Accessibility links

logo-print
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის თავმჯდომარე იეჟი ბუზეკი საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეფორმებისაკენ მოუწოდებს და ასახელებს იმ კონკრეტულ სფეროებს, სადაც ცვლილებების განხორციელების გარეშე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ვერ გაღრმავდება. იეჟი ბუზეკმა 19 მაისს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან ერთად ბრიფინგი გამართა.

”მე ევროპულ ქვეყანაში ჩამოვედი, ნამდვილ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც დიდი ევროპული მემკვიდრეობა აქვს”, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი საქართველოს პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, იეჟი ბუზეკმა. 19 მაისს, გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ "დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში", იეჟი ბუზეკი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ოპოზიციის წარომადგენლებთან 15 წუთიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იეჟი ბუზეკის ერთ-ერთი პირველი ფრაზა ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მიეძღვნა:

”ევროკავშირი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კვლავაც დგას რუსული სამხედრო ძალები. ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, უარს ამბობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.”

სანამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სიტყვას ევროპარლამენტის თავმჯდომარეს გადასცემდა, მან ჟურნალისტებისათვის ზოგადად მიმოიხილა ის საკითხები, რაზედაც იეჟი ბუზეკთან ისაუბრა. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეო, ამბობს დავით ბაქრაძე: ”რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ამ ყველაფერზე ჩვენ ძალიან გულახდილი და, ასე ვთქვათ, პარტნიორული საუბარი გვაქვს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთანო”.

საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, დავით ბაქრაძისგან განსხვავებით, გაცილებით კონკრეტული იყო იეჟი ბუზეკი. მან საქართველოს ხელისუფლებას ის სფეროები დაუსახელა, სადაც, მისი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებელია რეფორმების განხორციელება. იეჟი ბუზეკი იმ სფეროების შესახებ საუბრობს, სადაც მომავალში განხორციელებული რეფორმები, მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს:

”იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, აუცილებელია განხორციელდეს რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, მედიაპლურალიზმი და თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს არის აუცილებელი.”

ქრისტიან-დემოკრატ გიორგი თარგამაძეს იეჟი ბუზეკთან სასაუბროდ მხოლოდ ორი წუთი ერგო. რადიო თავისუფლებამ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს მიმართა კითხვით, რისი თქმა მოასწრო მან ევროპარლამენტის თავმჯდომარისათვის ორ წუთში. მან პასუხი 29 წამში ჩატია:

”ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ერთიანობა იმ ყველაზე დიდი პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის გარანტიების გამყარება ჰქვია და რომ, ამ მხრივ, მთავარ ხელისშემშლელ პირობად მაინც რჩება ქვეყნის შიგნით საზოგადოების პოლარიზაცია, საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობის კუთხით წარმოშობილი ბარიერები. მე ვისაუბრე იმაზეც, რომ ჩვენ, პოლიტიკურმა კლასმა, ერთად უნდა მოვახერხოთ ამ ბარიერების მოხსნა”, - ამბობს გიორგი თარგამაძე.

მისივე თქმით, ევროპას სურს არათუ არ დაკარგოს საქართველო, როგორც მთავარი მოკავშირე რეგიონში დემოკრატიული იდეების გასავითარებლად, არამედ პირიქით, მას სურს ხელი შეუწყოს საქართველოში ისეთი სუსტი რგოლების გაძლიერებას, როგორიც არის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, არჩევნები, მედიის თავისუფლება. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ის უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გაძლიერებულ ინტერესსა და საქართველოში უცხოელი მაღალჩინოსნების გახშირებულ ვიზიტებს.

საქართველოს მიმართ გაძლიერებულ საერთაშორისო ინტერესს დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი მხრივ, ქართული დიპლომატიის ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს, ხოლო, მეორე მხრივ, აგვისტოს ომს მიაწერს:

”საქართველო გეოპოლიტიკურადაც უფრო აქტუალური გახდა, რადგან რასაც ჩვენ შიგნიდან ვხედავთ, ბევრი რამ არ ჩანდა რიგი ევროპული დედაქალაქებიდან. არ ჩანდა ის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამ ყველაფრის დანახვამ კი მოიტანა იმის გაცნობიერება, რომ ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოება და, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ევროპასა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის არსებობას იეჟი ბუზეკმა პრესკონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ გაუსვა ხაზი. პრესკონფერენციაზე მისი ერთ-ერთი ბოლო ფრაზაც სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებასა და მომავლის ერთად შენებას გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG