Accessibility links

logo-print

ავღანეთში გზის ათი მუშა დაიღუპა


სულ მცირე ათი მუშა დაიღუპა და 29 დაიჭრა გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ავღანეთის სამხრეთში. თავდასხმა მოხდა ყანდაარის პროვინციაში, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის წარმოშობის და, შესაბამისად, ყველაზე უფრო სისხლისმღვრელი იერიშების ადგილია. აფეთქება წინ უძღოდა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტს ქაბულში. ნატოს გენერალურმა მდივნმა მოუწოდა თალიბანს, დადონ იარაღი და შემოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. „ავღანეთის მტრებისადმი ჩემი მესიჯი მკაფიოა: თუ თქვენ განაგრძობთ ძალადობის გზაზე სიარულს, თქვენ ვერავითარ გამარჯვებას ვერ მოიპოვებთ, გარდა დამარცხებისა. ახლა ის დროა, რომ იაროთ მშვიდობის გზით, გაწყვიტოთ კავშირები ალ-ყაიდასთან, შეწყვიტოთ ძალადობა და შეასრულოთ ავღანეთის კონსტიტუციის მოთხოვნები.“ რასმუსენის თქმით, გარდამავალი გეგმის თანახმად, ივლისისათვის ქვეყნის 34 პროვინციიდან 7-ზე პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცემათ. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, გაუმჯობესდა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების რაოდენობაც (290 000 კაცი) და მომზადების ხარისხიც.
XS
SM
MD
LG