Accessibility links

logo-print

იურიე ლეანკა: „დნესტრისპირეთში უნდა შევამციროთ სამხედრო შემადგენელი“


მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურიე ლეანკა

მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურიე ლეანკა

მოლდავეთის საგარეოპოლიტიკური ვექტორი, ურთიერთობა რუსეთთან, დნესტრისპირეთის კონფლიქტის შედარება სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებთან და საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის პერსპექტივა - ამ თემებზე ისაუბრა მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურიე ლეანკამ, რომელიც 17 მაისს რადიო თავისუფლების სათავო ოფისს ესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს.

იურიე ლეანკას ინტერვიუს მთავარი თემა არ ყოფილა საქართველო და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები. თუმცა ჩვენი რადიომსმენელისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება იმის გაგება, თუ რას ფიქრობდა და განიცდიდა იგი 2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო:
ყველაზე ცუდია, როდესაც დიპლომატების ნაცვლად ქვემეხები და სამხედროები ლაპარაკობენ...

„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არ იყო ყველაზე სასიამოვნო წუთები, იმიტომ რომ, პირველ ყოვლისა, ფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებიც იმ მომენტში ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს დანარჩენ ნაწილებში. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ვერ გამოინახა საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რატომღაც საომარი გზა ჩაითვალა პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად. ყველაზე ცუდია, როდესაც დიპლომატების ნაცვლად ქვემეხები და სამხედროები ლაპარაკობენ. მიხარია, რომ ამის შემდეგ, რამდენადაც მესმის, აღარ ხდება სამხედრო დაპირისპირება. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს სამხედრო შემადგენელი, სამხედრო კომპონენტი შემცირდება.“

თუმცა, როგორც მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურიე ლეანკა აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს იგი, პირველ ყოვლისა, დაფიქრდა მოლდავეთის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის შემდეგ დნესტრისპირეთში აღარ მომხდარა სამხედრო შეტაკება, მინისტრის აზრით, საჭიროა იმაზე დაფიქრება, რომ შემცირდეს რუსეთის სამხედრო ძალა დნესტრისპირეთში ანდა მოხდეს მისი ტრანსფორმირება:

„ვფიქრობ ასევე, რომ უნდა შევამციროთ სამხედრო შემადგენელი ჩვენს რეგიონში. ამის თაობაზე ვესაუბრე მოსკოვში ბატონ ლავროვსა და სხვა კოლეგებს, რომ მოხდეს დემილიტარიზება იმავე სამშვიდობო ძალებისა, რომლებიც ჯარისკაცებისაგან შედგება, და ამის ნაცვლად ჩამოყალიბდეს სამშვიდობო ძალები, რომლებიც უფრო მეტად სამოქალაქო პირებისა და, შესაძლოა, პოლიციური სპეციალისტებისაგან იქნება დაკომპლექტებული. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შემადგენლობა ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას, სწორ ფსიქოლოგიურ სიგნალს გაუგზავნის მათ, ვინც დნესტრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე ცხოვრობს.“

შეკითხვაზე, თუ რით განსხვავდება დნესტრისპირეთის სიტუაცია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა თუ მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციისაგან, მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, გარკვეული მსგავსების მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც:
ჩვენ შორის არ არსებობს კონტაქტების სრული წყვეტა. ეს, ვფიქრობ, ყველაზე კარგი ელემენტია, რასაც შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენ დიდი პრობლემის მოგვარებაში - ხელი შეუწყოს ქვეყნის გაერთიანებას...

„ყველაზე დიდი განსხვავება იმაშია, რომ ყოველგვარი დაბრკოლებისა და ბარიერის მიუხედავად, რაც ყოველდღიურ ურთიერთობებში არსებობს, ადამიანები ახერხებენ ურთიერთობას. არ მომხდარა ისე, რომ ურთიერთობა სრულებით შეწყვეტილიყო. რამდენადაც ვიცი, ნაწილი ადამიანებისა, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, დნესტრისპირეთის მარცხენა ნაპირიდან გადმოდის მარჯვენა ნაპირზე და იქ მათ ისევე ეპყრობიან, როგორც მოქალაქეებს, რომლებიც დნესტრის მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობენ. ნახეთ, როგორ მუშაობენ კომპანიები და ეკონომიკური აგენტები დნესტრისპირეთში. იცით, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეფერენციები ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასე რომ, ყველა კომპანია, რომელიც დნესტრისპირეთშია და დაინტერესებულია ევროკავშირთან ვაჭრობით, ყველა ეს კომპანია დარეგისტრირებულია კიშინიოვში და სარგებლობს იმავე უფლებებით, იმავე შეღავათებით, რითაც სხვა მოლდავური საწარმოები სარგებლობენ. ასე რომ, ჩვენ შორის არ არსებობს კონტაქტების სრული წყვეტა. ეს, ვფიქრობ, ყველაზე კარგი ელემენტია, რასაც შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენ დიდი პრობლემის მოგვარებაში - ხელი შეუწყოს ქვეყნის გაერთიანებას.“

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის პერსპექტივას. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, მონაცვლეობის პრინციპით, სწორედ მოლდავეთია. თუმცა ოთხი სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთისაგან შემდგარი ორგანიზაციის პერსპექტივა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნება გამოყენებული არსებული პოტენციალი, - ამბობს მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურიე ლეანკა.
გარკვეული პოტენციალი სუამს აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დავანახვოთ ეს სხვებს და გამოვიყენოთ ეს პოტენციალი...

„ურთიერთმოქმედების სფეროები, რა თქმა უნდა, არსებობს - ეს ეხება ტურიზმს, ეს ეხება ენერგეტიკას. ზოგჯერ იყო ისეთი აღქმა, თითქოს სუამი - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს უპირისპირებს სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს. ამაში მე ვერავითარ ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ გვსურს გავაკეთოთ ისე, რომ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, სატრანსპორტო დერეფნები, განვახორციელოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები. მაგალითად, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მივიღოთ აზერბაიჯანის გაზი უკრაინისა და საქართველოს გავლით. არ მგონია, რომ ამისგან დაზარალდეს რომელიმე ის ქვეყანა, რომელიც სუამის წევრი არ არის. ასე რომ, გარკვეული პოტენციალი სუამს აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დავანახვოთ ეს სხვებს და გამოვიყენოთ ეს პოტენციალი.“

მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სუამის განვითარებას ისიც აფერხებს, რომ მისი ჩამოყალიბების დღიდან ორგანიზაციაში შემავალმა ქვეყნებმა მეტი დრო დაუთმეს „სხვადასხვა კომისიისა და საპარლამენტო ასამბლეის შექმნას.“ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ როდესაც „ეს ემყარება არა კონკრეტულ საერთო ინტერესებს, კონკრეტულ პროექტებს, არამედ უფრო მეტად განცხადებებს, ეს არცთუ მთლად სიციცხლისუნარიანი პროექტებია“, - განაცხადა იურიე ლეანკამ, მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG