Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუსტავ მალერის გარდაცვალების მე-100 წელი


გუსტავ მალერი
გუსტავ მალერი
18 მაისს პრაღაში, სადაც, როგორც ჩვენმა მსმენელმა იცის, რადიო თავისუფლების შტაბ-ბინა მდებარეობს, გრანდიოზული კონცერტი გაიმართა - დარბაზი, რომელშიც ჩვეულებრივ როკ- და პოპმუსიკის ვარსკვლავების გამოსვლებს ისმენენ ხოლმე, არატრადიციულად, კლასიკურ კონცერტს დაეთმო. 500-მდე მუსიკოსმა შეასრულა გუსტავ მალერის მე-8 სიმფონია და ამით პატივი მიაგო დიდი კომპოზიტორის ხსოვნას მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით: 18 მაისს მალერის გარდაცვალების მე-100 წლისთავი შესრულდა.

გუსტავ მალერი წარმატებული მუსიკოსი იყო: თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, ვენისა და ნიუ-იორკის ოპერების დირექტორი. თუმცა, კომპოზიტორის რანგში აღიარება მას სიცოცხლის ბოლომდე არ ღირსებია. მალერი დიდხანს იყო მიჩნეული დიდი წინამორბედების, რიხარდ ვაგნერისა და ანტონ ბრუკნერის ეპიგონად. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღიარეს მისი, როგორც მოდერნიზმის გზის გამკვალავის დამსახურება, მისი გავლენა მეოცე საუკუნის უდიდეს კომპოზიტორებზე - შიონბერგზე, ვებერნზე, შოსტაკოვიჩზე.

გუსტავ მალერი ახალ გზებს ეძებდა, ხალხურ სიმღერებთან ერთად, ტრივიალური მუსიკის ნიმუშებს - მარშების, საცეკვაო მუსიკის მოტივებს იყენებდა თავის ნაწარმოებებში. მისი მემკვიდრეობა, უწინარეს ყოვლისა, სიმფონიებსა და სიმღერებს მოიცავს. ამასთან, სიმფონიები (სულ ათი), უმეტესწილად, ძალიან მასშტაბური ნაწარმოებებია, ხშირად ორკესტრთან ერთად სოლისტებისა და გუნდების მონაწილეობით.

ჩემი მუსიკის დროც მოვაო, ნათქვამი აქვს მალერს და ასეც მოხდა. თუმცა, ის ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რა გვიან დადგებოდა ეს დრო და ალბათ ვერც იმას წარმოიდეგნდა, თუ რამდენად დიდი იქნებოდა ეს აღიარება. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მალერი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიტორად შეიძლება ჩაითვალოს. მისი სიმფონიები მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების რეპერტუარის განუყოფელი ნაწილია, ერთი კომპოზიცია კი, შეიძლება ითქვას, რომ პოპმუსიკის ბევრ ჰიტს გაუწევდა კონკურენციას: მეხუთე სიმფონიის მეოთხე ნაწილი, ადაჯეტო.
XS
SM
MD
LG