Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას თავშეკავებისაკენ მოუწოდებს


"ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა, უპერსპექტივობა და მძიმე სოციალური ფონი აიძულებს ადამიანებს გამოვიდნენ ქუჩაში და პროტესტი გამოთქვან არსებული მდგომარეობის გამო. პროვოკაციების მოწყობით და ძალადობით ამ პროტესტთან დაპირისპირების გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, კიდევ უფრო მეტ აგრესიას იწვევს ქვეყანაში და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას ქმნის", - აღნიშნულია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში. ოპოზიციური პარტია, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას აღლუმის ჩატარებაზე უარის თქმას ურჩევს. "ახალი მემრჯვენეები" გუშინ საღამოს და დღეს თბილისსა და ბათუმში მომხდარი პროვოკაციების და დაპირისპირების გამო მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრება, მათი გატაცება და სხვა სახის ძალადობრივი ქმედებები, თავი დაანებონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას და მისცენ ადამიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ფეთქებადსაშიშად მიიჩნევენ „ქრისტიან-დემოკრატები"და მხარეებს ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებენ. როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილით განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება. მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ისინი გმობენ ძალადობას ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის და მოუწოდებენ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ დაიცვან მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და მანიფესტანტების უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამასთან, ქრისტიან დემოკრატები მიიჩნევენ, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება სარისკო და სახიფათო იქნება. "დღეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაფიქრდეს 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე და საზოგადოებას გადაწყვეტილება ოპერატიულად აცნობოს", – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG