Accessibility links

logo-print
დღეს დილიდან ახალგორის შესასვლელი ქართული პოლიციის საგუშაგოს მიერ ჩაიკეტა. ადგილობრივ მოსახლეობას არც დაბაში ატარებენ და არც იქიდან უშვებენ ვინმეს. პოლიციელები გზის დაკეტვის მიზეზს არ ამბობენ. ახალგორელებმა მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ გზა სამი დღის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. მიმოსვლის შეწყვეტის გამო დაბაში რამდენიმე ვერსია გაჩნდა. ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას „სახალხო კრების“ მიერ თბილისში დაგეგმილ აქციებზე ახალგორელების გამოჩენა არ უნდა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საგუშაგოზე კონტროლის გამკაცრება აქციების დღეებში საოკუპაციო ძალების მხრიდან წამოსულ საფრთხეს უკავშირდება. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ასეთი რამ ახალგორის ქართულ პოლიციურ საგუშაგოზე იშვიათად მომხდარა. მისი თქმით, ახალგორელები საპროტესტო აქციებზე წასვლას არ აპირებენ და სამართალდამცავების შიში უსაფუძვლოა.

ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი პოლიციელების მიერ გზის გადაკეტვის მიზეზს ვერ ხსნის, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ეს თბილისში გასამართ აქციაზე ახალგორელთა შესაძლო წასვლას უკავშირდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, მისი აზრით, გზა დაბიდან გამომსვლელთათვის ჩაიკეტებოდა, შემსვლელებს კი პრობლემები არ შეექმნებოდათ.

გზის ჩაკეტვის გამო ახალგორელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამ გზას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან დაბაში პროდუქტები თბილისიდან შეაქვთ. ახალგორში პოლიციელთა ქმედების გამო მითქმა-მოთქმა არ წყდება და როგორც რუსული საჯარისო, ისე ქართული პოლიციური დანაყოფების გადაადგილებას ყურადღებით აკვირდებიან.
XS
SM
MD
LG