Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირი სირიისა და ირანის მიმართ სანქციებს აფართოებს


Belgium -- EU flags fly at the European Commission headquarters in Brussels, 09May2011

Belgium -- EU flags fly at the European Commission headquarters in Brussels, 09May2011

ევროკავშირმა სირიის მმართველს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სანქციები დაუწესა ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლში ჩახშობის გამო. ამასთან, ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ირანისთვის სანქციების გამკაცრებაზე, თეირანის ბირთვული პროგრამის გამო.

პრეზიდენტ ალ-ასადის გარდა, სირიის მთავრობის წევრები, მისი ცხრა ახლო მოკავშირე გახდა ამ სანქციების სამიზნე. გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღეს ბრიუსელში. ორი კვირის წინ ამ ქვეყნის მთავრობის 13 სხვა წევრს გაუყინეს ანგარიშები და შეუზღუდეს ევროკავშირში მოგზაურობა. მაშინ სირიის პრეზიდენტი დაინდეს, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი - კვიპროსი, საბერძნეთი და გერმანია - თვლიდა, რომ ასეთი ნაბიჯი ალ-ასადს უფრო გაამწარებდა და შესაძლებელი ცვლილებების განხორციელებას კიდევ უფრო გააძნელებდა. ახლა გადაწყვეტილება მიღებულია, ყველა ქვეყანა მიემხრო პრეზიდენტის მიმართ სანქციებს, ისეთს, როგორიც მანამდე აშშ-მა გამოუცხადა სირიის მმართველებს. უფლებადამცავების თანახმად, მას მერე, რაც დახლოებით ორი თვის წინ სირიაში გამოსვლები დაიწყო, ამ ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ძალადობის დროს 850 ადამიანი დაიღუპა.
ეს არის იარაღი, რომელიც ხელთ გვაქვს, რომელსაც ვიყენებთ და რომელსაც მუდმივად ვამკაცრებთ. აქვს ამას ეფექტი? ამის იმედი გვაქვს...

მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და პრეზიდენტმა ანგარიში გაუწიოს ქვეყანაში გამოსვლებს. ასადს მოუწოდებენ აგრეთვე ეროვნული დიალოგისკენ, ასევე იქითკენ, რომ დათქვას ვადები რეფორმებისთვის.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ სანქციები მკაცრი მესიჯია რეჟიმისთვის, რათა დაინახოს, რომ ის იზოლაციაში ექცევა.

თუმცა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, ეჭვი გამოთქვა, რომ მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა და ანგარიშების გაყინვა ეფექტიანი იქნება:

„რთული შეკითხვაა, - ეს არის იარაღი, რომელიც ხელთ გვაქვს, რომელსაც ვიყენებთ და რომელსაც მუდმივად ვამკაცრებთ. აქვს ამას ეფექტი? ამის იმედი გვაქვს, მაგრამ, ამასთან, ეს ერთადერთი იარაღია, რაც გაგვაჩნია.“

ბრიუსელში შეთანხმდნენ ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოების შესახებ. ევროკავშირის ემბარგო ახლა გავრცელდება ირანის კიდევ ას კომპანიაზე. ამას დაემატება ხუთი პიროვნების გვარი, შეტანილი იმ ადამიანების სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ მოგზაურობა და გაუყინეს საბანკო ანგარიშები. ეს პიროვნებები ხსენებულ ას ფირმასთან არიან დაკავშირებული. სანქციების გამკაცრების მიზეზი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების საქმეში სტაგნაციაა, რადგან თეირანი უარსაა შეაჩეროს თავისი ბირთვული საქმიანობა. ევროკავშირი შეთანხმდა იმაზეც, რომ გაუმკაცროს სანქციები ბელორუსიას. 170 კაციან სიას, რომელშიც პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოცაა შეყვანილი, დაემატა კიდევ 13 პირის გვარი. მათ გაუყინეს ანგარიშები და შეუზღუდეს მოგზაურობა ევროკავშირში. სანქციების გაფართოება მოჰყვა ბელორუსიაში ოპოზიციის წარმომადგენლების გასამართლებას.
XS
SM
MD
LG