Accessibility links

„სახალხო კრების“ გეგმებში არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ 25 მაისს თბილისში აღარ ჩამოდის ”ქართული პარტიის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და რომ აღარ შედგება ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია. ნინო ბურჯანაძის ლიდერობით მოქმედი ”სახალხო კრება” კვლავინდებურად აპირებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას 26 მაისის აღლუმი არ ჩაატარებინოს. რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ”სახალხო კრებასა” და ”ქართულ პარტიას” შორის და რა ხდება ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის რიგებში?

შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ პარტიასა“ და „სახალხო კრებას“ შორის ვერშემდგარმა ერთობამ 24 მაისს მწვავე დაპირისპირების სახე მიიღო. მიტინგზე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან 15 საათზე დაიწყო, ”სახალხო კრების” ერთ-ერთმა ყველაზე გამოკვეთილმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „ქართული პარტიის“ ორი ლიდერი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა:

ნინო ბურჯანაძე
”განსაკუთრებით ბატონ კიწმარიშვილზე და ბატონ ოქრუაშვილზე გავაკეთებ განცხადებას (და რატომ არის ბატონი სოზარ სუბარი ამ გაუგებრობაში მოხვედრილი, ეს თავად გადაწყვიტოს და თქვენთვის მომინდია ეს შეფასება...), სამწუხაროდ, დიახ, დადასტურდა, რომ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. მე მრცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად. ბოლო-ბოლო, კაცი თავდაცვის მინისტრი იყო და თავდაცვის მინისტრი ერქვა... რა უნდა გაგიჭირდეს ამის ფასი, რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო და შენი მშიშრობა და ლაჩრობა ქალს გადააბრალო, მაშინ როცა იცი, რომ არც აპირებდი ჩამოსვლას, არც ფიქრობდი იმ კომფორტული ადგილიდან ფეხის მოცვლას.”

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რომ აღარ ჩამოვიდოდა და 25 მაისისთვის ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი საპროტესტო აქციაც რომ აღარ გაიმართებოდა, „ქართული პარტიის“ ლიდერებმა სუბარმა და კიწმარიშვილმა სამშაბათ დილით გამოაცხადეს. ითქვა, რომ პარიზიდან დაბრუნება „ქართულმა პარტიამ“ ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად გადააფიქრებინა.

აქვე გავიხსენოთ, რომ „ქართულმა პარტიამ“ ხალხი ავლაბრის მოედანზე მიიწვია 22 მაისს, როდესაც ამ პარტიის ლიდერები წარსული წყენის დავიწყებისა და ერთობლივი ბრძოლის შეთავაზებით მივიდნენ „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე. თუმცა იმ დღის შემდეგ, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, „ქართულმა პარტიამ“ არაერთხელ სცადა პოზიციების შეჯერება ნინო ბურჯანაძესთან, მაგრამ უშედეგოდ:

”გუშინ ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს „სახალხო კრება“ სხვა ადგილას, თავისუფლების მოედანზე, გამართავს აქციას. ამასთან, როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ისევე „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ აქვთ გარკვეული ეჭვები ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გამო მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ და ამიტომ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება - გავაუქმეთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია და, შესაბამისად, „სახალხო კრებას“ და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში...”
რამდენჯერაც წავიქცევით, ერთმანეთი ავაყენოთ... ვინ რა მესიჯს გამოუშვებს - ეგ მეორეხარისხოვანია... აქა ვარ და ვიტრიალებ...

”ქართულ პარტიასთან” შეუთანხმებლობის ძირითად მიზეზად ნინო ბურჯანაძემ დაასახელა ის ფაქტი, რომ „სახალხო კრებამ“ ვერ მიიღო ინფორმაცია ირაკლი ოქრუაშვილის გეგმებთან დაკავშირებით. თუკი ოქრუაშვილი აპირებდა არაკონსტიტუციური მეთოდებით მოქმედებას და ძალადობასაც არ დაერიდებოდა, მაშინ „სახალხო კრება“ ასეთ სცენარს ვერ გაიზიარებდა.

ბურჯანაძის მსგავსად, 24 მაისის მიტინგზე ოქრუაშვილი და კიწმარიშვილი სახელისუფლებო ფიგურებად დაასახელა ”სახალხო კრების” თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმაც. თუმცა მისი კრიტიკა განსაკუთრებით მძაფრი იყო ოქრუაშვილის მისამართით. „სახალხო კრების“ თავმჯდომარე ხელისუფლების სცენარში რუსული კვალის თემას გამოყოფს:

”როგორმე უნდოდათ დაკავშირება „სახალხო კრებისა“ ოქრუაშვილთან, რომ შეტევა რუსულ ხაზზე გაგრძელებულიყო. აი, ეს არ გამოუვიდათ...”

ნონა გაფრინდაშვილმა ერთგვარად ცალკე გამოყო „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე და გამოთქვა იმედი, რომ გაჩეჩილაძე მივიდოდა „სახალხო კრების“ აქციაზე. ეს მოლოდინი მართლაც გამართლდა და დაახლოებით 6 საათზე აქციაზე გამოჩნდა „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე და მისი ძმა, მომღერალი გია გაჩეჩილაძე. სახალხო კრების აქციაზე ასევე მივიდა „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი კოკა გუნცაძე.

ლევან გაჩეჩილაძე და ”ქართული პარტიის” სხვა ლიდერები
”მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ახლა, ამწუთში, ორგანიზატორი, არ მიძლებს გული, რომ ვიჯდე სახლში და თქვენთან არ ვიყო... ”, - მიმართა ლევან გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს და იქვე დასძინა, რომ ”ეჭვიანობა კლავს საქმეს”. გაჩეჩილაძემ, აპლოდისმენტების ფონზე, აქციის მონაწილეებს სიმხნევისკენ, შიშის დაძლევისკენ და ერთად დგომისკენ მოუწოდა:

”საქართველო დგას ჩვენს უკან - აი, ეს არის მთავარი სათქმელი... რამდენჯერაც წავიქცევით, ერთმანეთი ავაყენოთ... ვინ რა მესიჯს გამოუშვებს - ეგ მეორეხარისხოვანია... აქა ვარ და ვიტრიალებ, ხან წინ ვიქნები და ხან უკან; გავალ, შემოვალ... ასე იქნება ჩემი ამბავი, რა... ”

ლევან გაჩეჩილაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რამდენად იზიარებს „ქართული პარტიის“ ბოლო გადაწყვეტილებებს. ისე კი, „ქართულმა პარტიამ“ „სახალხო კრების“ აქციებზე დასწრების სრული უფლება მისცა ყველა მის წევრს და ეს ხაზგასმით აღნიშნეს სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება „სახალხო კრებას“, ის 25 მაისის აქციისთვის ემზადება. გეგმის მიხდვით, აქციის მონაწილეები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან 12 საათზე თავისუფლების მოედნისკენ დაიძრებიან, სადაც 3 საათზე აქცია უნდა გაიმართოს.

ნინო ბურჯანაძეს და „სახალხო კრების“ სხვა ლიდერებს აქვთ იმედი, რომ, ხელისუფლების მუქარისა და დევნის მიუხედავად და ასევე მიუხედავად იმისა, რომ „ქართული პარტიის“ 24 მაისის გადაწყვეტილებამ საპროტესტო მუხტს საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა, ხალხი მაინც გამოვა 25 მაისის საპროტესტო აქციაზე. აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები აპირებენ, რომ ხელი შეუშალონ ხელისუფლებას 26 მაისის აღლუმის ჩატარებაში. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ თქვა 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე, აღლუმი რუსთაველის გამზირზე აუცილებლად ჩატარდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG