Accessibility links

logo-print

საპროტესტო მიტინგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით


21 მაისს წარმომადგენლობითი “სახალხო კრების“ მიერ თავისუფლების მოედანზე დანიშნული მიტინგისათვის მოძრაობის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა შეკრება პირველი საათიდან დაიწყეს. ფილარმონიის, ავლაბრისა და ვარდების რევოლუციის მოედნებიდან დაძრულმა მომიტინგეებმა სამი საათისათვის თავისუფლების მოედნის ნახევარი და მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორია შეავსეს.

ხმა მეგაფონში: „ეს არის ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ და გავათავისუფლებთ საქართველოს სისხლიანი რეჟიმისგან!“

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ხალხი დათქმულ დროს შეიკრიბა, მიტინგი, ტექნიკური და სხვა სახის პრობლემების გამო, თითქმის ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები - ნონა გაფრინდაშვილი და გიორგი კობახიძე - მხარდამჭერების სიმრავლისა და აქტიურობის გამო კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

გიორგი კობახიძე: „ერთი რამ შემიძლია ვუთხრა პირობის სახით მთელ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას: ვიდგებით მანამდე, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა, ანუ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ!“

ნონა გაფრინდაშვილი: „ამას უკვე არაფერი დაუდგება წინ. ყველაფერი არის ხალხზე დამოკიდებული.“

ნონა გაფრინდაშვილმავე წაიკითხა „სახალხო კრების“ მიმართვა ქართული საზოგადოებისადმი:

„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლებამ იმოქმედოს ხალხის მოთხოვნისა და ნების შესაბამისად! გავერთიანდეთ ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი საქართველოსთვის! ხელისუფლების ვერანაირი მოქმედება ვერ შეუშლის ხელს ხალხის ნების აღსრულებას. „სახალხო კრებას“ შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა!“

მიტინგს მსახიობი და „სახალხო კრების“ შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე უძღვებოდა. მანვე წაიკითხა მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი. სააკაშვილის რეჟიმს ბურჯანაძემ ავტორიტარული, ანტისახალხო და ქვეყნისთვის დამღუპველი უწოდა:

„2011 წლის 21 მაისს საქართველოს ხალხი შევიკრიბეთ და ვიწყებთ გადამწყვეტ მშვიდობიან ბრძოლას ჩვენი კონსტიტუციური უფლებების აღსადგენად. ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისათვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებისათვის ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე! ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისათვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.“

საპროტესტო გამოსვლებში ჩართვისკენ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს „სახალხო კრების“ ერთ-ერმა აქტიურმა წევრმა, რეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ირაკლი ბათიაშვილმაც მიმართა. მიტინგის ორგანიზატორებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს განუმარტეს, რომ მოქმედების გეგმას მოგვიანებით, მიტინგის დასრულების შემდეგ გააცნობდნენ, მანამდე კი შეკრებილებს ნინო ბურჯანაძემ მიმართა:

„ჩვენ არ ვაპატიებთ ამ ხელისუფლებას ამდენ ტყუილს, არ ვაპატიებთ დამოუკიდებელ საქართველოში ნეობოლშევიზმის აღდგენას, არ ვაპატიებთ ჩვენი ღირსების, კონსტიტუციური უფლებების შელახვას. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და არც ერთი ადამიანი საქართველოში უსამართლოდ ციხეში აღარ იჯდება. ვისაც ბრძოლა გინდათ და თუ მართლა გინდათ, გამოდით და დადექით. ჩვენ მივდივართ ამ ბრძოლაში!“

ნინო ბურჯანაძის გამოსვლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც, მიტინგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG