Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმისა და დაზარალებულის დაცვისთვის


სისხლის სამართლის რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე-დაზარალებულისა და მოწმეების დაცვის მექანიზმებზე - თბილისში ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია იმართება ევროკავშირის პროექტის - ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” - ფარგლებში. როგორია დაზარალებულის ადგილი სისხლის სამართლის პროცესში, რა ტიპის წარმატებულ მეთოდოლოგიებს იცნობს საერთაშორისო მართლმსაჯულება... ამ რიგის საკითხებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები ძირითადად ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით საუბრობდნენ.

ქართული მართლმსაჯულების სისტემა საკანონმდებლო დონეზე გამართულია, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი კი სრულყოფილი დოკუმენტია - ძირითადად ასე ჟღერდა კონფერენციაზე გამომსვლელთა შეფასება. თუმცა მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის მიხედვით, პრობლემები მრავლადაა, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეების დაცვის სფეროში. ”თუ პრობლემა არსებობს, ეს, უმთავრესად, კანონის პრაქტიკაში დანერგვის პრობლემაა”, გვითხრა მოსამართლე რენატე უინთერმა, ხელმძღვანელმა პროექტისა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”.

”ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან. მთავარია მისი იმპლიმენტაცია, რაც უნდა დაიწყოს ტრენინგებით, სწავლებით. აუცილებელია ძალოვანი სტრუქტურების, პოლიციის სწავლება ამ მიმართულებით, ანუ როგორ იმუშაონ მათ მოწმეებთან და დაზარალებულებთან.”

სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. დაზარალებული, ახალი კოდექსის თანახმად, მოწმესთანაა გათანაბრებული, ანუ ჩვენებას იძლევა, როგორც მოწმე. დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, მას სარჩელის ცალკე აღძვრის უფლება აქვს. კოდექსი მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარებას ითვალისწინებს. საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე ამბობს, რომ ახალი დოკუმენტის პრაქტიკული გამოყენებისას, უმთავრესად, გამოცდილების სიმწირის საკითხი იჩენს თავს.
”ბევრი ნორმა შეიძლება არის ძალიან კარგი, მაგრამ იმ ნორმის ინტერპრეტაცია არის საჭირო სწორად სასამართლო პრაქტიკაში და, ზოგადად, საზოგადოებაში.სწორედ ამ მიზნებს და ნორმებს ემსახურება კიდეც აღნიშნული ხასიათის ღონისძიებები და, მათ შორის, დღევანდელი ღონისძიება”, გვითხრა ირაკლი კობიძემ.

მის საპასუხოდ ადვოკატი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში კანონს სამართალდამცავები არასწორად იყენებენ, მათ შორის, მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარებისას:

”მე, მაგალითად, რა საქმეებიც შემხვედრია, - მაგალითად, სულ ბოლო, ყველაზე გახმაურებული ნარკოტრეფიკის საქმე ნუგზარ ბოჭორიშვილის და სხვების, - იქაც არის გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, თუმცა ისეთი მოწმის მიმართ, რომელსაც, უბრალოდ, აიძულებდნენ მიეცა ცრუ ჩვენებები და საათობით ეჯდათ კუდის შენობაში, იმიტომ რომ, თუ ის არ მისცემდა იმ ჩვენებას, რაც პროკურატურისთვის იყო სასარგებლო, მას რეალურად ბრალს წაუყენებდნენ და შემდგომში რომ მთელი მისი ქცევა ყოფილიყო გაკონტროლებული და კონტროლქვეშ, გამოიყენეს ეს დაცვის სპეციალური ღონისძიება.”

ცრუ ჩვენებებისა და ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმეების პრობლემაზე მოსაზრების გამოსათქმელად კონფერენციის ერთ-ერთ მომხსენებელს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ადმინისტრაციის სამართლებრივ მრჩეველს დოქტორ კირილ ლაუჩის მივმართეთ.

”ეს არის პრობლემა, მუდმივი პრობლემა სამართლებრივ სისტემაში ყველგან მსოფლიოში. ეს პრობლემა მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაში ხდება. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებში ეს პრობლემა კიდევ უფრო გავრცელებულია, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპთან გვაქვს საქმე და პროცესზე მხარეებს უფლება აქვთ მიიყვანონ ის, ვინც სურთ. თუმცა არც ერთი სისტემა სრულყოფილი არ არის.”

კირილ ლაუჩი კონფერენციაზე დაზარალებულებისა და მოწმეების სამართლებრივი დაცვის საკითხებით წარდგა. კონფერენცია 20 მაისს დაასრულებს მუშაობას. დაზარალებულებისა და მოწმეების დაცვის მექანიზმები -- ნონა.
XS
SM
MD
LG