Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აძლევს საქართველოს ”ეკონომიკური თავისუფლება”


ჯეიმს რობერტსი (მარჯვნივ) თბილისში გამართულ ლექციაზე
ჯეიმს რობერტსი (მარჯვნივ) თბილისში გამართულ ლექციაზე
მიმდინარე კვირაში თბილისს ესტუმრა და ლექცია-სემინარები გამართა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ წამყვანმა ექსპერტმა, “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” ერთ-ერთმა ავტორმა, ჯეიმს რობერტსმა. მის მიერ მომზადებული 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა 183 ქვეყანას შორის როგორც ძირითადად თავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფომ. რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს ინდექსს და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ეკონომიკური თავისუფლების მაღალ მაჩვენებლებს?

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ მსოფლიოში "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011” წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს ქულა 70.4-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ”ძირითადად თავისუფალი” ქვეყნების რიგებშია. ბოლო 2-3 წელია საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მაღალ მაჩვენებლებს აღწევს და ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა, ნორვეგია, ბელგია და ასე შემდეგ. ამ ქვეყნების გვერდით საქართველოს მოხვედრა ბევრს აეჭვებს, რადგან ქვეყანაში ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია. ამ ეჭვებზე პასუხის გაცემა მოუწია თბილისში ვიზიტად მყოფ ჯეიმს რობერტს, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ერთ-ერთ ავტორს:
იცით, მთლიანობაში, ევროკავშირი კარგია - პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებენ, ხშირად კარგია. მაგრამ ყოველთვის არ არის კარგი...

”ბევრი წელი სჭირდება ამ პოლიტიკის გაგრძელებას, ვიდრე ხალხი რეალურ სარგებელს დაინახავს. რაც განასხვავებს საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისგან ეს ის არის, რომ შეიძლება ევროპულ ქვეყნებს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ის ქვეყნები წლების განმავლობაში მისდევენ ამ პოლიტიკას კერძო საკუთრების უფლების დაცვით და ხალხი ხედავს ამ პოლიტიკის სარგებლობას. იმავე დონის მისაღწევად, - თუკი საქართველო გააგრძელებს ამ პოლიტიკას, - დამატებითი დროის ხარჯზე, ხალხი აქაც დაინახავს მის სარგებლობას.”

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ათი მაჩვენებლის მიხედვით ყალიბდება. ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი სარეიტინგო ქულები მიენიჭა ბიზნესის დაწყების სიმარტივის, თავისუფალი ვაჭრობის, ფისკალური თავისუფლებისა და ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის მიხედვით.

კვლევაში აისახა საქართველოს სუსტი მხარეებიც. განსაკუთრებით დაბალი ქულა - 40 პროცენტი - ერგო საკუთრების უფლებას. ასევე გაუარესდა მთავრობის ხარჯების მაჩვენებელიც, რადგან საბიუჯეტო ხარჯები ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. ექსპერტები ამ და სხვა მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ლაპარაკია ანტიმონოპოლიური, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სამსახურების შექმნის შესახებ, რომლის გარეშეც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხერხდება.
ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დაუმყარებლობა სიბრიყვე იქნებოდა...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ავტორის ჯეიმს რობერტსის განცხადებით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი რეგულაციების შემოღებას:

”იცით, მთლიანობაში, ევროკავშირი კარგია - პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებენ, ხშირად კარგია. მაგრამ ყოველთვის არ არის კარგი. ზოგჯერ მიმართავენ ზომებს მთავრობისა და საჯარო სექტორის უფრო აქტიურად მოქმედების წასახალისებლად, რომელსაც ჩვენ, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენში“, არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა ასახულია არა მარტო ევროკავშირში, არამედ შეერთებულ შტატებშიც. ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ გაამკაცრა შრომის ბაზრისა და გარემოს დასაცავად გათვალისწინებული ზომები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებში, რაც, ჩვენი აზრით, ასახავს პროტექციონიზმს და შედის მთავრობისა და პროფკავშირების ინტერესებში. მათ არ სურთ ვაჭრობის მოცულობის გაზრდა, პირიქით, ვაჭრობის შემცირება სურთ, სურთ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ხელფასები ხელოვნურად მაღალ დონეზე დარჩეს. ეს არის ის უარყოფითი ასპექტები, რაც ხალხმა უნდა იცოდეს.”

ჰერიტიჯის ფონდის წარმომადგენლის, ჯეიმს რობერტსის ეს განცხადება არ გულისხმობს მოწოდებას ევროკავშირთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. პირიქით, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ავტორი საქართველოს მოუწოდებს ძალისხმევა არ დაიშუროს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად:

”ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დაუმყარებლობა სიბრიყვე იქნებოდა. იმის თქმა მინდა, რომ საქართველო რუსეთის ან უკრაინის კვალს არ უნდა გაჰყვეს. ეს ორი ქვეყანა ცდილობს გაერთიანდეს საბაჟო კავშირში და უარყოფს ევროკავშირს. ეს მათი მხრიდან შეცდომაა. საქართველომ უნდა გააგრძელოს მოლაპარაკება ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების მისაღწევად და ამისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, თუმცა უნდა ეცადოს, რომ მოლაპარაკებების დროს მიაღწიოს ისეთ შეთანხებას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს.”

ასეთია ჯეიმს რობერტსის, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენლის, მოსაზრება. მის პოზიციას იზიარებს საქართველოს მთავრობაც, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში, ესტონეთის მსგავსად, ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შენარჩუნებას შეძლებს.

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი სწორედ ესტონეთსა და ლიტვას აქვს.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის სათავეშია ჰონგ კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ.

ექსპერტების განმარტებით, ეკონომიკური თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად ზრდის საფუძველია.
XS
SM
MD
LG