Accessibility links

logo-print

”საქართველოს მთავრობამ რეალობად უნდა აქციოს ის, რაც ქაღალდზეა გაწერილი...”


გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე დონალდ სტაინბერგი, რომელიც თავისი სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო შიდა ქართლსა და სამეგრელოში, შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. რადიო თავისუფლებამ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

რადიო თავისუფლება: ბატონო სტაინბერგ, ეს თქვენი პირველი სტუმრობაა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის რანგში. რა იყო ამ ვიზიტის მთავარი მიზანი?

დონალდ სტაინბერგი: ჩვენი მიზანი იყო გვენახა როგორ ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წამოწყებული პროგრამები საქართველოში; დავრწმუნებულიყავით, რომ მიმდინარე პროგრამები მოიცავს იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია, ითვალისწინებს მთავრობის პრიორიტეტებს, ხალხის საჭიროებებს და, ასევე, ეხმარება ბიზნესგარემოს განვითარებას. აშშ დაინტერესებულია საქართველოს უსაფრთხოებით, პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლით. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ომის შემდგომ საქართველოსთვის გაწეული მილიარდდოლარიანი დახმარების ხარჯვის პროცესს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენი სააგენტოდან მოდის და გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს დახმარება ეფექტურია, რომ ემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის დაძლევას, მიზანმიმართულია სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, ემსახურება ჯანდაცვის, განათლების განვითარებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ასევე, კერძო სექტორის განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, რათა საქართველოში გაიზარდოს სამუშაო ადგილების რაოდენობა.

რადიო თავისუფლება: თქვენ მოინახულეთ საქართველოს ის რეგიონები, სადაც USAID-ის პროგრამები დღესაც ხორციელდება. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

დონალდ სტაინბერგი: მე ძალიან კმაყოფილი ვარ ნანახით. სენაკში ჩვენ შევხვდით მეწარმე ქალებს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენს პროგრამაში. ეს ის ქალები არიან, ვისაც ადრე არ გააჩნდა სამსახური, შემოსავალი და არც შესაბამისი უნარები საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად. ისინი ამ პროგრამის ფარგლებში იძენდნენ იმ უნარებს, რაც მათ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ჩასართავად გამოადგებათ.
გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეხსნა ფოთი-სენაკის გაზსადენი, რომელიც არა მხოლოდ ენერგიის წყარო იქნება 25 000 ადგილობრივი მცხოვრებისათვის, არამედ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს.
ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა მეტი დემოკრატიის თაობაზე სამთავრობო პროგრამებში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას. და ბოლოს, ვიტყვი, რომ დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” და რომელიც მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად შემუშავდა. ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში სათანადო გარემოს შექმნას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებისათვის. ამ პროგრამამ უნდა მოხსნას ის ბარიერები, რომლებიც დღეს არსებობს კერძო სექტორში ფართოდ მონაწილეობის თვალსაზრისით. და ეს ნამდვილად გააჩენს სამუშაო ადგილებს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ქართველ ლიდერ ქალებსაც შეხვდით. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო საქართველოში ჩამოსული, ის ასევე შეხვდა მათ და მათი არაერთი პრობლემის შესახებ მოისმინა. თქვენთვის რა იყო ამ შეხვედრის ყველაზე საყურადღებო დეტალი?

დონალდ სტაინბერგი: ვფიქრობ, რომ ქართველი ქალები სამი ტიპის გამოწვევის წინაშე დგანან. პირველია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის საკითხი. დღეს საქართველოს პარლამენტში 150 წევრს შორის მხოლოდ ცხრა ქალია - ეს არის 6%. მე გადავამოწმე კიდეც და როცა მოსახლეობის 50% ქალია, ეს 6% არ არის მისაღები მაჩვენებელი. მიზეზი, რატომაც გვსურს, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართულები, მხოლოდ სამართლიაონობის მიღწევა კი არ არის, არამედ ის, რომ პოლიტიკური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის წარმოუდგენელია ქალების ჩართულობის გარეშე, თუ ისინი არ გამოხატავენ თავიანთ განსაკუთრებულ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თუნდაც დედებისა და ჩვილების ჯანმრთელობის, ქალთა განათლების საკითხები, ანდა საკითხები, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტის პერიოდში ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. მეორე გამოწვევა ეკონომიკაა. ქალები მხოლოდ მცირე სამეწარმეო საქმიანობაში არ უნდა იყვნენ ჩართული. არამედ უფრო დიდ საწარმოებშიც უნდა სცადონ ბედი. მათ უნდა შეიძინონ ყველა საჭირო უნარი თანამედროვე ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად. და ბოლო სფერო - ესაა სოციალური საკითხები. ქალები უნდა გაერთიანდნენ როგორც ერთი სოციალური ძალა დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად იმისათვის, რომ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ისევ და ისევ ქალთა განათლების, ოჯახში ძალადობის, ქალთა ტრეფიკინგის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებისადმი... ეს საკითხები საზოგადოებამდე მივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალები მთლიანად ჩართულები იქნებიან პროცესში.

რადიო თავისუფლება: უკვე თითქმის 20 წელია, რაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. თქვენი აზრით, რომელ სფეროში განხორციელებულმა პროექტმა გაამართლა ყველაზე მეტად და, პირიქით, რომელია ის სფეროები, სადაც, მიუხედავად დიდი ფინანსური მხარდაჭერისა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია?

დონალდ სტაინბერგი: ამ თვალსაზრისით მე აქცენტს გავაკეთებდი ჩვენს მცდელობაზე პოლიტიკური ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ბოლო დროს არაერთი პოლიტიკური პარტია გაძლიერდა. ასევე ხაზს გავუსვამდი ჩვენს მცდელობას პრესის თავისუფლების განვითარების კუთხით. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი ძვრა იყო ამ ქვეყნისათვის, თუ 1992 წლიდან შევაფასებთ პროგრესს. ეს ის დროა, როდესაც USAID-მა საქართველოში მოღვაწეობა დაიწყო. ვფიქრობ, მთავრობის რეფორმირების თვალსაზრისით, ასევე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების მხრივ, სხვა სფეროებშიც, ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. მაგალითად, მე ვიცი, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ბიზნესის წამოწყების კუთხით საქართველოს მკვეთრი ზრდა აქვს და ამ მხრივ მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც ადრე 120-ე ადგილს იკავებდა. სამუშაო კიდევ ბევრია, მაგრამ ეს მაჩვენებელი უკვე ნიშანია მსოფლიოსათვის, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისათვის. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას.

დავასახელებდი ერთ-ორ ისეთ სფეროს, სადაც სამუშაო კიდევ ბევრია. ერთ-ერთია სოფლის მეურნეობა. თუ ადრე აქცენტი მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე კეთდებოდა, ვფიქრობ, ახლა საჭიროა ვიფიქროთ ამ პროდუცქციის გაყიდვაზე, ტრანსპორტირებაზე. მეორე სფეროს, რომელსაც გამოვყოფდი, ჯანდაცვაა და კონკრეტულად ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ აშშ-მა კი არ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა საქართველოში, არამედ ადგილზე უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა.

რადიო თავისუფლება: როგორია თქვენი მონიტორინგის სისტემა - როგორ ამოწმებთ, თქვენი პროგრამები მიდის თუ არა სწორი გზით?

დონალდ სტაინბერგი: ჩვენ ძალიან თანამედროვე და, შეიძლება ითქვას, სრულყოფილი მონიტორინგის სისტემა გვაქვს. ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს დანახარჯებზე - რამდენი ფული ჩავდეთ ამა თუ იმ პროექტში, არც იმაზე, თუ რამდენი ჰექტარი მიწა მოირწყა. ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგზე: მოვახდინეთ თუ არა ზეგავლენა დედების და ჩვილების ჯანდაცვაზე, ვხედავთ თუ არა რეალურ ზრდას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით. ასევე, ჩვენ ვთხოვეთ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს შეეფასებინათ ჩვენი პროგრამები - მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს. მეორე მომენტია - ტრანსპარანტულობა. ჩვენ გვაქვს ვებსაიტი, სადაც ყველა ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტზე ვათავსებთ ინფორმაციას - რა მიზნები გვაქვს, რა თანხა იხარჯება.. და შემდეგ, როდესაც პროექტი სრულდება, ვწერთ ანგარიშს - რა შევძელით, რამ იმუშავა და რამ არა.

რადიო თავისუფლება: თქვენი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდით. რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია თუ გაქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

დონალდ სტაინბერგი: ჩვენ ვილაპარაკეთ USAID-ის პროგრამებზე საქართველოში, სენაკი-ფოთის გაზსადენის შესახებ, ასევე ახალი - 40 მილიონიანი - პროექტის შესახებ, რომელმაც საქართველოში ბიზნესისათვის შესაძლებლობები უნდა გაზარდოს, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო; ვილაპარაკეთ ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის თაობაზე; შევეხეთ მედიის პრობლემებსაც... მე ვფიქრობ, ჩვენ ვუბიძგეთ საქართველოს მთავრობას იმისკენ, რომ ყველა ამ საკითხზე მუშაობა გააგრძელოს, დაფიქრდეს, კიდევ რა არის გასაკეთებელი პროგრესის მისაღწევად. და, რაც ალბათ ყველაზე მთავარია, ქაღალდზე გაწერილი რეალობად აქციოს ქართველო ხალხისათვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG