Accessibility links

logo-print

18 მაისის ინციდენტი, გათავისუფლებული ქართველები და საერთაშორისო თანამეგობრობა


დვანი

დვანი

18 მაისის ინციდენტის შედეგად დაკავებული 4 ქართველი გათავისუფლებულია - ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ 19 მაისს გაავრცელა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ოკუპირებული ძალების წარმომადგენლებმა ოდნავ უფრო ადრე დაკავებული კიდევ ერთი ქართველიც გაათავისუფლეს.

თბილისი ამ ეტაპზე კმაყოფილია რეაქციით, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოჰყვა 18 მაისს მომხდარ ინციდენტს. საუბარია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც საჩხერის რაიონის ორი მკვიდრი დაიჭრა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. კონკრეტულად რა რეაქციები მოჰყვა ამ სისხლიან ინციდენტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რის გაკეთებას გეგმავს თბილისი?

19 მაისს, შუადღისას, სოფელ დვანში შედგა საგანგებო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და სწორედ ამ შეხვედრის მსვლელობისას მოხერხდა დაკავებული ქართველების გათავისუფლება, რასაც მიესალმება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხსენებული მისიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჯოანა ჟებერმა:

”შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ის 4 მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებიც გუშინ დააკავეს და ასევე გაათავისუფლეს 2 დღის წინ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია კვლავ ცდილობს ინფორმაციები რაც შეიძლება სწრაფად მოიძიოს გუშინ მომხდართან დაკავშირებით.”

ინფორმაციების შეგროვების მაქსიმალურ მცდელობაზეა საუბარი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მიერ 19 მაისს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშიც და ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია ”ინციდენტის გარშემო არსებული გარემოებები.” სწორედ ამიტომ ევროპელი მეთვალყურეები თავს იკავებენ კონკრეტული შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებისგან.

18 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა ევროკავშირის სახელით, თუმცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა 18 მაისს შეშფოთება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და მხარეებს მოუწოდა თანამშრომლობისთვის, სიმართლის დასადგენად. მისი თქმით, ეს ინციდენტი სერიოზულ კითხვებს ბადებს და დარტყმის ქვეშ აყენებს სტაბილიზაციასა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას რეგიონში.

ასევე შეშფოთებაა გამოხატული განცხადებაში, რომელიც 18 მაისს გაავრცელა შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. აქვე ისმის მოწოდება მხარეების მისამართით, რომ გამოიჩინონ თავშეკავება და სრული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას. ასევე ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაა ხაზგასმული განცხადებაში, რომელიც 19 მაისს ეუთოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაავრცელა. ხსენებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ყოფნის საჭიროებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.“

ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო კონტროლის აუცილებლობაზე ილაპარაკა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმაც 18 მაისს აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. 18 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გორდონს შეკითხვა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა. გავიხსენოთ, რომ დემოკრატმა ჯინ შაჰინმა, რესპუბლიკელ სენატორთან, ლინდსი გრეჰემთან ერთად, გასულ კვირაში სენატში წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები "რუსეთის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად არის აღიარებული. 18 მაისის ინციდენტი ფილიპ გორდონმა უკონტროლო ოკუპაციის კონტექსტში განიხილა:

”ეს არის სწორედ იმ ტიპის ინციდენტი, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რატომ ვართ ჩვენ ასე შეშფოთებული საქართველოში მოუგვარებელი სიტუაციით. მართალი ბრძანდებით, როდესაც თქვენს რეზოლუციაში და ახლაც ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ რუსეთი მთლიანად არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. როგორც ცნობილია, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრობლემად რჩება ის, რომ საქართველოში დგანან რუსი სამხედროები და მათი იქ ყოფნა არ არის გამჭვირვალე. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სწორედ იმ ტიპის ინციდენტები, რომელიც თქვენ ახსენეთ.”

ფილიპ გორდონი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ეუთოსა და გაეროს მისიების გაუქმებამ საერთაშორისო თანამეგობრობას პრაქტიკულად დააკარგვინა ყველანაირი კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ როცა ევროპელი მეთვალყურეები სრულად ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოს დარჩენილ ნაწილში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 მაისის ფაქტს უწოდებს ”საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებას” და ”გაუმართლებელ სისასტიკეს, რომელიც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე.” ოფიციალურ ვებგვერდზე 18 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიასთან მომხდარ ინციდენტს. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გამოხატული რეაქცია ამ ეტაპისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია:

”მთავარი გზავნილი იყო ამ შეფასებებში, რომ ასეთი ტიპის ინციდენტები უნდა შეწყდეს. ბუნებრივია, ზოგიერთი განცხადება შეიძლება უფრო მკაცრი იყოს, ზოგიერთი შეიძლება უფრო სხვანაირად იყოს ფორმულირებული, მაგრამ მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ მკვეთრ გზავნილს ავრცელებს. ეს საკითხი იქნება განხილული რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა დონეზე. ეუთოშიც იქნა განხილული ეს საკითხი, რომელიც ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა 19 მაისს წამოსწია მუდმივმოქმედ საბჭოზე (ანუ ეუთოში გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ორგანოში). ასე რომ, სრულად იქნა ინფორმაცია მიწოდებული როგორც ეუთოში, ასევე ევროკავშირსა და გაეროში.”

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს მხარე შეეცდება, რომ 18 მაისის ინციდენტი განხილვის განსაკუთრებულ საგნად იქცეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე და კიდევ ერთხელ წამოიწიოს თბილისის მიერ მუდმივად წამოყენებული საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეებისა და საპოლიციო ძალების შესვლასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG