Accessibility links

ოპოზიციური სპექტრი 21 მაისის აქციის ფონზე


წარმომადგენლობითი “სახალხო კრების” ლიდერები

წარმომადგენლობითი “სახალხო კრების” ლიდერები

წარმომადგენლობითი “სახალხო კრება” წინასწარ გამოცხადებული აქციისთვის ემზადება, რომელიც 21 მაისს ერთდროულად გაიმართება თბილისსა და ბათუმში. გაერთიანება, რომელიც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის ლიდერობით მოქმედებს, ქუჩაში ათობით ათასი ადამიანის გამოყვანას გეგმავს. რა განწყობაა ოპოზიციურ სპექტრში 21 მაისის აქციის წინ?

‘სახალხო კრებას’ შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებულია ყველა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოვლენები განვითარდეს...

”21 მაისს “სახალხო კრება” სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. სრულიად საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია ”სახალხო კრების” სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერი, - იუწყება “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭო 20 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტში ნათქვამია, რომ ”სააკაშვილის ხელისუფლებამ, მოსალოდნელი დასასრულის მოახლოების შიშით,” გაააქტიურა ”ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის მექანიზმები”, თუმცა 21 მაისის აქციას წინ ვერაფერი დაუდგება. 20 მაისს განცხადების ტექსტი მედიას სახალხო კრების თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა წაუკითხა და აქციის პოტენციურ მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა:

”‘სახალხო კრებას’ შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებულია ყველა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ყველა იმ ადამიანის, თუნდაც ყველაზე გულწრფელი გულშემატკივრის თვითშემოქმედების საფუძველზე დაწყებული მოქმედება, დიდი ალბათობით, შეიძლება გახდეს პროცესების ხელისშემშლელი, რითაც სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. იმოქმედეთ „სახალხო კრების“ შტაბის მითითებების სრული დაცვით.”

„სახალხო კრებას“ მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს ”ქართული პარტია”, რომელმაც 3-დღიანი მოლოდინის შემდეგ საბოლოო უარი მიიღო 17 მაისს გაკეთებულ შეთავაზებაზე - დაეწყოთ ორმხრივი მოლაპარაკებები. როგორც „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ დიდი აქტიურობა გამოიჩინა 21 მაისის აქციისთვის საზოგადოებრივი განწყობის მობილიზების პროცესში, „ქართული პარტია“ „სახალხო კრებას“ მისი მიზნების დამოუკიდებლად რეალიზების საშუალებას აძლევს:

ეროსი კიწმარიშვილი

”იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად, ისე, როგორც ელოდება ქართველი ხალხი, ჩვენ ვიქნებით ბედნიერი და ერთად აღვნიშნავთ წარმატებას ამ რეჟიმის გაშვების. თუ საფრთხე დაემუქრა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩართული იქნება „სახალხო კრების“ დაანონსებულ აქციებში, და შეიქმნება რაიმე პრობლემა მათი უსაფრთხოების ან სხვა მიმართულებით, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის ქართველი ხალხი... ”

ასეთი შემთხვევებისთვის, ეროსი კიწმარიშვილის თქმით, სრულად არის მობილიზებული ”ქართული პარტიის” მთელი ძალები. რაც შეეხება უშუალოდ აქციაში ჩართვის პერსპექტივას, „ქართული პარტია“ ამ ეტაპზე ამას, შეიძლება ითქვას, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

რაც შეეხება სხვა გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, დამოუკიდებლად მოქმედების ტრადიციული სტრატეგიიდან გამომდინარე, 21 მაისის აქციაზე ვერ ვიხილავთ ლეიბორისტულ პარტიას. რამდენიმე თვის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებით, „სახალხო კრების“ გვერდში არც „ეროვნული ფორუმი“ დადგება. ეს პოლიტიკური ძალა თავისი გეგმების განხორციელებას ოპოზიციური ”რვიანის” ფარგლებში განაგრძობს და კვლავაც არ კარგავს იმედს, რომ გაგრძელდება ჩიხში შესული მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.

ერთხელ მაინც ჩვენ შეიძლება დავამთხვიოთ საზოგადოების საპროტესტო განწყობა ხელისუფლების მისამართით იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც არჩევნები ჰქვია...

როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა ”რვიანმა” კონკრეტულ შეთავაზებებზე წერილობითი პასუხის გაცემის ვადა ხელისუფლებას მაისის ბოლომდე მისცა, რის შემდეგაც ქუჩის აქციების წამოწყებას ბევრი ”რვიანისგანაც” მოელის.

როგორც ”რვიანში” ჩართული პოლიტიკური ძალის, ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციები არ გამოირიცხება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების წარმატების ყველანაირი იმედი გადაიწურება. როგორც მანანა ნაჭყებიას სიტყვებიდან ჩანს, ”რვიანის” აქციები მომავალ არჩევნებთან მიახლოებულ პერიოდშია მოსალოდნელი:

”საარჩევნო გარემო ვერ გახდება ის თემა, რომლის გამოც მოსახლეობას ერთ დღეში გამოიყვან ქუჩაში და რაღაც განსაკუთრებულ საპროტესტო აქციებს მოაწყობ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს თემა მართლაც გახდება აქტუალური და ერთხელ მაინც ჩვენ შეიძლება დავამთხვიოთ საზოგადოების საპროტესტო განწყობა ხელისუფლების მისამართით იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც არჩევნები ჰქვია.”

მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ 21 მაისს ნამდვილად გამოვა დღევანდელი ხელისუფლების მმართველობით უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ მათი რაოდენობა ცვლილებებისთვის აუცილებელ კრიტიკულ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს. თუმცა მხოლოდ საბოლოო გამარჯვების იმედით უყურებენ 21 მაისის აქციას ”სახალხო კრება” და მისი მხარდამჭერები. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ „სახალხო კრების“ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას უერთდება კახა კუკავას პარტია ”თავისუფალი საქართველო”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG