Accessibility links

logo-print
”ხელისუფლება შეშინებულია. ახლაც არა აღლუმისთვის, არამედ ჩვენი აქციების ხელის შესაშლელად ემზადებიან”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ბურჯანაძე ამბობს, რომ ”ქართული პარტიის” მიერ კონსულტაციების შეთავაზება აქციების დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ”უაზრობაა”. შეკითხვაზე, რომელიც ”ქართული რევოლუციის სცენარის” კრემლში დაწერის ვერსიას ეხებოდა, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი პასუხობს: ”კრემლში რატომ დაგვიწერეს ვითომ? ჩვენ დებილები ვართ და რევოლუციის სცენარს ვერ დავწერდით? ამ ლოგიკით 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარიც მოსკოვში უნდა იყოს დაწერილი. მაინცდამაინც არც შევარდნაძე მოსწონდა რუსეთს საქართველოს პრეზიდენტად. ისე, რაც შევარდნაძემ მოიპოვა, სააკაშვილმა დაუბრუნა რუსეთს.”

”ყველა სიახლეშივე” ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანების გარეშე ”ხელისუფლების შეცვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია”. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურთან ინტერვიუში კი წაიკითხავთ: ”დღეს ვხედავთ პრორუსი პოლიტიკოსების მხრიდან რევოლუციური აქტიურობის მცდელობას, რასაც ქართველი საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, სამართალდამცავები კი, კანონდარღვევის შემთხვევაში, საკადრის პასუხს გასცემენ ყველას”.

”ალიამ” კოკა გუნცაძე იპოვა!!!” – ამ სათაურს ”ალიას” პირველ გვერდზევე ნახავთ. კორესპონდენტი ჰყვება, რომ გუნცაძე შემთხვევით დაინახა ერთ-ერთ რესტორანში. გუნცაძემ მის შეკითხვას ”ქართული პარტიის” დატოვების შესახებ არ უპასუხა და კომენტარს მომავლისთვის დაჰპირდა. რესპონდენტის შეკითხვაზე - იწერდა თუ არა ჟურნალისტი მათ საუბარს, ავტორმა უარით უპასუხა. ინტერვიუს მინაწერში წაიკითხავთ: ”კი მითხრა წამოსვლისას კოკა გუნცაძემ, იმედია, ჩვენი საუბარი არ დაიბეჭდებაო, მაგრამ ვერ ვუსრულებ სურვილს, ჟურნალისტი ვარ და ასეთ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებდი.”

”ალიაში” რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან და ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ, გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუები ქვეყნდება. უსუფაშვილი ხელისუფლებაზე ამბობს: ”მათთვის დღეს ამოცანა ასე დგას: ერთ-ერთი ბრძოლა უნდა მოიგონ - ან ქუჩაში, ან მოლაპარაკების მაგიდასთან...”. გუბაზ სანიკიძე გამორიცხავს პოლიტიკურ რეპრესიებს. ამის უპირველეს არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ხელისუფლებას ”საგარეო ფაქტორი აღარ უწყობს ხელს”. ამაზე დავით უსუფაშვილიც ლაპარაკობს ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში: ”6 თვის განმავლობაში ჩვენი პოზიციებით მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლება დღეს არის ყველაზე დაუძლურებული ამ 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში.”

”რეზონანსი” დღევანდელ ნომერში ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობაზეც წერს და აღწერს პირობებს, სადაც დევნილებს ნესტიან ბინებში და შემოსავლის გარეშე ცხოვრება უწევთ. დევნილი ნანა კვაშილავა ”რეზონანსს” ეუბნება, რომ კვირაში სამჯერ უსახსრობის გამო ფეხით უწევს 8-კილომეტრიანი გზის დაფარვა, რომ ექიმთან მივიდეს.

”სააკაშვილი ვერანაირ არჩევნებს ვერ დანიშნავს იქამდე, სანამ პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩვნო გარემოზე შეთანხმება არ მოხდება. სხვა შემთხვევაში ეს იქნება არალეგიტიმური” - აცხადებს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ”რვიანის” მიერ პოზიციების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა აქციებიც იქნება. უკვე დაანონსებულ აქციებზე ამბობს, რომ სოლიდარულია მასში მონაწილე საზოგადოების, რადგან მას ცვლილებების გულწრფელი სურვილი აქვს: ”მაგრამ, სულ მცირე, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს პოლიტიკური ძალები აბსოლუტურად არაგულწრფელები არიან მაშინ, როდესაც საზოგადოებას სწრაფ ცვლილებას სთავაზობენ და მეორე - ძალიან მაეჭვებს ის, რომ მათი წარმოდგენით, სწრაფი ცვლილების მიღწევა შესაძლებელია.”

”24 საათში” განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ინტერვიუ ქვეყნდება. დიმიტრი შაშკინი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პრიორიტეტულობაზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან სკოლებში ახალი საგანი - ”მეცნიერება” იქნება შემოღებული. მას მეშვიდე კლასიდან შეისწავლიან - მანამდე, ვიდრე მოსწავლეები საბუნებისმეტყველო დისციპლინების ცალ-ცალკე საფუძვლიანად ათვისებას შეუდგებიან.
XS
SM
MD
LG