Accessibility links

ევროკავშირი ისევ იმსჯელებს ბელორუსიაზე


მინსკი, 20 მაისი: ოპოზიციონერების საქმეთა განხილვისას სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი

მინსკი, 20 მაისი: ოპოზიციონერების საქმეთა განხილვისას სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი

ევროკავშირი აპირებს, გაამკაცროს სანქციები ბელორუსიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამ მზადების ფონია ინფორმაცია, რომ მინსკში სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა ორ ოპოზიციონერს.

ევროკავშირი, სავარაუდოდ, ათამდე გვარს დაამატებს ბელორუსი ოფიციალური პირების თითქმის 170-თკაციან სიას, რომელში შეყვანილებსაც, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა და გაყინული აქვთ საბანკო ანგარიშები. სიაში შეყვანილების რიცხვის გაზრდა ორშაბათს არის მოსალოდნელი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. სია წელს შეიქმნა - მას შემდეგ, რაც მინსკში რეპრესიები დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ.

ლუკაშენკოს ოპონენტებისათვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება მათს მონაწილეობას 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დემონსტრაციებში, გამარჯვებულად ლუკაშენკოს გამოცხადების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
პარასკევს სასამართლომ მინსკში ორ ოპოზიციონერს შეუფარდა ორწლიანი პირობითი სასჯელი - ვლადიმირ ნეკლიაევსა და ვიტალი რიმაშევსკის მაშინ, როცა კიდევ ორის - ნიკოლაი სტატკევიჩის და დმიტრი ვუსისთვის განაჩენის გამოტანა გადაიდო. ოთხივე ოპოზიციონერი ლუკაშენკოს კონკურენტი იყო დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. გასულ კვირაში კი ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ლუკაშენკოს მთავარ მეტოქეს დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს - ანდრეი სანიკოვს.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ ათამდე პირს შორის, რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორშაბათის შეხვედრაზე აპირებენ სანქციების შემოღებას, მოსამართლეები და პროკურორები არიან.

სიის გაზრდაზე მოლაპარაკების გარდა, ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, აპირებენ ზოგადად, ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონის პრესმდივნის, მაია კოციანჩიჩის განმარტებით: „ეს იქნება ერთგვარი აღწერა, რათა ვნახოთ, რა ხდება ამჟამად. ვიცით, რომ ვითარება კარგი არ არის. ჩვენ კვლავაც შეშფოთებული ვართ. ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენელთა სასამართლო პროცესები და სასჯელის გამოტანა. ბოლოხანს რამდენიმე განაჩენის შესახებ შევიტყვეთ და მეტს მოველით და ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია მოვლენების ასეთი განვითარებით“, ამბობს კეტრინ ეშტონის პრესმდივანი.

თვით ეშტონმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ეკონომიკურ სანქციებს არც ბელორუსული კომპანიებისადმი, რომლებიც მმართველ რეჟიმთან არიან დაახლოებული. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, იგულისხმება კომპანიები, რომლებსაც საქმე აქვთ ნავთობმრევწელობასთან, ან სამხედრო მრეწველობასთან.

თუმცა, მაია კოციანჩიჩის განცხადებით, ჯერ ნაადრევია ასეთ ზომებზე მოლაპარაკება და ჯერ-ჯერობით გრძელდება საკითხზე მუშაობა. „ჩვენ ამ საკითხს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად განვიხილავთ, რათა გავაძლიეროთ ბელორუსიაზე ზეწოლა შეზღუდვების სხვა სფეროებზე, მათ შორის ეკონომიკის სფეროზე გავრცელებით“, - აცხადებს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პრესმდივანი.

ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, მინსკთან ევროკავშირის ურთიერთობის გადასინჯვასთან დაკავშირებით, განიხილავენ იმასაც, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბელორუსიის დატოვება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში (ამ პროგრამაში, როგორც ცნობილია, საქართველოც მონაწილეობს) და რამდენად მიზანშეწონილია სპორტული ბოიკოტი. საქმე ეხება ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2014 წელს ბელორუსიაში უნდა ჩატარდეს. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა უკვე მოითხოვა მისთვის ბოიკოტის გამოცხადება.
XS
SM
MD
LG