Accessibility links

logo-print
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ მიმდინარე „სახალხო კრების“ აქციას ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი - კერძოდ, რესპუბლიკური პარტია და ”თავისუფალი დემოკრატები” - წერილობით გუშინ, 22 მაისს, გამოეხმაურა. ოპოზიცია მოვლენათა შეფასებას არ ჩქარობს. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, რა მოსაზრებით იკავებენ სხვადასხვა ოპოზიციური ძალები შეფასებებისგან თავს და, საერთოდ, რა დამოკიდებულება აქვთ თბილისში მიმდინარე აქციის მიმართ, მისი დაწყებიდან მესამე დღეს.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ოპოზიციური „რვიანის“ წევრია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს ვითარების შეცვლას, გუშინ, 22 მაისს, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია:
პროვოკატორი არის საქართველოს ხელისუფლება. სპეციალურად აპატიმრებენ ამდენ ადამიანს, „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს. ცდილობენ, რომ მთელ ოპოზიციას ერთად მოუყარონ თავი...

”აშკარაა, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ ”სახალხო კრების” აქციები უკვე მიიჩნია წარუმატებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს პროცესში სხვა ოპოზიციური ძალების ჩართვას. მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და პოლიტიკურ ძალებს, არ აჰყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას და არ ჩაერთონ ძალადობის ესკალაციაში, რაც ქვეყნისთვის სავალალო შედეგით დასრულდება.”

ამ განცხადებიდან გამომდინარე, რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი პოზიცია გაახმაურა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტიის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა განცხადების ეს ნაწილი შემდეგნაირად განავრცო:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროვოკატორი არის საქართველოს ხელისუფლება. სპეციალურად აპატიმრებენ ამდენ ადამიანს, „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს. ცდილობენ, რომ მთელ ოპოზიციას ერთად მოუყარონ თავი და ამით დაასრულონ საქართველოში დემოკრატიაზე ლაპარაკი. გასაგებია ხელისუფლების სურვილი, მაგრამ ჩვენი სურვილი არ არის საქართველოში დემოკრატია დამთავრდეს.”

ლევან ბერძენიშვილის, როგორც თავად შენიშნა, პირადი აზრით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ბოლომდე გაკოტრებული არ არის და, შესაბამისად, არც რევოლუციური მუხტია მის წინააღმდეგ ქვეყანაში მომწიფებული. სწორედ ამის გამო რესპუბლიკური პარტია საარჩევნო გარემოს შეცვლის კონსტრუქციულ გზას ირჩევს. რაც შეეხება პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, ის ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს და საკუთარი წარუმატებლობის გამო დაგროვილი აგრესია ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ არ მიმართოს. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა გვითხრა, რომ მისი პარტია ამ ეტაპზე სხვა განმარტებების მიცემას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ზვიად ძიძიგურმა კი - ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კონსერვატორების ლიდერმა - ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, აქციების ფონზე, ფეთქებადსაშიში უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლებისთვის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყება იქნებოდა.
ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას - მათ შორის, რადიკალურს - კონსულტაციები უნდა შესთავაზოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით:
არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეული კაცი, ასე თუ ისე კოორდინირებული რუსეთთან, იყოს ბევრ რამეზე წამსვლელი...

”მე მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო სასწრაფოდ დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოქრუაშვილიც, ბურჯანაძეც, გაჩეჩილაძეც და ა.შ. ასეთი პოლიტიკური დათმობის გარეშე შეუძლებელია პოლიტიკური ვითარება დარეგულირდეს, დაწყნარდეს და ქვეყანამ სტაბილური განვითარება შეძლოს”,- განაცხდა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით არარელევანტური იქნება, თუმცა, როგორც მთავრობის წევრი, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველო აღიარებს შეკრების თავისუფლებას და ”სახელმწიფოს მხრიდანაც ამას სათანადო ხელშეწყობა აქვს, როგორც ეს უნდა იყოს". სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა ქცევაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ხელისუფლება რაიმე სახის ძალისხმევას არ გეგმავს, რადგან, აქციიდან გამომდინარე, მასშტაბური რისკები არ არსებობსო:

”მასშტაბური რისკი აბსოლუტურად არ არსებობს, არ არის ამის სისტემური, საზოგადოებრივი, მენტალური ნიადაგი. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეული კაცი, ასე თუ ისე კოორდინირებული რუსეთთან, იყოს ბევრ რამეზე წამსვლელი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება უსიამოვნო, მაგრამ ასეთი რისკებისათვის ნებისმიერი სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი სტრუქტურა მზად არის.”

დავით დარჩიაშვილმა ლოგიკური უწოდა იმ ოპოზიციური პარტიების ქცევას, რომლებიც „სახალხო კრების“ აქციას არ უერთდებიან და თქვა, რომ ეს პრაგმატული მოსაზრებებითაა განპირობებული, რაშიც იმას გულისხმობს, რომ ქვეყნის მომავალი არჩევნებმა უნდა განსაზღვროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG