Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეცვლას და მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ მისი მომხრეების მიერ ცხინვალში დაწყებული აქცია სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ გასეევმა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით სპეციალური შტაბი შექმნა, ხელმოწერები შეაგროვა და დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. ამას გასეევი კოკოითის ნებართვის გარეშე რომ ვერ გააკეთებდა, ცხინვალში ყველამ იცის. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფში ძირითადად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შედიან, რომლებსაც კოკოითის დასაყრდენად მიიჩნევენ.

საინიციატივო ჯგუფმა რეფერენდუმზე გასატანი ორი კითხვა განსაზღვრა. პირველი: თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენებად გამოცხადდეს ოსური და რუსული ენები და, მეორე: თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთმა და იმავე პირმა ზედიზედ სამჯერ იყაროს კენჭი.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა არტურ ტატაევმა დე ფაქტო რესპუბლიკის მედიის წარმომადგენლებს, ხელმოწერების შეგროვებისა და კომისიაში შეტანის დეტალებზე უამბო. მისი აზრით, პრეზიდენტი ხალხის მსახურია და რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების წინააღმდეგ იგი ვერ წავა.

კოკოითის მეორე საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება, ამ დრომდე კი ჯერ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

ცხინვალში რეფერენდუმის შედეგები უკვე ცნობილია, რადგან მას, ფაქტობრივად, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ატარებენ. რეფერენდუმის ჩატარების იდეა კოკოითის მომხრეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ცხინვალში მოსკოვური ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ და წინასაარჩევნო კამპანია გახსნეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლათ თედეევის ცხინვალში ვიზიტი სროლის ფონზე მიმდინარეობდა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ კი რეფერენდუმის ჩატარების კამპანია დაიწყო. ამ აქციასთან დაკავშირებით კოკოითი დუმილს ამჯობინებს. მას ჯერ არ უთქვამს, რას აპირებს. ოპოზიციამ კი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო საპროტესტო განცხადებების კეთება. ეს ყოფილი სახალხო პარტიისა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. კომუნისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფერენდუმის და არჩევნების ჩატარება დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, ცხინვალში კი ამ დროს სახლების დიდი ნაწილი ომის შემდეგ ისევ აღსადგენია. გარდა ამისა, კომუნისტების აზრით, საერთაშორისო საზოგადოება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რეფერენდუმის ჩატარებას არ გაამართლებს, რაც სამხრეთ ოსეთის ინტერესებს დააზიანებს.

სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი აცხადებს, რომ რეფერენდუმის წინააღმდეგ ოპოზიცია ერთობლივი აქციებით უნდა გამოვიდეს. მისი აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ რეფერენდუმის ჩატარებას ძალოვანები ლობირებენ.

ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკურ პარტია „ირონის“ ლიდერმა, აცამაზ ხარებოვმა, განაცხადა, რომ კონსტიტუციის გადაკეთება ანტიკონსტიტუციური და ანტიკანონიერი ქმედებაა. მისი აზრით, ოპოზიციის დაგვიანებული რეაქცია მათ არაკოორდინირებულობაზე მეტყველებს.

ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რომ რეფერენდუმის ჩატარებამ შესაძლოა შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გამოიწვიოს. ქართველი ექსპერტების აზრით კი, არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში იარაღის ჟღარუნის ფონზე ჩაივლის. ამის ნიშნები დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე არსებობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG