Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული დღეები სახელმწიფო უნივერსიტეტში


თბილისში 16-დან 20 მაისის ჩათვლით გერმანული კვირეული ჩატარდა. ”გერმანული დღეები თბილისში” საქართველოში გერმანიის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ იყო ორგანიზებული, მასში მონაწილეობას იღებდა გერმანიის ბოშის ფონდიც. 18 მაისს, კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გერმანული ფილოლოგიის განყოფილების საღამო, სადაც, სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული იმ ლიტერატურის გამოფენაც, რომელიც ქართულ-გერმანულ სამეცნიერო და კულტურათაშორის თანამშრომლობას ასახავს.

„გერმანული დღეები თბილისში“ - ამ სახელწოდების კვირეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა. უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტმა მოაწყო გამოფენა და ჟურნალ Germanistische Studien-ის, ანუ „გერმანული კვლევანის“, საიუბილეო, მეათე ნომრის პრეზენტაცია. უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში - ფანჯარასთან - სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები ეწყო - სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის ის მცირე ნაწილი, რომლის გამოტანაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოხერხდა.

ლალი ქეცბა, პროფესორი

”[აქ არის] ყველა იმ ადამიანის წიგნები, ვისაც უნივერსიტეტში ან უსწავლია, ან უსწავლებია, რათა შეიქმნას წარმოდგენა, თუ როგორია, საერთოდ, დღევანდელი მდგომარეობა კვლევის, თარგმანის და ა.შ.”, გვიხსნის ლალი ქეცბა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

და მაინც, როგორია დღევანდელი მდგომარეობა კვლევის, გერმანული ენიდან თარგმნის და ა.შ. თვალსაზრისით? - ამ კითხვით მივმართეთ უნივერსიტეტის პროფესორს, მთარგმნელ დალი ფანჯიკიძეს - ადამიანს, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართველი მკითხველისთვის ისეთი გერმანელი ავტორების გაცნობა, როგორიც არიან თომას მანი და მაქს ფრიში.

რაც შეეხება ჟურნალს, ის არის ინტერდისციპლინარული - ძალიან გახსნილი, ძალიან კარგი სტატიებია როგორც გერმანელი, ასევე ქართველი სტუდენტების და დოქტორანტების...
”ისეთი გამოკვეთილი მთარგმნელი რომ იყოს, არ მეგულება, არც სოლიდური ლიტერატურა ითარგმნება. ერთადერთი ძალიან გახმაურებული რომანი იყო ”სუნამო” პატრიკ ზიუსკინდის. სხვა ისეთი სქელტანიანი ნაწარმოები კი, რომლის მოხსენიებაც ღირს, არ თარგმნილა.”

სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია იყო. ამ მიზნით საქართველოში უკვე 10 წელია ჟურნალიც გამოიცემა. ჟურნალი, რომელიც ქართველმა პროფესორმა, გერმანისტმა თენგიზ კარბელაშვილმა დააარსა, ყოველწლიურად გამოდის. პროფესორი ლალი ქეცბა გვიხსნის, რომ ჟურნალი ქართველ და გერმანელ ლინგვისტებთან ერთად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერებს და სტუდენტებს აერთიანებს და მიმართულია გერმანული ენის პოპულარიზაციისა და მისი ლინგვისტური თავისებურებების დაცვისკენ. წელს გამოიცა ჟურნალის საიუბილეო, მე-10 ნომერი. ჟურნალი Germanistische Studien დორტმუნდში არსებული ენის საზოგადოების, ასე ვთქვათ, ქართული განყოფილებაა, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი ლალი ქეცბაა:

”ჟურნალი არის გერმანული ენის საზოგადოების, რომელიც არის ძალიან კონსერვატორული, ტრადიციული საზოგადოება და იბრძვის გერმანული ენის სიწმინდის დაცვისთვის, ინგლისური ენისგან დაცვისთვის. სიტყვაც კი არის მათი მოგონილი - „დენგლიშ“, ანუ ცუდი, ვულგარიზებული გერმანული. რაც შეეხება ჟურნალს, ის არის ინტერდისციპლინარული - ძალიან გახსნილი, ძალიან კარგი სტატიებია როგორც გერმანელი, ასევე ქართველი სტუდენტების და დოქტორანტების. ერთი სტატია, მაგალითად, ნოტებითაა სავსე. ეს არის მუსიკა და გერმანული ლირიკა. რომანსებზეა დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფართო პროფილია, ერთადერთი პირობა, რასაც ვიცავთ, ის არის, რომ ძალიან მკაცრი შერჩევის შედეგად იბეჭდება სტატიები და არის მთლიანად გერმანულ ენაზე და რედაქციაში გვყავს, როგორც ქართველი, ასევე საკმაოდ ცნობილი გერმანელი ექსპერტები.”

იმ ექსპერტთაგან ერთ-ერთი, რომელზეც პროფესორი ლალი ქეცბა საუბრობდა, ლინგვისტი ფრიდერიკე შმოეცაა. ფრიდერიკე შმოე, გერმანული კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა სამეცნიერო მუშაობისა, უკანასკნელ ხანს ის სამწერლო კარიერითაა დაკავებული და დეტექტური ჟანრის რომანებს წერს. მისი ერთ-ერთი ბოლო რომანის - ”ვინც არასოდეს აპატიებს” - მოქმედება საქართველოში ვითარდება. ფრიდერიკე შმოე რადიო თავისუფლებამ გოეთეს ინსტიტუტში, მისი რომანიდან ნაწყვეტების კითხვამდე ჩაწერა უნივერსიტეტში. ჩვენ მას ვკითხეთ, რატომ აირჩია საქართველო ნაწარმოების მოქმედების ადგილად.

”ჩემთვის ძალიან საინტერესო და წარმტაცი იდეა იყო, ისეთ ქვეყანაში მომხდარიყო ჩემი რომანის მოქმედება, რომელიც არის სრულიად უცხო და სრულიად საიდუმლოებით მოცული. აი, ასეთ ქვეყანაში მინდოდა მომხდარიყო ჩემი რომანის მოქმედება.”

რომანის მოქმედება 2010 წელს ხდება. მთავარი გმირი ქალი საქართველოში ჩამოდის და ეძებს გამქრალ რეპორტიორ ქალს, რომელსაც უნდა დაეწერა რეპორტაჟი საქართველოში ტურიზმის შესახებ. მთავარი გმირი ბოლოს გაიგებს, რომ რეპორტიორი, რომელსაც ის ეძებს, ცოცხალი აღარ არის - ის ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლავთ.

„მე, როგორც კრიმინალური ნაწარმოების ავტორს, მაინტერესებს ადამიანის სულის ქვესკნელი. მე არ მაინტერესებს, როგორ კლავენ, როგორ ხდება ეს დანაშაული. მე მაინტერესებს ის მოტივები, რაც ერთ ადამიანს მეორეს აკვლევინებს“, ამბობს მწერალი ფრიდერიკე შმოე, რომელიც საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა და, მისი სიტყვებით, ისეა საქართველოზე შეყვარებული, რომ თაფლობის თვეც მეუღლესთან ერთად საქართველოში გაატარა. გერმანიაში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც საქართველოზე რაიმე იცის, საქართველოში ძალიან ცოტა გერმანელია ნამყოფი, ამ წიგნით კი საქართველოს პოპულარიზაცია მინდოდაო, გვეუბნება მწერალი.

„გერმანული დღეები თბილისში“ დასრულდა, მაგრამ, როგორც ლალი ქეცბა ამბობს, გრძელდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა უნივერსიტეტებთან, მათ შორის, ზაარლანდის, ბამბერგისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებთან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG