Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 მაისი, 2011


„აქციის წარმატებისთვს მარტო ხალხის რაოდენობა საკმარისი არაა“, - წაიკითხავთ გაზეთ ”რეზონანსში”, რომლის რესპონდენტი პოლიტიკური ექსპერტები 21 მაისისთვის დანიშნული საპროტესტო აქციის მოსალოდნელ შედეგებზე მსჯელობენ. ისინი გაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ აქციების შედეგიანობისათვის გადამწყვეტი ფაქტორებია არა პროტესტით დამუხტული ადამიანების რიცხვი, არამედ ლიდერთა უნარი, საერთაშორისო განწყობა და კონტექსტი და დათმობა სახელისუფლებო ძალების მხრიდან. ”თუკი 10 000 გამოვიდა, ეს ცოტაა, მაგრამ თუ ამათ მეორე დღეს ძალოვანები და მინისტრები შეუერთდებიან, მაშინ რაღაც გამოვა”, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, თუმცა 2003 წლის მოვლენებთან ამ კონტექსტში პარალელების გავლება მაინც არ იქნებოდა მართებული. შევარდნაძის გარემოცვას რევოლუციის დროს, ნარჩემაშვილის გარდა, არც ერთი მინისტრი არ შერჩა, ამბობს რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს, რომ შევარდნაძეს ძალაუფლება მობეზრებული ჰქონდა, რაც შეეხება ახლა მოქმედ ხელისუფლებას, ეს ახალგაზრდა გუნდია და მობეზრებაც არ ეტყობათ.

გაზეთ ”ვერსიას”, თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემ 21 მაისის მოვლენების განვითარების, უფრო ზუსტად კი, აქციების ხანგრძლივობის 2 შესაძლო ვარიანტი გაუმხილა: ” წინასწარ ნუ ვიმარჩიელებთ. გვაქვს გადაწყვეტილი უსაშველოდ არ გაგრძელდეს. არის ორი ვარიანტი, ძალიან ხანმოკლე და შედარებით ხანგრძლივი, ანუ რამდენიმედღიანი. ძალიან ხანმოკლე განხორციელდება, თუ ყველა ის ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვინც სააკაშვილის რეჟიმით უკმაყოფილოა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება მალე გახდება იძულებული, დათმოს ძალაუფლება.” ნინო ბურჯანაძის თანახმად, კონკრეტული თარიღის დასახელება არ ღირს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ 26 მაისს საქართველო, დღევანდელთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული იქნება. ასევე გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებიდან ნინო ბურჯანაძესა და ”სახალხო კრებას” ”ქართული აკადემიის” ერთ-ერთი ლოდერი, ნუკრი ქანთარია, ურჩევს, საპროტესტო აქცია ხელისუფლების გადადგომის კი არა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით წარიმართოს.

”ხალხის პარტიის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან გაზეთ ”ახალი თაობის” საუბრის ძირითადი თემაა საარჩევნო „რვიანის“ გეგმები. კითხვაზე, რას მოიმოქმედებს „რვიანი“ ხელისუფლებისადმი მიცემული ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემთხვევაში და მოსალოდნელია თუ არა მისი ქუჩაში გასვლა, დავითაშვილი პასუხობს, რომ აქციებში ცუდი არაფერია, ოღონდ ”სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნით. რაც შეეხება „რვიანის“ პოლიტიკურ კამპანიას, კობა დავითაშვილი ამბობს:” შემოვივლით საქართველოს, საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში და ხალხთან ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანი არჩევნებისათვის. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, პასუხის გაუცემლობა ბრძოლის შეწყვეტის კი არა, გამძაფრების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს.ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ სურს სამართლიანი არჩევნები.” კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ექნება.

ბრძოლის ველის ცივილიზებულ, არჩევნების ფრონტზე გადატანას იმედოვნებს ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, რომელსაც გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” ესაუბრა. ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ თუ აქციის ორგანიზატორებს შეგნებულად აქვთ ჩაფიქრებული ხელისუფლების პროვოცირება და შემდეგ ახალი გაუგებრობისა და კონფლიქტის აგორება, მაშინ ეს მოვლენათა განვითარების ერთი მნიშვნელოვანი არასასურველი მიმართულება იქნება, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და არც ერთ მხარეს მზაკვრული ჩანაფიქრი არ ექნება, აქციაზე მისული ადამიანები, რომელთაც თავიანთი მოსაზრებების ღიად გამოხატვის საშუალება მიეცემათ, უარყოფითი ემოციებიდან განიმუხტებიან და მშვიდობიანად დაიშლებიან.
XS
SM
MD
LG