიორგის ხატი, საგვარეულო დროშები და გერბი. ნაცნობებმა ერთმანეთი მოვიკითხეთ, ბევრს ახლა გავეცანით. ნათესავებს და მოგვარეებს რამდენიმე უფროსი თაობის ადამიანი მიესალმა, მერე ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდობა, რესტორანში წავიდა. რამდენიმე კაცი ჩემს ძმიშვილთან შევიკრიბეთ, სადაც დროებით იქნება დაბრძანებული საგვარეულო ხატი, მერე კი სხვა ოჯახებსაც მოივლის. ასეთი საგვარეულო შეკრებები სხვა დროსაც იმართებოდა, მაგრამ პატრიარქის დალოცვით სხვა ელფერი ეძლევა.

9 მაისი, ორშაბათი
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, რომელსაც მთელი მსოფლიო ზეიმობს, ჩვენთან კი ეს დღე ერთ ხანს ამოიღეს საზეიმო თარიღების რიცხვიდან. ახლა, მართალია, დასვენების დღე აღადგინეს, მაგრამ მე მგონია, რომ სათანადოდ არ აღუნიშნავთ.

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ქართველ ხალხს ეს დღე მიულოცა, რის პასუხადაც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ქართველი ხალხი მედვედევის მილოცვას არ მიიღებსო, მედვედევს კი „კლოუნი“ უწოდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „ფუჰ, შენი!“ პირადად ჩემთვის, როგორც ყველა მამულიშვილისთვის, მოუშუშებელია ის ტკივილი, რომ საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ მდგომარეობის გამოსწორებამდე ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ნორმალურ კალაპოტში ვერ ჩადგება, მაგრამ ვერც ასეთ სტილს ვეგუები.

10 მაისი, სამშაბათი
10 მაისი ჩემი უმცროსი ქალიშვილის - ნინიკოს დაბადების დღეა. ორი ქალიშვილი მყავს და ორივე უკვე გადასცილდა ნახევარი საუკუნის მიჯნას. ორივენი მეცნიერულ მუშაობას ეწევიან და წარმატებით უძღვებიან თავიანთ საქმეებს. ნინიკო ოთხი შვილის დედაა, უფროსი ვაჟი - ზურაბი უკვე 24 წლისაა, მისი მომდევნო, ნუცა, - 21-ის, ორივენი მაგისტრატურაში სწავლობენ. მესამე შვილიშვილი, გოგლო, სტუდენტია, მეგობრებთან ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. ნაბოლარა ლელიკო 11 წლისაა, დადის ცურვაზე, სიმღერაზე, ინგლისურზე, მაგრამ ყველაზე მეტ დროს მაინც კომპიუტერთან ატარებს. დედამისისაგან და, საერთოდ, სხვებისგან ყველაზე მეტ დროს ის მოითხოვს. ჩემი და ჩემი მეუღლის სიმდიდრე და ბედნიერება ჩვენი შვილიშვილების სიკეთე და ჯანმრთელობაა. საღამოს შინაურები და ნინიკოს ახლო მეგობრები იკრიბებიან. ჩემი ქალიშვილის მეუღლე, რამაზი, სკაიპით გვილოცავს ამერიკიდან, სადაც მივლინებაშია. თამადა ზურიკოა.

11 მაისი, ოთხშაბათი
10-11 მაისს საქართველოს ქრისტიანული კვლევის ცენტრმა გამართა მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: „ქართველი ათონელები და ქრისტიანული ცივილიზაცია“. სიმპოზიუმი მიეძღვნა წმინდა გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავს. ეს იყო მართლაც უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც ნათლად დაგვანახვა ქართული კულტურის როლი და ადგილი მსოფლიოს უდიდესი მართლმადიდებლური ქვეყნების გვერდით. სიმპოზიუმში მონაწილეობენ მეცნიერები ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან... ძალიან საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს პოლონელმა დეკანოზმა ჰენრიკ პაპროცკიმ, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძემ), დეკანოზმა ბიძინამ (გუნიამ), პროფესორმა მაია რაფავამ, პროფესორმა გრივერ ფარულავამ, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ. სამწუხაროდ, ყველა მოხსენებას ვერ დავესწარი, რადგან ჩემი ლექციები მქონდა უნივერსიტეტშიც და სასულიერო აკადემიაშიც.

12 მაისი, ხუთშაბათი
დღეს ანდრია პირველწოდებულის დღეა. მან პირველმა იქადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში. ადრევე იყო დათქმული, რომ დღეს უნდა ჩაეყარათ ახალი ეკლესია-მონასტრის საძირკველი მახათას მთაზე. მსვლელობა მახათას მთისკენ 3 საათზე უნდა დაწყებულიყო სამების ტაძრიდან. სამებიდან მახათას მთამდე დაახლოებით 4 კილომეტრია, მაგრამ გზა ცუდია, ღორღიანი და შემდეგ შიშველი მინდორია. თანაც, მოღრუბლული დღეა და შიგადაშიგ წვიმს. ყველაზე უარესი ისაა, რომ მახათას მთაზე ერთი სკამი კი არა, ქვაც არაა, რომ კაცი ჩამოჯდეს და ცოტა მუხლი დაასვენოს. საზეიმო მიტინგი, მილოცვები და კონცერტი მხოლოდ 6 საათზე დაიწყო და საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა. გზადაგზა წვრილი ქვები ეყარა (რომელსაც მოსულები კრებდნენ, ზედ წარწერებს უკეთებდნენ და ისე ათავსებდნენ ორმოებთან, საძირკველთან). ასეთი დისკომფორტის მიუხედავად, საერთო განწყობა მაინც საზეიმო იყო. აქაც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ახალგაზრდებისა და ბავშვების სიმრავლე.

13 მაისი, პარასკევი
დღეს 12 საათამდე შინ ვმუშაობდი. 2 საათზე სასულიერო აკადემიაში სამეცნიერო საბჭოს სხდომას უნდა დავსწრებოდი. გადავწყვიტე, მანამდე ბანკში შემევლო და ხელფასი ამეღო. ორი თვეა, რაღაც შეფერხებას აქვს ადგილი. როგორც გამოირკვა, ხელფასი ჯერ კიდევ არ იყო გადმორიცხული, მაგრამ მე დრო ცოტა მქონდა და ამ საქმეს შევეშვი. დავესწარი საბჭოს სხდომას და დავბრუნდი შინ. მივუბრუნდი ჩემს დღიურებს, რაც ჩემთვის უკვე დიდი ხნის მივიწყებული საქმეა.

14 მაისი, შაბათი
დღეს თამარობაა, ჩემი უფროსი ქალიშვილის სახელობის დღე. ოჯახის წევრებმა ყოველგვარი საოჯახო საქმისაგან გამათავისუფლეს და მაიძულეს, რომ ჩემი დღიურები საბოლოოდ მომეწესრიგებინა. როგორც იქნა, ამ საქმეს მოვრჩი. ახლა ველოდები საღამოს, რომ შინაურებთან და ახლობლებთან ერთად მშვიდად გავატარო ეს საღამო.

საბოლოოდ, ამ დღიურებს რომ გადავავლე თვალი, როგორღაც მაინც კმაყოფილი ვარ: მომაგონა დედაჩემი, ბავშვობაში დღიურების წერას რომ მაჩვევდა და მარიგებდა: მნიშვნელოვანი ამბები უნდა გაიხსენო, ყველაფრის აღწერა საჭირო არ არისო. ვერ ვიტყვი, ახლა რამდენად გამომადგა დედის დარიგება...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG