Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაღალი დონის დემოკრატიის შეხვედრა”


საპარლამენტო ფორუმი
საპარლამენტო ფორუმი
თბილისში დემოკრატიათა თანამეგობრობის ორდღიანი საპარლამენტო ფორუმი გაიმართა. დემოკრატიათა თანამეგობრობა მთავრობათა შორისი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფუნქცია დემოკრატიის განვითარება და ხელშეწყობაა მსოფლიოში. ფორუმის დასრულების შემდეგ დელეგატებმა მიიღეს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდამჭერი დეკლარაციაც.

ბოლოდან დავიწყოთ. ორი დღის საუბრების შემდეგ დელეგაციას, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთევროპელი და ევროკავშირთან მიერთების მსურველი და სულ ბოლოს მიერთებული ქვეყნების დელეგატებისგან შედგებოდა, ახალგაზრდა რუსი ავტორის წიგნი წარუდგინეს. წიგნს გარედან შუშის პოლიციის შენობა ახატია, შიგნით კი, პირველსავე გვერდზე, საქართველოს რუკაა: ახლა რუსეთშიც ეცოდინებათ როგორ გამოიყურება საქართველოო. წიგნი რუსულადაა. მოსკოვში და სხვაგან, წიგნის მაღაზიებში, უკვე დევსო. რატომ გამოუვიდა საქართველოსო? - სათაურში კითხვას სვამს ახალგაზრდა ავტორი და ამბობს, ეს წიგნი სახელმძღვანელოაო. სათაურებიც ასეთია: გაკვეთილი პირველი - დებიუროკრატიზაცია, გაკვეთილი მეორე -პრივატიზაცია, გაკვეთილი მესამე - ლიბერალიზაცია…მაშინ, როცა ახალგაზრდა ავტორი, რომელსაც აგვისტოს მერე საქართველო შეჰყვარებია, ხელმოწერებს არიგებდა და საქართველოს დელეგაცია ავტორის მიმართ ტკბილ სიტყვებს არ იშურებდა, ამერიკის დელეგაცია უკვე წასული იყო. შეხვედრაზე, მხარს გიჭერთო, თქვეს, თუმცა რამდენიმე ფაქტორი აღნიშნეს: ამომრჩევლები და მათ წინაშე არჩეულთა პასუხისმგებლობა - თემა, რომელზეც დემოკრატიის მხარდამჭერ ფორუმზე საუბარი ნაკლები იყო, და მეორე, რაც ამომრჩეველთა მისწრაფებებსა და მოთხოვნებზე საუბრისას აღნიშნეს, იყო ფულის რაციონალური ხარჯვა.

რა შეიძლება მოხდეს, როცა ქვეყნები ხარჯავენ ძალიან ბევრ ფულს და სესხულობენ ძალიან ბევრ ფულს? ესაა ის, რითაც მე პირადად შეწუხებული ვარ ჩემს ქვეყანაში და ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს გამოსწორდეს.

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემთხვევაა.

ამაზე მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. ამერიკელები წავიდნენ და შესვენების შემდეგ თითქმის ნახევრად ცარიელ დარბაზში საპარლამენტო ფორუმის ხელმძღვანელმა ემანუელის ზინგერისმა, ლიტველმა პოლიტიკოსმა, გამოაცხადა:

„მინდა გამოვაცხადო თქვენმა შემხედვარემ, რომ დეკლარაცია დამტკიცებულია.“

‘თბილისის დეკლარაცია’- ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდამჭერი ორგვერდიანი დოკუმენტია, რომელშიც მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერის დიადი მიზანია გაცხადებული და ამ პროცესში რევოლუციური ტალღის საქართველოდან დაწყებულ წარმატებაზეა საუბარი. მოკლედ, ახალი დემოკრატიები ძველებს კარებზე უკაკუნებენ და ეს კარი უნდა გაიღოსო, დაახლოებით ასეთი არის მესიჯი… დეკლარაციაზე ხელმოწერებიც შეაგროვეს და ბევრჯერ გაიმეორეს:

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემთხვევაა.“

მე პირადად, როგორც ადამიანმა, რომელიც ჩართული იყო ბერლინის კედლის დაცემამდე აქტივობებში, შემიძლია გითხრათ, რომ, უბრალოდ, სიტყვა „ადამიანის უფლებები“ წმინდა იყო ჩვენთვის...

ორდღიან ფორუმზე, რომელსაც სახელად ”მაღალი დონის დემოკრატიის შეხვედრა” ერქვა, კეთილი გმირის როლს საქართველო ასრულებდა (ქვეყანა, რომელიც გულწრფელად ცდილობს დემოკრატიის შენებას და ტრანსფორმირებას), ბოროტი გმირი კი რუსეთი იყო (უფრო სწორად, კორპორაცია, კაგებეშნიკები, კლანი… მრავალფეროვანი იყო გამოყენებული უარყოფითი კონოტაცია.) ფორუმზე ისიც გაიხსენეს, რა დაგვიანებული იყო დასავლეთის მხარდაჭერა 2008 წლის აგვისტოში; ისიც თქვეს, რომ მეტი და უფრო კონკრეტული უნდა იყოს შეფასება იმ საფრთხეებისა, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდისო; ასევე რუსეთს - უფრო სწორად, კორპორაციას, კლანს, მმართველ გუნდს - დაბრალდა პრობლემების უმრავლესობა საქართველოს შიგნითაც. მაგალითად, კახა ბენდუქიძემ ეკონომიკურ აღმასვლაზე საუბრისას აღნიშნა, რომ, რუსული ფაქტორის გათვალისწინებით, მიღწეული შედეგები შთამბეჭდავიაო. დაეთანხმნენ… თუმცა ერთსულოვნება შიგადაშიგ ირღვეოდა. მაგალითად, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, რომელმაც, სხვების მსგავსად, დაიწყო, რა თქმა უნდა, წინსვლა არისო, იქვე დასძინა, ჯერ არ მგონია ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირისთვის და, აი, რატომო: ჩვენი ქვაკუთხედი (ევროკავშირის) და მთავარი მაჩვენებელი არა მაკროეკონომიკური პარამეტრები, არამედ ადამიანის უფლებებიაო. აქ კი საუკეთესო მაჩვენებლებს ვერ აჩვენებთო. თითქმის ას პროცენტამდე შემთხვევებში სასამართლო სისტემაში წაგებული მოქალაქეების ფონზე ელჩმა სისტემის მმართველობას შეახსენა:

საპარლამენტო ფორუმი

„უმთავრესი საკითხი ადამიანის უფლებებია, საკითხი, რომელსაც ხშირად საკმაოდ არადამაჯერებლად წარმოვადგენთ ხოლმე, თუმცა ეს საკითხი, ყველა სტანდარტით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ევროკავშირისთვის. მე პირადად, როგორც ადამიანმა, რომელიც ჩართული იყო ბერლინის კედლის დაცემამდე აქტივობებში, შემიძლია გითხრათ, რომ, უბრალოდ, სიტყვა „ადამიანის უფლებები“ წმინდა იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს იყო სიტყვა, როგორც წინმძღოლი დროშა... ჩვენ, უბრალოდ, თავს ვიტეხდით მის დასაცავად…“

დიმიტროვის წასვლის შემდეგ ერთსულოვნება ისევ განახლდა - ისევ რუსეთის კორუფციული მართვის სისტემა და აგრესიული პოლიტიკა წამოვიდა წინა პლანზე, თუმცა ამბობდნენ, არ გვინდა ეს თემა გახდეს დომინირებულიო. მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადგან რუსეთის ფაქტორი ქართული დემოკრატიის წარმატებაზე საუბრისას საუკეთესო ბერკეტი აღმოჩნდა. ჟურნალისტები ქართული დელეგაციისგან თავდაჯერებულ კომენტარებს აგროვებდნენ; რუსი ახალგაზრდა ავტორი სასწავლო სახელმძღვანელოზე ხელს აწერდა, პოლიციის შენობით ილუსტრირებული წიგნით ხელში; ფორუმის ქართული წევრები კი ამბობდნენ, ბოლოს და ბოლოს, სრულდება დეზინფორმაციის ტალღა, რომელსაც რუსეთი ეწეოდაო.

დავით ბაქრაძე: „რაც არ უნდა იყოს ოფიციალური პროპაგანდა რუსეთისა, სიმართლე ყოველთვის უფრო ძლიერია…“

ბოლოს ფორუმის მასპინძლებმა სტუმრები ოკუპაციის მუზეუმში დაპატიჟეს და პირობა დადეს, რომ სტუმრებს ასევე აუცილებლად აჩვენებდნენ ოკუპანტების დროშებს საქართველოს ტერიტორიაზე. დელეგაციის ევროპელმა წევრებმა კი, თავის მხრივ, ’თბილისის დეკლარაციას’ წავიღებთ და ვილნიუსში შემდეგ საპარლამენტო ფორუმზე წარვადგენთო.
XS
SM
MD
LG