Accessibility links

საოკუპაციო ჯარებმა საჩხერის რაიონის ორი მცხოვრები დაჭრეს


რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში

რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში

დღეს დილით 8 საათზე სროლის ხმა ისმოდა საჩხერის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩოლთოს ხეობაში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ჭალოვანში მცხოვრებ 5 ახალგაზრდა მამაკაცს. სროლის შედეგად 2 დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანის - 17 წლის შოთა ლომსაძის მდგომარეობა მძიმეა.

ჩოლთოს ხეობაში ოსური მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებიდან გახდა ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია:
ახალგაზრდებმა სცადეს გაქცევა. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. სროლის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე...


”18 მაისს, დაახლოებით დილის 8 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში, რა დროსაც მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა სცადეს გაქცევა. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. სროლის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე, რომლებსაც ამ წუთებში უტარდებათ გადაუდებელი ოპერაცია. მათ შორის მძიმედ არის დაჭრილი ადგილობრივი სკოლის მოსწავლე, 17 წლის ახალგაზრდა.”

დაჭრილები, 17 წლის შოთა ლომსაძე და 27 წლის შოთა შუბითიძე, საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში დილის 10 საათზე მიიყვანეს. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საავადმყოფოს მთავარ ექიმს დავით სერგეენკოს:

”17 წლის ახალგაზრდას ჰქონდა 2 ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. აქედან ერთი იყო მუცლის არეში შემავალი, მეორე გულ-მკერდის ღრუში შემავალი და გამავალი. 27 წლის ბიჭს ჰქონდა ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მენჯის არეში და აქვს ბარძაყის ძვლის თავი დაზიანებული. პირველ პაციენტს, 17 წლის შოთა ლომსაძეს, დასჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რადგან მუცლის ღრუს ორგანოები იყო დაზიანებული. ახლა იგი რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოდ, 50 პროცენტზე მეტია გართულების ან ფატალური დასრულების რისკი.”
კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ მოქალქეები, რომ ამ არაადამიანური საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მაქსიმალურად თავი შეიკავონ საოკუპაციო ხაზთან მიახლოებისაგან...


როგორც დავით სერგეენკომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, არასრულწლოვანი დაჭრილი შესაძლოა თბილისში გადაიყვანონ.

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის, განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნით, ოსურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია:

”არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი მცხოვრები წინასწარ განზრახვის გარეშე კვეთს ადმინისტრაციულ ხაზს, საოკუპაციო ხაზს, მისი დაკავებაც კი არ შეიძლება, არამცთუ ცეცხლის გახსნა. ის უნდა გააფრთხილონ და გამოუშვან უკან. შევეცდებით, რომ უზრუნველვყოთ მოქალაქეთა უსაფრთხოება: კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ მოქალქეები, რომ ამ არაადამიანური საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მაქსიმალურად თავი შეიკავონ საოკუპაციო ხაზთან მიახლოებისაგან.”
2009 წელში ანალოგიური ფაქტი იყო. ჩვენი მცხოვრებლები გაიტაცეს იმავე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნელებმა...

საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ ანალოგიური შემთხვევა ერთი წლის წინაც მოხდა:

”2009 წელში ანალოგიური ფაქტი იყო. ჩვენი მცხოვრებლები გაიტაცეს იმავე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნელებმა. თუმცა ამ ბოლო დროს აღარ ყოფილა რაიმე ექსცესი. მოსახლეობა გაფრთხილებული კი გვყავდა, მაგრამ ახლა ჯონჯოლის შეგროვების პერიოდია და, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ უსაფრთხო იყო, მაგრამ... ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.”

ოსური მხარის მტკიცებით, ინციდენტი ზნაურის რაიონის სოფელ ლოპანში მოხდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ ცეცხლი დაუდგენელმა პირებმა გახსნეს.

ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რომლის ქართული მხარისათვის გადაცემასაც უახლოეს პერიოდში აპირებენ. ამ ინფრომაციას არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცეცხლის გახსნის ფაქტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მომხდარს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა. დეპუტატთა განცხადებით კი, საჩხერის რაიონში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG