Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ლეჟავას «უხურდავებელი მონეტა»


„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ზურაბ ლეჟავას კიდევ ერთი მოთხრობების კრებული გამოსცა.

ზურაბ ლეჟავასთვის გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ჯერ იყო და მისი მოთხრობების თითქმის სრული კრებული გამოვიდა, „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“, სადაც მისი მცირე რომანიც იყო დაბეჭდილი, და წლის ბოლოს კი მისი მოთხრობა „მაცივარი სექსისა წილ“ ამერიკაში გამოცემული „საუკეთესო ევროპული მოთხრობის ანთოლოგიაში“ დაიბეჭდა. ცოტა ხნის წინ ზურაბ ლეჟავა ერთ-ერთ ტელეარხზეც გამოჩნდა, იქ რაღაც განცხადებებიც გააკეთა, რომელიც ბევრს არ მოეწონა, ზოგი კი, პირიქით, გამოექომაგა მწერალს. ჟურნალ “ლიბერალის” საიტზე ამ თემის გაბლოგებამ პოლემიკის სახეც მიიღო, რომელშიც მერაბ მეტრეველი, დავით ქართველიშვილი და ნინო ბექიშვილი მონაწილეობდნენ.
ეს ყველაფერი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ხდებოდა. პოლემიკა თქვენ თავად შეგიძლიათ მოიკითხოთ “ლიბერალის” საიტზე, ზურაბ ლეჟავას ვიდეოსაც იპოვით სადმე. ვინ იცის, იქნებ მოთვინიერებულ მწერლობაზე ცალკე გადაცემის გაკეთებაც ღირდეს, განსაკუთრებით თუკი ბოლოდროინდელ ვნებათაღელვებს გავიხსენებთ თანამედროვე ქართველ მწერლებთან დაკავშირებით... ამჯერად კი ზურაბ ლეჟავას ბოლო წიგნს - “უხურდავებელ მონეტას” - დავუბრუნდები, რომლის შესახებაც დავით ქართველიშვილი საუბრობს:
„საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ, პირველ რიგში, მე ამ რაღაც ზურაბ ლეჟავასთან დაკავშირებულ საერთო აღფრთოვანებას არ ვიზიარებ და მაქვს ამაზე ჩემი მიზეზები და კარგი იქნება, თუკი გამოვიყენებთ ძველი შედარების მეთოდს, კიტა აბაშიძის მეთოდს რომ ეძახიან ქართულ კრიტიკაში, ოღონდ გამოვიყენებთ პირიქით, არა მსგავს მწერლებზე, არამედ განსხვავებულ მწერლებზე და ზურაბ ლეჟავას მის სეხნია ზურაბ ქარუმიძეს ამოვუყენებთ გვერდში და აქ თვალნათელი ხდება ამ შედარების მეთოდით, რომ ერთის, ანუ ლეჟავას, შემოქმედება ძალიან თვითდინებაზე მიშვებულია სტილურად, ლიტერატურულად, გნებავთ, ფორმალურად, ხოლო ქარუმიძის შემოქმედება, ჩემი აზრით, პირიქით, ზედმეტად დაყრდნობილია ამ ლიტერატურულ-კულტურულ გამოცდილებებზე და ა.შ.“
ზურას გასულ წელს გამოცემული კრებული ჩვენ უკვე ვახსენეთ. სწორედ იქ არის შესული მისი მცირე რომანი, რომელიც, ბევრის აზრით, საუკეთესოა ზურაბ ლეჟავას შემოქმედებაში:
„საერთოდ, ჩემთვის მაინც ზურა ლეჟავას ყველაზე მთავარი თხზულება არის “იყიდეთ ჩვენი სულები”, სადაც ყველაზე კარგად გამოჩნდა, როგორი მწერალია, რა სათქმელი აქვს... ანუ ლეჟავა, ჩემი აზრით, არის სათქმელის მწერალი, ოღონდ ამ სათქმელში არ იგულისხმება ამბის მოყოლა, იგი არაა მხოლოდ ამბის მწერალი. აქ შეიძლება კლასიკური პრინციპიც გავიხსენოთ, რომ მწერლობა არა მხოლოდ ამბის მოყოლა და კონკრეტული ფაქტის აღწერაა, არამედ რაღაც განაჩენის გამოტანაც, ანუ ლეჟავას შემოქმედებაში ეს განაჩენი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თავისთავად ეს განაჩენის მომენტი ლეჟავას შემოქმედებაში ყველაზე მკაფიოდ ჩანს რომანში ‘იყიდეთ ჩვენი სულები’. ”
ამ კრებულში მწერლის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი 5 მოთხრობაა დაბეჭდილი. მთავარი, რა თქმა უნდა, “უხურდავებელი მონეტაა”, რომელიც გასულ წელს დავბეჭდე “ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში”, ლეჟავას ბოლო, ძალიან სასაცილო მოთხრობა, რომლის მთავარი გმირებიც ივა კუზანოვის, ერთგვარი თანამედროვე დოქტორ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი არსებები არიან _ ტასოდ გადაკეთებული ვასო და მორჩენილი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გროვისგან ხელახლა შექმნილი “კაი ყმა”, რომელსაც ისევ ვასოს უწოდებს სახელად.
მოთხრობაში განვითარებულ მოვლენებში ძალიან აქტიურადაა ჩართული შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, ლეჟავას ძველი მოთხრობებიდან გადმოსული პერსონაჟი, მამა ოლიმპიოზი, ვისი პროტოტიპიც სახელოვანი მამა ბასილია, სხვადასხვა ჯურის უწმინდური მაჯლაჯუნები, ქართველი ძალოვანები, მათ შორის ქართულ საპოლიციო ფორმებში გამოწყობილი სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიციელები, რომლებიც ქამანჩაზე და თარზე უკრავენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, შოუბიზნესის ვარსკვლავები, მაგ. ქორეოგრაფი, ვინმე ჯამლეტ წოწკოლაური და მრავალი სხვ.
გარდა ამისა, კრებულში შესულია შედარებით ძველი მოთხრობებიც, ერთგული მკითხველისთვის კარგად ნაცნობი “პონი” და “დიდი შავი კატა”, მოთხრობები, რომლებიც სულ სხვანაირ ზურაბ ლეჟავას წარმოგვიდგენენ:
“ეს არ არის კონცეპტუალური კრებული, მე ზურაბ ლეჟავასგან არც ველოდი კონცეპტუალურ კრებულს. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, შემთხვევითი მოთხრობებით შედგენილი კრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხრობა ჩემთვის მაინც “უხურდავებელი მონეტაა”, სადაც ის ყველაზე მეტად უბრუნდება თავის თავს - თავის თავში კი ვგულისხმობ მოთხრობას “იყიდეთ ჩვენი სულები” - და აღწერს ყოფას, ოღონდ ეს ყოფა შეიძლება დავუკავშიროთ არა სარაინდო რომანის ტრადიციას, არამედ უფრო თაღლითური, პიკარესკული რომანის ტრადიციას, სადაც მთელი მოქმედება და სამყარო არის პროლეტარიატი, სიღარიბე, გარეუბნები, ერთი სიტყვით, ფსკერი... და ის, თუ ამ ფსკერში გარკვეული ფილოსოფიური თუ საზოგადოებრივი იდეალების დეგრადაცია როგორ და რანაირად ხდება.”
რაც მთავარია, ზურაბ ლეჟავა სტილურად განსხვავდება ყველა თანამედროვე მწერლისგან. იგი ზოგჯერ შეიძლება დიდ ყურადღებას არ აქცევდეს წინადადება გამართულია თუ არა, სამაგიეროდ ხასიათდება რამდენიმე ისეთი ნიშნით, რომელიც აქამდე უცხო იყო ჩვენი მწერლობისთვის. მაგალითად, ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მწერალმა და ჟურნალისტმა პირად საუბარში ყველაზე მეტად იუმორი და სატირა შეუქო ზურაბ ლეჟავას და ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა იმაზე, რომ მწერალი იყენებს ქართული ლიტერატურისთვის იშვიათ მხატვრულ ხერხს - ბუფონადას. გარდა ამისა, აქვს პუბლიცისტურ-რეალისტური პასაჟებიც, რომელიც ბუფონადაში გადადის. სტილზე დავით ქართველიშვილმაც ისაუბრა, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ზურაბ ლეჟავას წერის მანერა გარკვეული ინტელექტუალური ტრადიციით უნდა კონტროლდებოდეს:
“ამ მწერლის მთავარი ნიშანი, მაინც არის, ჩემი აზრით, თვითდინებაზე მიშვებული სტილი, იმიტომ რომ თემატურად შეიძლება ზურაბ ლეჟავა შეიცვალოს, მაგრამ სტილურად ის არ იცვლება. ანუ ენისადმი და ნაწარმოების სტრუქტურის აგებისადმი მიდგომაში ლეჟავა არ იცვლება. გნებავთ, დავარქვათ ამას, რომ იგი ძალიან ენდობა თავის ნიჭს, თავის შინაგან ხმას, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს თვითდინება თუ კონტროლირებადი გახდება გარკვეული ინტელექტუალური ტრადიციით, ოღონდ ისე ჭარბად არა, როგორც ზურაბ ქარუმიძესთანაა ეს, გაცილებით საინტერესო მწერალს მივიღებთ, ჩემი აზრით.”
ჩემი აზრით კი, ზურაბ ლეჟავა მანამ იქნება საინტერესო, სანამ იგი, მისი აზრები, ნაწერი და სტილი უკონტროლო იქნება. მისი ნაწერების მარილი ჯერჯერობით სწორედ ამ დამაბნევლად არათანაბარ სტილშია. ხოლო რაც შეეხება მის საჯარო გამოსვლებს, კონტროლირებულს თუ კონფორმისტულს, ეს ცალკე საუბრის თემაა და მას ცოტა რამ აქვს საერთო ზურაბ ლეჟავას მხიარულ, მახვილგონივრულ და, იმავდროულად, მწარე სიმართლით აღსავსე სამყაროსთან.
XS
SM
MD
LG