Accessibility links

logo-print

აქციების, ქართველების დაჭრისა და აღიარებული გენოციდის კვირა


როგორც ეს წინასწარ იყო გამოცხადებული, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები 21 მაისს პარალელურ რეჟიმში დაიწყო ბათუმსა და თბილისში. აქციის მონაწილეების უმრავლესობა აშკარად განწყობილი იყო სახალხო კრების მოწოდების შესაბამისად, რომ 21 მაისს საპროტესტო აქციებით დაიწყო ”გადამწყვეტი ბრძოლა” სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად.

თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ გაშლილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ „სახალხო კრების“ ლიდერები. როგორც ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თქვა, კონსტიტუციური უფლებებისთვის ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება:

”ჩვენ გპირდებით, თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა... ჩვენ უკან არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ჩვენ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ წავიდეს... ეს გადამწყვეტი ბრძოლაა.”

ნინო ბურჯანაძის მსგავსად, 21 მაისს“ სახალხო კრების“ სხვა არაერთმა ლიდერმა გამოაცხადა მზადყოფნა იმისთვის, რომ საპროტესტო ტალღა არ ჩაცხრება მანამ, ვიდრე არ მიიღწევა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საბოლოო მიზანი. ” ‘სახალხო კრებას’ შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებულია ყველა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვითარდეს...” , - აღნიშნა „სახალხო კრების“ თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ აჰყვნენ პროვოკაციებს. გაფრინდაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებმა მხოლოდ და მხოლოდ „სახალხო კრების“ შტაბის მითითებების ”სრული დაცვით” უნდა იმოქმედონ. 21 მაისს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მე-2 არხის ეთერით, რისთვისაც ხსენებულმა ტელეკომპანიებმა აქციის ორგანიზატორების მადლობა დაიმსახურეს. თუმცა აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მაინც „საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ“ დაიძრნენ, 1 არხის პირდაპირი ეთერის მოთხოვნით.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობამ "სახალხო კრების" მოთხოვნა დააკმაყოფილა და 20-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში აქციის მიმდინარეობა რამდენჯერმე ჩართო პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი ასეთი ჩართვის დროს ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლოს „სახალხო კრების“ მომხრე რამდენიმე ასეული მხარდამჭერი, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. ბურჯანაძემ თქვა ისიც, რომ ”ისინი დაშლას არ აპირებენ.”

რაც შეეხება ბათუმში მიმდინარე აქციას, ადგილობრივი ტელევიზიის შენობასთან ის სამართალდამცველებმა დაშალეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Civil.-ge-ს მოუთხრო გაზეთ "ბათუმელების“ კორესპონდენტმა მზია ამაღლობელმა, სახალხო კრების აქტივისტები აჭარის ტელევიზიისგან საეთერო დროის გამოყოფას ითხოვდნენ და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტელევიზიის ხელმძღვანელობას 15 წუთი მისცეს. თუმცა ვიდრე ეს ვადა ამოიწურებოდა, გაურკვეველმა პირებმა ქვების სროლა დაიწყეს და ამას მოჰყვა პოლიციის, მათ შორის, უფორმო პირების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა, რაც "მოულოდნელად“ დაიწყო. ”ბათუმელების” კორესპონდენტის თქმით, დარბევის აქტიური ფაზა, დაახლოებით, 3 წუთს გრძელდებოდა და მომიტინგეების ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან "გაყრით“ დასრულდა.

თბილისში მიმდინარე აქციაზე „სახალხო კრების“ ლიდერებმა საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები ნეობოლშევიზმის მკვეთრ გამოვლინებას წარმოადგენს და რომ მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს სააკაშვილის მიერ შექმნილ ”ყალბ და ფასადურ დემოკრატიაზე”. ”ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და უფლებისთვის, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში”, - ნათქვამია მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეიძლება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ს ჩატარება.

ახლა გადავხედოთ მიმდინარე კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.
18 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას შეატყობინა, რომ დაახლოებით დილის 8 საათზე საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცები ( მათი ასაკი 17-დან 27 წლამდე მერყეობს) ”ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში, რა დროსაც მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა სცადეს გაქცეულიყვნენ. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა.” სროლის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანის, 17 წლის შოთა ლომსაძის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ინციდენტის დროს დაკავებული კიდევ 4 ახალგაზრდის გათავისუფლება 19 აპრილს მოხერხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ დვანში გამართული საგანგებო შეხვედრის მსვლელობისას. როგორც რადიო თავისუფლებას 19 მაისს უთხრა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჯოანა ჟებერმა, გათავისუფლებულია ადრე დაკავებული კიდევ ერთი ქართველი:

”შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ის 4 მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებიც გუშინ დააკავეს და ასევე გაათავისუფლეს 2 დღის წინ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია კვლავ ცდილობს ინფორმაციები რაც შეიძლება სწრაფად მოიძიოს გუშინ მომხდართან დაკავშირებით.”

ინფორმაციების შეგროვების მაქსიმალურ მცდელობაზეა საუბარი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მიერ 19 მაისს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშიც და ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია ”ინციდენტის გარშემო არსებული გარემოებები.” სწორედ ამიტომ ევროპელი მეთვალყურეები თავს იკავებენ კონკრეტული შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებისგან.

18 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა ევროკავშირის სახელით, თუმცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა 18 მაისს შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და მხარეებს მოუწოდა ითანამშრომლონ სიმართლის დასადგენად. ასევე შეშფოთებაა გამოხატული განცხადებაში, რომელიც 18 მაისს გაავრცელა შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. აქვე ისმის მოწოდება მხარეების მისამართით, რომ გამოიჩინონ თავშეკავება და სრული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას.

ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო კონტროლის აუცილებლობაზე ილაპარაკა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმაც 18 მაისს აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. 18 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გორდონს შეკითხვა დაუსვა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელმაც, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან ერთად, გასულ კვირაში სენატში წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები "რუსეთის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად არის აღიარებული. 18 მაისის ინციდენტი ფილიპ გორდონმა უკონტროლო ოკუპაციის კონტექსტში განიხილა:

”ეს არის სწორედ იმ ტიპის ინციდენტი, რომელიც ცხადყოფს, თუ რატომ ვართ ჩვენ ასე შეშფოთებული საქართველოში მოუგვარებელი სიტუაციით. მართალი ბრძანდებით, როდესაც თქვენს რეზოლუციაში და ახლაც ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ რუსეთი მთლიანად არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. როგორც ცნობილია, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრობლემად რჩება ის, რომ საქართველოში დგანან რუსი სამხედროები და მათი იქ ყოფნა არ არის გამჭვირვალე. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სწორედ იმ ტიპის ინციდენტები, რომელიც თქვენ ახსენეთ.”

ფილიპ გორდონი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ეუთოსა და გაეროს მისიების გაუქმებამ საერთაშორისო თანამეგობრობას პრაქტიკულად დააკარგვინა ყველანაირი კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ როცა ევროპელი მეთვალყურეები სრულად ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოს დარჩენილ ნაწილში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 მაისის ფაქტს უწოდებს ”საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებას” და ”გაუმართლებელ სისასტიკეს, რომელიც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე.” ოფიციალურ ვებგვერდზე 18 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიასთან მომხდარ ინციდენტს.

მართალია, სიტყვა ”ოკუპაცია” არ უხსენებია, მაგრამ რუსეთის არმიის ყოფნის გამო საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ევროპარლმენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა 19 მაისს, თბილისში სტუმრობის დროს. აქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

იეჟი ბუზეკის თქმით, ”მისალოცია” ის, რასაც საქართველომ ბოლო წლებში რეფორმების განხორციელების შედეგად მიაღწია. თუმცა მან იქვე დაასახელა ძირითადი სფეროები, სადაც მეტის გაკეთებაა საჭირო, რათა გაღრმავდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის:

”იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, აუცილებელია განხორციელდეს რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, მედიაპლურალიზმი და თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს არის აუცილებელი.”

19 მაისს, გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო "დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში”, იეჟი ბუზეკი თბილისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

და მიმოხილვის ბოლოს მიმდინარე კვირის კიდევ ერთი გამოკვეთილი მოვლენა გავიხსენოთ.

95 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დაამტკიცა 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ. გავიხსენოთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართა.

ჩერქეზი თამარა ბარსეკი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების მოსასმენად საგანგებოდ ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან:

”დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი იშლება. ჩვენ ახლა საბოლოოდ უნდა შევძლოთ ნაბიჯების წინ გადადგმა, მე ასე მგონია.”

20 მაისს მიღებულ რეზოლუციას საფუძვლად დაედო ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მიერ მომზადებული დასკვნები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა, ჩერქეზთა გენოციდის შესახებ შექმნილი სამეცნიერო დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, მიიჩნევს, რომ საქართველო ამ ნაბიჯით ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს და მიაგებს პატივს ”მილიონობით დაზარალებული და ასეულობით მოკლული ჩერქეზის ხსოვნას.”

ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას რეგიონალური მასშტაბის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამ ნაბიჯის გამოკვეთილ უარყოფით მხარეზეც ლაპარაკობს:

”ამას ყველაფერს უზარმაზარი მინუსიც აქვს. არა მხოლოდ ის, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა აღაშფოთოს რუსეთი. საქმე ის არის, რომ სხვა ხალხებიც არიან ანალოგიურ მდგომარეობაში და, პირველ რიგში, ესენი არიან ჩვენი მეზობელი სომხები. და სომხების გენოციდის აღიარება, ეს ნიშნავს გეოპოლიტიკური სურათის შეცვლას საქართველოში. ეს ნიშნავს აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაპირისპირებას.”

თუმცა სომეხთა გენოციდის აღიარება საქართველოს უახლოეს გეგმებში არ შედის. და ხომ არ შექმნის ასეთი განსხვავებული მიდგომები უსამართლობის განცდას მეზობელ სომხებში? - შეკითხვას სვამს ქართული დასის ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა 20 მაისის კენჭისყრაში.

სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებული თავშეკავების მიზეზის ახსნას 20 მაისს ნუგზარ წიკლაური შეეცადა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით,
ამ ეტაპზე სომხეთსა და თურქეთს შორის ”კარგი ურთიერთობების დასაწყისი არსებობს” და, შესაბამისად, ”საქართველოს ჩარევა აღნიშნულ საკითხში ამ ურთიერთობებს დააზარალებს.”
XS
SM
MD
LG