Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდამ ახალი ლიდერი დაასახელა


საიფ ალ-ადელი (დაუთარიღებელი ფოტო)
საიფ ალ-ადელი (დაუთარიღებელი ფოტო)
გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ყაიდას ახალი ლიდერი ჰყავს: ეგვიპტელი საიფ ალ-ადელი, რომელმაც დროებით უნდა დაიკავოს ტერორისტული ქსელის დამაარსებლის, 2 მაისს მოკლული ოსამა ბინ-ლადენის ადგილი.

საიფ ალ-ადელი ეგვიპტის საგანგებო დანიშნულების ძალების ყოფილი პოლკოვნიკია და სტაჟიანი ექსტრემისტი, იუწყებიან არაბულენოვანი ტელეკომპანია ალ-ჯაზირა და შეერთებულ შტატებში დაფუძნებული CNN-ი. იუწყებიან იმასაც, რომ ალ-ადელი 50-მდე წლისაა და რომ ამერიკელი გამომძიებლები მას ალ-ყაიდის ერთ-ერთ სამხედრო სარდლად მიიჩნევენ.

ტერორისტული ქსელის ახალი დროებითი ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია 90-იან წლებში სუდანსა და ავღანეთში ალ-ყაიდის საწვრთნელი ბანაკების შექმნაში. ამას გარდა, მისთვის წაყენებული აქვთ ბრალდება 1998 წელს აფრიკაში აშშ-ის საელჩოების წინააღმდეგ მიმართულ აფეთქებებთან დაკავშირებით.

ექსპერტები როგორც აღნიშნავენ, ალ-ყაიდის დროებით ხელმძღვანელად ალ-ადელის დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ ის ოსამა ბინ ლადენის შემცვლელი გახდა.

„საიფ ალ-ადელი არ დაუნიშნავთ ალ-ყაიდის ამირად, არ დაუნიშნავთ იმავე წოდებით, ან იმავე პოზიციაზე, როგორიც ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნოდა“, აღნიშნავს ლონდონში მოღვაწე ექსპერტი, შაშანკ ჯოში. ეს კი, ჯოშის აზრით, მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ „ალ-ყაიდამ, როგორც ორგანიზაციამ, ვერ შეძლო, გაეარა პროცედურით გათვალისწინებული ყველა ეტაპი ლიდერის დასანიშნად - ახალი ლიდერისადმი ერთგულების ფიცის მომზადების პროცესი, შურას, ან ლიდერების შეხვედრის მოწვევის პროცესი... ეს ყველაფერი შეუძლებელია ამჟამინდელ პირობებში“ .

ერთი რამ ფაქტია: თუ საიფ ალ-ადელი ბოლოს მაინც დაინიშნება ბინ ლადენის შემცვლელად, ეს ნიშნავს გვერდის ავლას ალ-ყაიდის რანგით მეორე ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირისთვის, რომელიც ბევრ ექსპერტს მიაჩნდა ტერორისტული ქსელის ლიდერობის მთავარ კანდიდატად.

ნათელი არ არის, მიანიშნებს თუ არა ალ-ადელის დაწინაურება ალ-ყაიდაში გარკვეულ განხეთქილებაზე ალ-ადელისა და ალ-ზავაჰირის მომხრეებს შორის.

ექსპერტ შაშანკ ჯოშის აზრით, დროებითი ლიდერის, ან თუნდაც ბინ ლადენის შემცვლელის დანიშვნა არ არის იმის გარანტია, რომ ორგანიზაციას მართლაც ეყოლება ახალი სულიერი წინამძღოლი.
„სიმბოლურ ფუნქციას, რომელსაც ბინ ლადენი ასრულებდა და რომელიც ალ-ყაიდის ქსელის გაფართოებასა და გარვცელებას ემსახურებოდა, სხვა ვერავინ შეასრულებს. მის ყველაზე სავარაუდო კანდიდატებსაც კი, თუნდაც ყველაზე ცნობილს, როგორიცაა აიმან ზავაჰირი, უბრალოდ არა აქვთ მისი ქარიზმა. ისინი გაცილებით უფრო მკვეთრი არიან, გაცილებით უფრო უხეში, მაგრამ ის რომანტიკული მიმზიდველობა აკლიათ“, - ამბობს ჯოში. მისი აზრით, ყველაზე რთულ ამოცანებს შორის, რომლის წინაშეც ალ-ყაიდის ნებისმიერი ახალი ლიდერი დგას, არის ტერორისტული ქსელის ავტონომიური ჯგუფების ყოლა ცენტრალიზებულ სტრუქტურაში.

ყურადღებას იმსახურებს პაკისტანის გაზეთ „ნიუსის“ დღევანდელი ნომერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ალ-ადელი დროებით ლიდერად აირჩიეს ალ-ყაიდის საიდუმლო შეხვედრაზე და რომ „ოსამა ბინ ლადენის ვაჟიშვილებიდან არც ერთს არ გამოუთქვამს სურვილი“, ოფიციალური პოზიცია დაიკავოს ალ-ყაიდაში. სტატიის ავტორი არაფერს ამბობს ამ ინფორმაციის წყაროზე.

საინფორმაციო სააგენტო ”როიტერსის” ცნობით, ალ-ყაიდის ყველაზე სისხლისმღვრელი და გახმაურებული ტერაქტის დღეს, 2001 წლის 11 სექტემბერს, საიფ ალ-ადელი ავღანეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ირანში გაიქცა. რაც შეეხება იქ ყოფნას, მედიის ინფორმაციით, ირანის მთავრობამ ერთგვარ შინა პატიმრობაში მოათავსა ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ გაქცეული პირები და მათ შორის იყო საიფ ალ-ადელიც. ამ, დაახლოებით ერთი წლის წინ ის გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონს მიაშურა.

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საიფ ალ-ადელს კიდევ ორი სახელით იცნობენ: როგორც მუჰამად იბრაჰიმ მაკავის და იბრაჰიმ ალ-მადანის. მის შეპყრობაზე ჯილდოა დაწესებული, 5 მილიონი დოლარი.
XS
SM
MD
LG