Accessibility links

logo-print
რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ გამოიცნეს გაზეთებმა, მოხდება თუ არა საქართველოში რევოლუცია. ალბათ იმიტომ, რომ ეს შეკითხვა, პირველ რიგში, იმათ დაუსვეს, ვისაც ჩვენში ექსპერტები ჰქვიათ და ვინც გაზეთების გვერდებიდან საკითხს საკმაოდ ვიწრო კულუარული და შიდაპოლიტიკური გადაჯგუფებების, შიდა ინტერესებისა და მისწრაფებების ჭრილიდან ხსნის. გაზეთებს ეს შეკითხვა უკვე კვირებია წინა გვერდებზე აქვთ გამოტანილი და მიდის მერე დისკურსი მათი, ვინც რევოლუციას გეგმავს ან მასზე დაკვირვების საექსპერტო ცოდნით არის შეიარაღებული. არა, მიზეზებზე ან ფორმაზე, ან სტრუქტურაზე და, რაც მთავარია, შინაარსზე საუბარი აქ არ გვხვდება. საუბარია იმაზე, თუ ვინ რომელ ჯგუფშია, ვინ ვისთან არის ან არ არის, ჩამოვა თუ არა ოქრუაშვილი, რა უნდა ნინო ბურჯანაძეს (ადამიანს, ვინც, პრესაში გავრცელებული აზრით, ყოველთვის არჩევნებში მოგებულ მხარეს იყო და დღეს ამბობს, რომ არჩევნებს არ ენდობა) ან რა უნდათ სხვებს, საიდან აქვთ ფული და რიტორიკული შეკითხვა: ისევ გვმართავენ? სადღაც ბოროტი ძალებია გარეული, თორემ ჩვენ, ადამიანებს, მოქალაქეებს არავინ გვეკითხებაო... - დაახლოებით ასეთია პრესის ფურცლებზე ბოლო კვირების განწყობა.

რას იზამს ხელისუფლება? გამოიყენებს თუ არა ძალას… ზოგი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს არეულობა, ზოგი საპირისპიროს ამბობს. მაგალითად, დღევანდელ „რეზონანსში“ ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არეულობა ხელს არ აძლევს. „საქართველოს რესპუბლიკა“ „სახალხო კრების“ მუხას წითლად - არა, უფრო ჟოლოსფრად - ღებავს და წინა გვერდზე ბეჭდავს, ხოლო იქვე „სახალხო კრების“ განცხადებას ურთავს: თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ადეკვატურად ვიმოქმედებთო… „სახალხო კრება“ მოუწოდებს მოსახლეობას, ახლა შევცვალოთ ხელისუფლება და მერე, არჩევნებში, ვისაც გინდათ, იმათ მიეცით ხმაო…ასევე ამბობს, 21-ში ვიტყვით, რა იგეგმება 26 მაისსო. 26 მაისს თბილისში აღლუმი იგეგმება - ჯარისკაცებით და სამხედრო აღჭურვილობით - რუსთაველზე; რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, ჯარმა რუსთაველზე გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა. „ახალ თაობაში“ ექსპერტები გვამცნობენ, რომ ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების უფლება არა აქვს, ხოლო ნინო ბურჯანაძე გვამცნობს, რომ საქართველოს განთავისუფლებას იწყებს. რას აპირებს „სახალხო კრება“? აქციებს - თბილისის ცენტრში და ბათუმში - ერას მოედანზე. საქართველოს არმიას ირაკლი ოქრუაშვილი მიმართავს: მე თქვენი კარგად მესმის და აბა, თქვენ იცით, სწორი პოზიცია დაიკავეთო... ხელისუფლება კი რუსეთის კვალზე და ოქრუაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე ლაპარაკობს. რევოლუციურ გამოცანასთან ჭიდილში, შეიძლება ითქვას, არაა ჩაბმული „24 საათი“, რომელიც, მაგალითად, დღეს პლასტმასის ადამიანების ეკოსისტემაზე წერს და გვამცნობს, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ნაბიჯია ლიდერობის აღდგენის გზაზე… გაზეთი გვამცნობს ასევე ფარისეველი ევროპელების ამბავს, ევროპელებისა, რომლებიც ლარს ვონ ტრიერის ახალმა ფილმმა და პროვოკაციის მორიგმა მცდელობამ აღაშფოთა.

ხალხის რაოდენობა - შემდეგი გამოცანა გაზეთებისა, ანუ რამდენი იქნება და რამდენია საჭირო რევოლუციისთვის. სპეკულაცია ამ თემაზე ყველა მხარესაა გაშლილი. აქციის წარმატებისათვის მარტო ხალხის რაოდენობა საკმარისი არ არისო, წერს „რეზონანსი“ 20 მაისს. იქვე, ცოტა მარჯვენა ზედა კუთხეში, ნინო ბურჯანაძის ციტატაა: ”დეტალებს ორი დღით ადრე კი არა, იმაზე ორი წუთით ადრე არ ვიტყვი, ვიდრე საჭიროა, რომ ადამიანებმა იცოდნენ”.

წინა კვირებში ხშირად იმეორებენ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, ნინო ბურჯანაძე, რომ ხალხი სტრატეგიის გაცნობას არ ითხოვს; ხალხი, უბრალოდ, ითხოვს, დიქტატორული და უსამართლო რეჟიმი დასრულდესო…

უდიდესი დანაშაული, რაც ჩვენ მიგვიძღვის, როგორც საზოგადოებას, საკუთარი სამშობლოსა და ერის წინაშე, არის ის, რომ სააკაშვილი მოვიყვანეთ ხელისუფლებაშიო, წერს „საქართველოს რესპუბლიკა“ 20 მაისს. ამიტომაც ჩვენვე უნდა გამოვისყიდოთ ჩვენივე დანაშაულიო, ჩამოვაგდოთ დიქტატორიო…

კვირის დასაწყისიდან სხვა გამოცანა ბევრია გაზეთებში - მაგალითად, გავა თუ არა „რვიანი“ ქუჩაში ან ვის აქვს მონოპოლია აქციებზე. ’აქციებზე მონოპოლია ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა’, გვამცნობენ „ახალი თაობის“ 20 მაისის ფურცლებიდან. გაზეთ „ყველა სიახლის“ წინა გვერდზე „შეფიცულები“ გვაუწყებენ, ”მზად ვართ სიცოცხლე შევწიროთ ამ საქმეს და ქვეყანასო”. პრესაში გამოჩნდა კვირის დასაწყისიდან ირინა სარიშვილი, რომელიც „ახალი თაობის“ გვერდებიდან გვამცნობს, რომ ოქრუაშვილი ბურჯანაძის წინააღმდეგ სააკაშვილის მითითებით მოქმედებს. ეკა ბესელია კი იმავე გაზეთის იმავე ნომრიდან გვატყობინებს, რომ 21 მაისს ხალხის გვერდით იდგება. ხელისუფლების გასაძევებლად დაგეგმილი ჯვარედინი ბრძოლები ხალხს აბნევსო, ამბობს ბესელია, თუმცა ამატებს, რომ ხალხი სააკაშვილს არ ენდობა და მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია არ იციან, არც მე ვიციო, მაინც ხალხის გვერდით ვიდგებიო და ხალხი კი ქუჩაში გავაო…

დაპატიმრებული აქტივისტები რუსთავში. სისტემა შეშინებული თვალებით იყურება და ყველაფერს აკეთებს, რომ პროტესტი ჩაახშოსო, გვაუწყებენ გაზეთის ფურცლებიდან. მაგალითად, ნონა გაფრინდაშვილი ჰყვება „ალიას“ 19-23 მაისის ნომერში, რომ კახეთში მათი აქტივისტების მანქანა, რომელსაც ფლაერები მიჰქონდა, დაცხრილეს, იქ მსხდომთ სცემეს და მანქანა ნიღბიანმა ადამიანებმა წაიყვანეს.

„ვაი, პრეზიდენტისგან „გადატრაქტორებულო“ საქართველოვ!“ - წითელი ასოებითაა დაბეჭდილი ეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის“ წინა გვერდზე 17 მაისს.
XS
SM
MD
LG