Accessibility links

logo-print
მეთორმეტეკლასელთა პირველი საატესტატო გამოცდა დღეს საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ტარდება. მოსწავლეები ინტერნეტთან მიერთებულ იდენტურ ნოუტბუკებთან მუშაობენ. გამოსაშვები გამოცდა 8 საგანში ბარდება. პირველი მათგანი ქართული ენა და ლიტერატურაა.

პირველი საატესტატო გამოცდები საქართველოში 23 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, მეთორმეტეკლასელებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ტარდება.
ყველაფერი კარგად წარიმართა. ის, რაც ძალიან ელემენტარული ხარვეზი იყო, შეეხებოდა რამდენიმე სკოლაში ინტერნეტის სიჩქარეს, ნოუტბუკის მწყობრიდან გამოსვლას...

”გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებიან მეთვალყურეები. ახლა, ამ წუთისთვის, დაახლოებით 3000 კაცი არის ჩართული ამ გამოცდების ჩატარებაში. ეს არიან აიტი სპეციალისტები, ეს არიან მეთვალყურეები. პროცესი იწერება ვიდეო და აუდიო აპარატურის მეშვეობით და ჩვენ ონლაინ რეჟიმში გვაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ სკოლაში შევამოწმოთ, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი”, განუცხადა მედიასაშუალებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც იმედოვნებს, რომ მოსწავლეები წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რომელიც ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

საგამოცდო ბარიერი რვავე საგანში ჩაბარებული გამოცდების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გვითხრა, იმის გათვალისწინებით, რომ გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში პირველად ტარდება და მოსწავლეთა ნაწილი გარკვეულ საგნებს წლების განმავლობაში არ სწავლობდა, ბარიერი იქნება მინიმალური, რათა სკოლის დამთავრება მოსწავლეთა მაქსიმალურმა უმრავლესობამ შეძლოს. მოსწავლე, რომელმაც გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, სკოლის დამამთავრებელ ატესტატს ვერ იღებს და, შესაბამისად, მიმდინარე წელს ვერც ეროვნულ გამოცდებში ღებულობს მონაწილეობას.
რაც შეეხება საატესტო გამოცდების ტექნიკურ მხარეს, მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ პირველი გამოცდა სერიოზული ტექნიკური ხარვეზების გარეშე ჩატარდა:

”ყველაფერი კარგად წარიმართა. ის, რაც ძალიან ელემენტარული ხარვეზი იყო, შეეხებოდა რამდენიმე სკოლაში ინტერნეტის სიჩქარეს, ნოუტბუკის მწყობრიდან გამოსვლას, ეს იყო სრულიად მიზერი და აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავტომატურად გამოსწორდა ძალიან მოკლე ვადაში და პრობლემა არ შეჰქმნია არავის. ასე რომ, ყველაფერი კარგად წავიდა და ღმერთმა ქნას, ასე დასრულდეს ბოლომდე.”
ძალიან სწრაფად გამოდიან გამოცდიდან, როგორც ჩანს, კარგად მოემზადნენ ამ გამოცდებისთვის, პასუხისმგებლობა იყო საკმაოდ მაღალი, ჩვენი დამკვირვებლებიც გაკვირვებულები არიან...

საატესტატო გამოცდები სკოლებში ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში ტარდება. ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებშია, თითოეულ საგანს ერთი დღე ეთმობა და მას ყველა მეთორმეტეკლასელი თავის სკოლაში, რამდენიმე სესიის განმავლობაში აბარებს. პროგრამა მოსწავლის ცოდნას ინდივუდუალურად აფასებს, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო საათი და 40 წუთია.

”იყო რთული კითხვები, იყო იოლი კითხვებიც და გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გადაგველახა ბარიერი. ჯერჯერობით არ ვიცით, საერთო შეჯამება რა იქნება, მაგრამ გამოსული ბავშვებისგან ვიგებთ, რომ ქულები მაღალია და კარგად ჩაიარა დღევანდელმა გამოცდებმა.”

” ჩავაბარე, ნორმალური სირთულის იყო და ახლა შემდეგ გამოცდას ველოდები.”

უთხრეს მეთორმეტეკლასელებმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს. სამწუხაროდ, რადიო თავისუფლებას იმავე ”51-ე სკოლაში” შესვლისა და კომენტარების ადგილზე ჩაწერის საშუალება არ მიეცა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების მეორე დღე უცხო ენას დაეთმობა, შემდეგ დღეებში რიგითობით მოდის ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა.

გამოსაშვები გამოცდების დანიშვნას 2010 წლის შემოდგომაზე მოსწავლეთა საპროტესტო აქციებიც კი მოჰყვა. მოსწავლეთა ქუჩაში გამოსვლის მთავარი მიზეზი საგამოცდო დისციპლინებში საბუნებისმეტყველო საგნების ჩართვა იყო. აქციის მონაწილე მოსწავლეები მაშინ განმარტავდნენ, რომ ამ საგნების დაუფლება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, პილოტური სწავლების პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასეთ ფონზე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი, გია მურღულია ფიქრობს, რომ მოსალოდნელია, მოსწავლეებმა უფრო დაბალი შედეგი სწორედ საბუნებისმეტყველო საგნებში აჩვენონ. გია მურღულია კმაყოფილია, რომ 24-ე სკოლაში პირველ გამოცდას კურსდამთავრებულებმა თავი წარმატებით გაართვეს:

”ძალიან სწრაფად გამოდიან გამოცდიდან, როგორც ჩანს, კარგად მოემზადნენ ამ გამოცდებისთვის, პასუხისმგებლობა იყო საკმაოდ მაღალი, ჩვენი დამკვირვებლებიც გაკვირვებულები არიან, იმდენად სწრაფად ახერხებენ ამ გამოცდის ჩაბარებას. დღეს პირველი გამოცდა იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ლამის 7 ქულაზე დაბალი შეფასება არც ერთს არ მიუღია. ჯერ, მართალია, არ დასრულებულა გამოცდა, ბოლო ნაკადი კიდევ უნდა შევიდეს, მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ კარგი შედეგებია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG