Accessibility links

logo-print

თბილისში მოხდა შეტაკებები მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის


დღეს დილით, სამართალდამცავებმა დაარბიეს კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეები. მანამდე, სხვადასხვა ინფორმაციით, სახალხო კრების აქციის მონაწილეებმა დროშის ტარები დაუშინეს მანქანას, რომელშიც, მომიტინგეთა მტკიცებით, პოლიციელები ისხდნენ და მათი ერთ-ერთი აქტივისტის დაპატიმრებას ცდილობდნენ. მანქანას 50-მდე პირი ხელკეტებს ურტყამდა, ჩაუმსხვირეს საქარე მინა, რის შედეგადაც დაშავდნენ მასში მსხდომი ადამიანები. აი, რა გვიამბო, დავით ჩაგანავამ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე.

„დილით, სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გია უჩავა, რომელიც სახალხო კრების „შეფიცულთა რაზმის“ ხელმძღვანელია და ამას მოჰყვა აქციის მონაწილეთა მხრიდან მანქანის დარბევა ჯოხებით. ამის შემდეგ გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები (აი, ჯიბეში მაქვს ახლა რეზინის ტყვია) და ცრემლმდენი გაზი. აქ, ჩვენთან ერთად იმყოფება ახლახან შექმნილი ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ წევრი ირინე ფუტკარაძე, რომელიც აკვირდება, ხდება თუ არა კანონის დარღვევა და რაკი ქალბატონი ირინა დილით აქ იყო, სჯობს მას მოვუსმინოთ.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ირინე, როგორც დათომ თქვა, თვენ თავად იმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე და თავად შეესწარით დარბევის ფაქტს. რა დაინახეთ?

ირინე ფუტკარაძე: მე ნამდვილად ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილას. აქცია იყო მართლაც მშვიდობიანი. ძალიან მშვიდად მიდიოდა მთელი ღამე, მაგრამ დილით, იქ სადაც მე ვიდექი, მოშორებით ატყდა ჩოჩქოლი, როცა მათი თანაგუნდელი მიჰყავდათ სამართალდამცველებს, ამდენად გარკვეული რაოდენობა [აქციის მონაწილეებისა] დაიძრა იქით. იქ რა მოხდა და ვინ რომელიც მანქანა დაამტვრია, არ ვიცი, თუმცა ეს მათი თანაგუნდელი წაიყვანა პოლიციამ. მე შევესწარი ფაქტს, როდესაც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გამოიყენა „იესის“ ტიპის ხელყუმბარები, რომელიც ახლა მეც მაქვს დ თქვენს კოლეგასაც ვაჩვენე, რომელიც რამდენიმე იქნა გამოყენებული და ასევე გამოყენებული იქნა მომწამვლელი აირი.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ირინე, ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც უარყო როგორც მომიტენგეთა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი კონფქლიტის, ისე რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეთა დარბევის ფაქტი. მოდი მოვუსმინოთ, თუ რა განაცხადა უტიაშვილმა.

შოთა უტიაშვილი: არა, არა, დაშლით არ დაუშლიათ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი ტროსებით და ის ტროსები ახსნეს, თორემ აქცია არავის დაუშლია.

რადიო თავისუფლება: ანუ, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოყენებულა, როგორც აქ წერია?

შოთა უტიაშვილი: არა, არა რა ცრემლსადენი გაზები?!

რადიო თავისუფლება: და არც შეტაკებას ჰქონია ადგილი სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის?

შოთა უტიაშვილი: არა, არა.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ირინე, აი მოვისმინეთ შოთა უტიაშვილის განმარტება, სადაც უარყოფილია შეტაკება. ცოტა გაუგებარი ვითარებაა.

ირინე ფუტკარაძე: შოთა უტიაშვილის გასაგონად უნდა ვთქვა, რომ მე არ ვარ არც ერთი მხარე, მე ვარ არასმათავრობო ორგანიზაცია და პირველ რიგში, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე იქნება მიწოდებული აღნიშნული ფაქტები. დღესვე შევხვდებით ჩვენ ფილიპ დიმიტროვს (ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში) და მივუტანთ მას ამ ხელყუმბარებსაც და ამ რეზინის ტყვიებსაც. ამის პირობას ნამდვილად გაძლევთ.

22 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველებს სდებენ ბრალს სახალხო კრების წარმომადგენლები. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ძალადობას, „კრების“ მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვება.

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება მიიღებს პასუხს. ხელისუფლებამ დაიწყო რევოლუცია. ჩვენ რევოლუცია არ დაგვიწყია. ჩვენ ვიყავით და ვართ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. არანაირი იარაღი ჩვენს ხელთ არ ყოფილა და ეს ყველა კადრში ჩანს. მაგრამ ახლა აქ დევს გაზის და ტყვიის მასრები, რომელიც ამ დილით ხელისუფლებამ უკანონოდ გამოიყენა აქციის დასარბევად. მიიღებს ხელისუფლება პასუხს. და თუ მსოფლიო თვალს გაახელს იმაზე, რომ საქართველოში 21-ე საუკუნეში არსებობს ნეობოლშევიზმი, - კარგს იზამს.

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს სიტყვები „ხელისუფლება მიიღებს პასუხს?“ საპასუხო ზომებს მიმართავთ და ძალადობას ძალადობით უპასუხებთ?

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენ ძალადობა არ დაგვიწყია. როდესაც შენს მიმართ იყენებენ არაკანონიერ ძალას, მსოფლიოს ყველა კანონში, ყველა სისხლის სამართლის კოდექსსა და კონსტიტუციაში წერია, რომ შენ გაქვს თავდაცვის უფლება და ადეკვატური ძალის გამოყენების უფლება. და ამ უფლებას ხალხი გამოიყენებს. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. ეს არის კონსტიტუციური რევოლუცია, ეს იქნება რევოლუცია, რომელიც ამ ქვეყანაში ნეობოლშევიზმს მოუღებს ბოლოს. ჩვენ დავიბრუნებთ უფლებას, ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩვენები, როგორც კი ამ კრიმინალურ რეჟიმს მოვიშორებით ხელისუფლებიდან.“

დღესვე კოსტავას ქუჩაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მშვიდობიან მომიტინგეებთან რამდენიმე პირი მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდგომ, სახალხო კრების მხარდამჭერებს შორის რამდენიმე ავტომანქანა შევიდა და აქტივისტებს ქვები ესროლა. დაშავებულია სახალხო კრების რამდენიმე მხარდამჭერი, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დახმარება აღმოუჩინეს. თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება ინციდენტის თაობაზე, რომლის დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მომიტინგეები ნასვამები იყვნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიცილებს. ინციდენტის შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია როგორც თბილისში, ისე ბათუმში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG