Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები მოითხოვენ, რომ ისევ ევროპელი დაინიშნოს სავალუტო ფონდის დირექტორად


დღეს ევროპელი ლიდერები გამოვიდნენ მოთხოვნით, რომ დომინიკ სტროს-კანი ისევ ევროკავშირის წარმომადგენელმა შეცვალოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე. სტროს-კანი, რომელიც ნიუ-იორკშია დაპატიმრებული სასტუმროს მოსამსახურე ქალისადმი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დღეს გადადგა სავალუტო ფონდის აღმასულებელი დირექტორის პოსტიდან. საგანგებო განცხადებაში, სტროს-კანი ისევ კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და გადადგომის მიზეზად ასახელებს სურვილს, რომ მთელი ენერგია დაუთმოს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ევროპა უნდა შეთანხმდეს „ძლიერ“ კანდიდატზე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტისთვის. მოსაზრება, რომ სავალუტო ფონდის მორიგი ხელმძღვანელიც ევროპელი უნდა იყოს, გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. „შეკითხვას, რატომ ევროპელი, მინდა ასეთი პასუხი გავცე: რასაკვირველია, სწრაფად განვითარებად ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საშუალოვადიან პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავონ - ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ან მსოფლიო ბანკის პრეზიდენტების თანამდებობები. მაგრამ, ჩემი აზრით, ამჟამინდელ ვითარებაში, როცა სერიოზული პრობლემები გვაქვს ევროსთან მიმართებით და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი, არაერთი გარემოება მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ შეძლებისდაგვარად, ევროპელი კანდიდატი დასახელდეს“, განაცხადა ანგელა მერკელმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღანვლის პოსტზე, ტრადიციულად ევროპელები ინიშნებიან, რაც ეს ორგანიზაცია დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG