Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტმა 20 მაისს პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას. საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთსულოვანი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართა. სპეციალური სამეცნიერო დასკვნისა და კომიტეტებში განხილვის შემდეგ, რეზოლუცია დეპუტატებს დიასპორებთან და კავკასიის ხალხთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.
ვგრძნობ, რომ მე ვარ ქართველი და, ამავე დროს, ვარ ჩერქეზი, რადგან თქვენ დღეს იცავთ კავკასიის ხალხთა ინტერესებს.

”აღიარებულ იქნეს რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა მათი ისტორიული სამშობლოდან გენოციდის აქტად.”

95 ხმა არც ერთის წინააღმდეგ. უმრავლესობამ და უმცირესობამ 20 მაისს საკანონმდებლო ორგანოში პირი შეკრა. მათ ერთხმად უყარეს კენჭი რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას. აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთ საუკეთესო გახმიანებად პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილისა და პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვებიც კმარა, რომლებიც მათ რეზოლუციის ტექსტის მოსმენის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოთქვეს:

”ვგრძნობ, რომ მე ვარ ქართველი და, ამავე დროს, ვარ ჩერქეზი, რადგან თქვენ დღეს იცავთ კავკასიის ხალხთა ინტერესებს”, - ამბობს რუსუდან კერვალიშვილი.

”როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც ახლა ვქმნით, არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მიხარია და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მიუხედავად ჩერქეზთა მიმართ გამოთქმული პატივისცემის და თბილი სიტყვებისა, ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ჯონდი ბაღათურია იყო. ის იყო ასევე საკნონმდებლო ორგანოს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ნუგზარ წიკლაურს, დიასპორებთან და კავკასიის ხალხთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, სომეხი ერის წარმომადგენლების მიერ საქართველოს პარლამენტისადმი თხოვნა შეახსენა:
ამ ეტაპზე სომხეთსა და თურქეთს შორის კარგი ურთიერთობების დასაწყისი არსებობს. შესაბამისად, პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩარევა აღნიშნულ საკითხში ამ ურთიერთობებს დააზარალებს.

”რამდენიმე ხნით ადრე, ვიდრე ჩერქეზები მომართავდნენ საქართველოს პარლამენტს გენოციდის აღიარების თხოვნით, საქართველოს პარლამენტს ანალოგიური თხოვნით ეთნიკურად სომეხმა საქართველოს მოქალაქეებმა მიმართეს. ხომ არ შექმნის ჩვენს მართლა მეგობარ და მეზობელ ხალხში ეს უსამართლობის განცდას? მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკითხი - სომხური საკითხი, ქართველთა საკითხი აფხაზეთში და ჩერქეზთა საკითხი - უნდა გაერთიანდეს და მოხდეს მათი სინქრონიზაცია. მე პირადად არ ვარ მზად ან მხარი დავუჭირო, ან წინააღმდეგი გამოვიდე აღნიშნული საკითხისა”, - ამბობს ჯონდი ბაღათურია.

ნუგზარ წიკლაურის პასუხი იყო მოკლე. მას ჩერქეზთა და სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება დაუშვებლად მიაჩნია:

”ამ ეტაპზე სომხეთსა და თურქეთს შორის კარგი ურთიერთობების დასაწყისი არსებობს. შესაბამისად, პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩარევა აღნიშნულ საკითხში ამ ურთიერთობებს დააზარალებს.”
საპარლამენტო სხდომის ჩერქეზი სტუმრები

ჩერქეზთა გენოციდის აღიარების პოზიტიურ როლზე ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობის დარეგულირებაში რადიო თავისუფლებასთან ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საუბრობს. მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური ტიპის ნაბიჯი. თუმცა აქვე ის იმ უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას შეიძლება მოჰყვეს:

”ამას ყველაფერს უზარმაზარი მინუსიც აქვს. არა მხოლოდ ის, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა აღაშფოთოს რუსეთი. საქმე ის არის, რომ სხვა ხალხებიც არიან ანალოგიურ მდგომარეობაში და, პირველ რიგში, ესენი არიან ჩვენი მეზობელი სომხები. და სომხების გენოციდის აღიარება, ეს ნიშნავს გეოპოლიტიკური სურათის შეცვლას საქართველოში. ეს ნიშნავს აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაპირისპირებას”, - მიაჩნია მამუკა არეშიძეს.

რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას დაახლოებით ერთწლიანი კვლევა უძღოდა წინ, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა ჩერქეზთა გენოციდის შესახებ შექმნილი სამეცნიერო დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, მიიჩნევს, რომ საქართველო ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს:

”ეს იყო აშკარად გამოხატული გენოციდი. საქართველოს აქვს შანსი აღადგინოს სამართლიანობა და მიაგოს პატივი მილიონობით დაზარალებულსა და ასეულობით მოკლულ ჩერქეზთა ხსოვნას”, - ამბობს მერაბ ჩუხუა.

147 წლის წინ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკიდან გაქრა. და ის დღემდე არ არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნილია...

ცარისტული რუსეთის მიერ მრავალჯერადი სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციების შედეგად, ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი; 1864 წელს, როცა ალექსანდრე მეორის ჯარმა კავკასია დაიპყრო, რუსეთის ჯარებმა ჩერქეზები თურქულ გემებში ჩასხეს და ოსმალეთის იმპერიისკენ გზას გაუყენეს. 300 ათასი ჩერქეზი მხოლოდ შიმშილისა და სხვადასხვა ავადმყოფობისგან დაიღუპა.

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ საუბრობდნენ 20 მაისს საქართველოს პარლამენტში მისული ჩერქეზები. მათი ემოცია იყო ერთდროულად ცრემლიანიც და სიამაყით სავსეც.

ჩერქეზი თამარა ბარსეკი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების მოსასმენად ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა:

”დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი იშლება. ჩვენ ახლა საბოლოოდ უნდა შევძლოთ ნაბიჯების წინ გადადგმა, მე ასე მგონია.”

დღევანდელი დღე ჩერქეზთა დაბრუნების, ხელახლა დაბადების დღეა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერქეზთა კონგრესის წარმომადგენელი რუსლან კეში:

”147 წლის წინ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკიდან გაქრა. და ის დღემდე არ არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნილია და ვერ ბრუნდება სამშობლოში. გენოციდის აღიარება ჩვენთვის დაბრუნების, ხელახლა დაბადების, იმედის საწყისია.”

კენჭისყრის დასრულების შემდეგ როგორც ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, საქართველოს პარლამენტი იზრუნებს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებსაც შეატყობინოს საქართველოს გადაწყვეტილება, რათა ჩერქეზმა ხალხმა საბოლოოდ მოახერხოს საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG